სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    07.11.2019

     საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ ახალგორის რაიონის ოზილირება გამოიწვია, რამაც ადგილობრივებს მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა. უკვე ორ თვეზე მეტია, რაც „გასასვლელი" ჩაკეტილია და ფაქტია, ეს ადგილობრივთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე მძიმედ მოქმედებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას ვერ უწევენ, რის გამოც, ბოლო პერიოდში რამდენიმე შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდა.

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გამოსავალს სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგში ხედავს. მისი შეფასებით, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკა შეცვალოს და კრემლზე ზემოქმედებისთვის მეტი ბერკეტი გამოიყენოს.

    საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკეს კიდევ ერთი სიცოცხლე ემსხვერპლა; ახალგორში, 49 წლის ბესიკ ობესოვი არასათანადო მკურნალობის გამო ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, ის ახალგორში მეხანძრედ მუშობდა და 6 ნოემბერს შეუძლოდ გახდა. ჩაკეტილი საოკუპაციო ხაზის გამო, ის თბილისის კლინიკაში არ გადმოიყვანეს. დაღუპულის დედა წეროვანში იმყოფება, რომელმაც არ იცის შეუშვებენ თუ არა ოკუპანტები შვილის დაკრძალვაზე.

    რამდენიმე დღის წინ კი, ოკუპირებულ ახალგორში 60 წლის თამარ გიგაური შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა. მისი ახლობლები დაშავებულის თბილისში გადმოყვანას ითხოვდნენ, თუმცა, ახლობლებს პაციენტის თბილისში გადმოყვანის საშუალება არ მისცეს. დაშავებული ახლობლების სურვილის საწინააღმდეგოდ ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ, როგორც ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა გაცხადა, გიგაური სახლში ისე გაწერეს, რომ შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.

    გავიხსენოთ 29 ოქტომბერს მომხდარი ფატალური შემთხვევაც; ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო 70 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ოკუპირებულ ქალაქთან ახლოს, სოფელ იკოთში ცხოვრობდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ მარგარიტა მარტიაშვილი თბილისში მკურნალობის მიზნით ჩამოსვლის უფლებას ითხოვდა, თუმცა „გადასასვლელის" გახსნაზე უარი მიიღო. პაციენტი ცხინვალის საავადმყოფოში დაიღუპა.

    პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ასეთი გახშირებული შემთხვევები არასდროს ყოფილა და საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალოს.

    „ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც „სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო ხელისუფლება ახორციელებს - ჩაკეტა ყველა „გამშვები პუნქტი" და გამონაკლის შემთხვევებსაც კი არ უშვებს; ეს ანტიჰუმანურია და საერთოდ, ყოველგვარ ზღვარს სციდლება. ომის დროსაც კი ასეთი ფაქტები იშვიათობა იყო. რასაც დე-ფაქტო ხელისუფლება აკეთებს, სრულიად გაუგონარია.

    „ერთადერთი გავლენა შეიძლება მხოლოდ რუსეთისაგან ჰქონდეს. ამიტომ, საჭიროა ჟენევის ფორმატის გააქტიურება; ჟენევის თანათავმჯდომარეებმა საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთეს და „სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდეს, „გამშვები პუნქტების" გახსნისკენ.

    "საჭიროა მეტი მუშაობა სწორედ რუსეთთან ჟენევის ფორმატიდან გამომდინარე. რადგანაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აღდგა ზალკანიანი-ლავროვის დონეზე, საჭიროა ასეთი კრიტიკული მდგომარეობის გამოსწორება. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთზე მეტი ბერკეტი უნდა გამოიყენოს," - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

    ცნობისათვის, 6 ნოემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა საქართველოში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ყველა „გადასასვლელი პუნქტის" დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდეს.

    შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს დავით ზალკანიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა შედგა. ქართული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, ეს შეხვედრა დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციითა და შვეიცარიის შუამდგომლობით შედგა.

    ზაქარეიშვილის თქმით, უკვე 16 წელია რაც თბილისსა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს შორის ორმხრივი თანამშრომლობა არ არსებობს და აუცილებელია ეს ფორმატი აღდგეს;

    „ადრე, როდესაც „ქართული ოცნების" კოალიცია არსებობდა, პირდაპირი კონტაქტები თბილისსა და სოხუმს შორის, თბილისსა და ცხინვალს შორის არსებობდა. ასეთი ინციდენტები გამორიცხული იყო, რადგან უამრავი ფაქტი არსებობდა, როდესაც ორმხრივი თანამშრომლობის ფონზე, ავადმყოფები მაინც უსაფრთხოდ გადმოდიოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ 16 წლის შემდეგ, „ქართული ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს დაუბრუნდა, მხოლოდ რუსეთს ელაპარაკოს და მხოლოდ რუსეთს ცნობს პოლიტიკურ ოპონენტებად.

    „აფხაზურ და ოსურ მხარეებს, ცხინვალსა და სოხუმს აღარ ელაპარაკება, პირდაპირ მათ დე-ფაქტო ხელისუფლებებზე გადის. ერთადერთი გამოსავალია „ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო თანამეგობრობა გამოიყენოს, რათა გავლენა რუსეთზე მათ მოახდინონ და შემდეგ რუსეთმა ცხინვალზე. იმისათვის რომ, კრიტიკულ სიტუაციებში მაინც აუცილებელი იყოს „გამშვები პუნქტების" გახსნა, რათა ავადმყოფები დროულად იქნეს გადმოყვანი.

    „ჟენევაში წამყვანი სააგენტო ევროკავშირია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მხოლოდ ქართული მხარიდან მუშაობენ. ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ შედიან. რუსეთი და დე -ფაქტო აფხაზური და ოსური ხელისუფლებები წინააღმდეგი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ითანამშრომლონ. ამ ფონზე, მათი როლი შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე ჟენევის ფორმატია. ჟენევის ფორმატში რუსეთია ჩართული, იქ შეიძლება მეტი ზემოქმედება მოხდეს. მათ არ აქვთ იმხელა რესურსი, რამხელაც ჟენევის თავმჯდომარეეებს გააჩნიათ," - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

    ეს კრისიზი მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის პოსტი უშუალოდ „სამხრეთ ოსური" დასახლების, წნელისის მახლობლად ჩადგა. წნელისს კი ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

    31 აგვისტოს "პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა ულტიმატუმი წამოაყენა: თუ ქართველები არ გააუქმებენ პოსტს, მას ძალისმიერად დაშლიან. ეს ულტიმატუმი არ შესრულდა. ერთი დღის შემდეგ კი „პრეზიდენტმა" მოულოდნელად განაცხადა, რომ რაიმე სამხედრო დაპირისპირება, რომელსაც საქართველო მოელის, არ იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×