სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    09.10.2019

     უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და ამავე დროს მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს პარლამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდნენ. თადუმაძეს დეპუტატებმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვები დაუსვეს. თუმცა მთავარი კითხვები მაინც მისი დიპლომის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხებოდა. მთავარი აქცენტები ინსტიტუტში ჩაბარებასა და ინსტიტუტის დაარსებას შორის აცდენას უკავშირდება.

    სხდომის დასაწყისში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მოსამართლეობის კანდიდატს კითხვით მიმართა და მისი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის აღების საკითხით დაინტერესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შალვა თადუმაძემ განმარტებები გააკეთა.

    „სკოლა დავამთავრე 1994 წელს და იმავე წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო სახელწოდება იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი.

    "მაშინდელი კანონმდებლობით ყველა კონკრეტულ იურიდიულ პირს ჰქონდა უფლება, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა განეხორციელებინა, თუ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომლებიც მოთხოვნილი იყო ამ იურიდიული პირებისთვის. ეს ინსტიტუტი კი ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა.

    "1997 წელს მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ სტუდენტს და მოსწავლეს შეეძლოთ ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა ნებისმიერი კურსი. მე ბუნებრივია, გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, მივმართე შესაბამის ინსტიტუტს, რომ სურვილი მქონდა, ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა აღნიშნული სასწავლებელი, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. 1998 წელს სპეციალურად გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი.

    "არსებობს განათლების შესახებ კანონი და არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება დიპლომის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ. ამ ბრძანების მიხედვით განისაზღვრა, თუ როგორი უნდა იყოს დიპლომი.

    "დიპლომი იურიდიულად არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, შესაბამისი ნომრებით და დაცვით სისტემებით. აუცილებელი მოთხოვნა იყო მაშინაც და ახლაც ასეა, რომ დიპლომში უნდა დაფიქსირდეს მისი გაცემის ფაქტიური პერიოდი და სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა.

    "1998 წელს მე დავამთავრე ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით. შესაბამისად, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო, ჩაეწერა ხუთწლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ბუნებრივია, ეს წლებით განისაზღვრებოდა. რომ ჩაეწერა 1994-98 წლები, მე მექმნებოდა პრობლემა, რადგან ხუთწლიანი ვადა არ ჩამეთვლებოდა და არ ექნებოდა იურიდიული საფუძველი", - განმარტა შალვა თადუმაძემ.

    „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ კი შალვა თადუმაძეს სამი კურსელის დასახელება სთხოვა. მოგვიანებით კი 3 ლექტორის. ორივე შემთხვევაში შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ 10 სახელის და გვარის დასახელება შეუძლია, თუმცა, მათგან ამის ნებართვა არ აუღია და ვერ დაასახელებს.

    ბოკერიამ თადუმაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა „დღეს მოხვედით ნამეცადინები?

    დეპუტატმა ამით მას იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს ნათქვამი მისივე ფრაზა გაახსენა - „თქვენ ხომ არ გგონიათ რომ აქ ნამეცადინები მოვდივარ?".

    „შალვა თადუმაძის კურსელობა გამამტყუნებელი განაჩენია? კურსელების დასახელება ყოფილა მათი შეურაცხყოფა, ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია და გსურთ, კითხვები მოიხსნას და სამ კურსელს ვერ პოულობთ, რომ საზოგადოებას უთხრათ, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ერთად სწავლობდით,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    ბოკერია ასევე დაინტერესდა, თადუმაძეს მისი დიპლომის ინგლისური ტექსტი თუ აქვს წაკითხული და განაცხადა, რომ 20 სიტყვაში 10 შეცდომაა დაშვებული.

    დეპუტატი აცხადებს, რომ იმ სამოქალაქო ჯგუფებმა, ვინც მისი დიპლომის მოპოვებით იყო დაინტერესებული ჯერ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართეს, სადაც უპასუხეს, რომ პერსონალური მონაცემებია და ვერ მისცემდნენ. ამის შემდეგ კი გენერალურ პროკურატურას მიაკითხეს, მათ კი უთხრეს, რომ გენერალური პროკურორის შერჩევაში არ მონაწილეობენ, ამიტომ მის დიპლომს არ მისცემდნენ.

    „მიმართეს იუსიტიციის სამინისტროს, რომელმაც საერთოდ არ გასცა პასუხი, ადვოკატთა ასოციაციამ უთხრა, ჩვენთან ძველი დოკუმენტები ნადგურდება და იმიტომ არ გვაქვსო,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    შალვა თადუმაძემ კი უპასუხა, რომ ბოკერია არასწორ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას ავრცელებს, რაზეც ბოკერიამ თადუმაძეს ურჩია, მასთან პოლიტიკურ დებატებში არ შევიდეს.

    თადუმაძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს, საფიქრალი გაუჩნდება, დარჩეს თუ არა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

    „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძემ კი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება.

    რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, რამდენი ადამიანი იყო მის ჯგუფში, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ათეული.

    „ცოტა არ იყოს მეწყინა, მეგონა 10-20 კაცი იქნებოდა, ძალიან დიდი ფინანსურ ზარალში გადავარდები მე, მაგრამ რას ვიზამ, რაც ჩანაფიქრი მაქვს უნდა ავასრულო. ჯგუფელებს გვარს არ ასახელებთ და რომელ სახინკლეში დადიოდით ის მაინც თქვით", - მიმართა რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს.

    გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ სახინკლეში არ დადიოდა.

    „მინდა, მივმართო თქვენს კურსელებს, მეგონა იქნებოდა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ თქვენ თქვით რამდენიმე ათეული 100 ალბათ, ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ აორთქლდება. მაგრამ მე მთელ თქვენს ჯგუფს ვთავაზობ, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყუოთ, მე მექნება ხელში ეს თქვენი დიპლომი, ვინც ზუსტად ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

    იუსტიციის არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ უდიპლომო სასიძოები გვყავდა კინოში, მაგრამ ძალიან სამწუხარო პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდით, რომ „ქართული ოცნების" პირობებში სახელმწიფოს მართავს უდიპლომო მინისტრი თეა წულუკიანი, უდიპლომო პროკურორი და ჩვენს წინაშე არიან უდიპლომო მოსამართლებიც. დოლიძის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ მმართველ პარტიაში მთავარი ფასეულობა კომპეტენცია არ არის.

    „თუ ქართულ კინოკლასიკაში მიღებულია უდიპლომო სასიძო, „ქართული ოცნების" რეალობაში მიღებულია უდიპლომო პროკურორი, უდიპლომო მინისტრი და უდიპლომო მოსამართლე. ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი ნასწავლი და კომპეტენტური ადამიანი, რომელიც სახლში ზის და სამსახურს ეძებს. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ „ქართული ოცნების" რეალობაში მთავარი ფასეულობა არის პიროვნული ერთგულება, არაკომპეტენცია და არა სამშობლოსადმი თავდადება", - განაცხადა ანა დოლიძემ.

    საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე კი აცხადებს, რომ წარმოუდგენელია, ვსაუბრობდეთ გენერალურ პროკურორზე, ვსაუბრობდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე და იქ იყოს დიპლომთან დაკავშირებული პრობლემა.

    მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ შალვა თადუმაძე ან „ქართული ოცნება" აღიარებს დიპლომთან დაკავშირებულ პრობლემას, რადგან ამის აღიარება „ნიშნავს იმას, რომ მათ კანონის დარღვევით გაამწესეს თავის დროზე გენერალურ პროკურორად თადუმაძე".

    „მთელი მმართველი პარტია უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ შალვა თადუმაძე საუკეთესო გენერალური პროკურორი იქნებოდა და ის სწორედ ის კადრი იყო, რომელიც სჭირდებოდა პროკურატურას. ახლა მნიშვნელოვანია გვითხრას, ასე სწრაფად რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაინაცვლოს უზენაეს სასამართლოში ან რატომ მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება. აქ საინტერესოა ისიც, რომ თადუმაძე არ არის ერთადერთი, მისი მოადგილე, ბატონი ვასაძეც გამოთქვამს სურვილს და ორივე ნომინირებულია პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. რაც შეეხება დიპლომის ნაწილს, რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტი კითხვა ჩნდება ამ პროცესში",- განაცხადა სალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×