თამარ შუკვანი
17.09.2019

 აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" („ენდიაი") მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოება მთავარ ეროვნულ საკითხებს ეკონომიკას უკავშირებს - სამუშაო ადგილებს, ფასების ზრდას, ინფლაციასა და სიღარიბეს. კვლევის მიხედვით, 2010 წლის შემდეგ ქვეყნის განვითარების კურსისადმი ნდობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

2019 წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილში ძირითადი აქცენტები ეკონომიკისა და ჯანდაცვის საკითხებზეა. კვლევა ეხება ასევე ქვეყნის განვითარების, საგარეო პოლიტიკური კურსისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებას. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ეს კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობა ხელისუფლებას არ ენდობა. სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე კი ამ კვლევის სანდოობას ეჭქვეშ აყენებს.

გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა (83%) კვლავაც ფიქრობს, რომ ქალები პარლამენტის დეპუტატების მინიმუმ 30%-ს უნდა შეადგენდნენ. ევროკავშირისა და ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ სტაბილურია: მოსახლეობის 78% ევროკავშირში, ხოლო 71% ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გამოკითხულთა 41% კი თვლის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მოქალაქეების მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

გია ხუხაშვილის განცხადებით, ეს კვლევები აჩვენებს, რომ მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებისადმი ძალიან დაბალია, თუმცა ხელისუფლება ამის გამოსასწორებლად პრაქტიკულად არაფერს აკეთებს.

„მთლიანობაში სამწუხაროდ სურათი არის ასეთი: ხალხის ემოციური გაწყობაა -ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი, პერსპექტივის არქონა. ამას ემატება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობა. საპენსიო რეფორმა დიდი ნდობით არ სარგებლობს.

„შეიძლება ქვეყანაში იყოს პრობლემები, თუმცა გარკვეული ოპტიმიზმი არსებობდეს, რწმენა იმისა, რომ ხვალ უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს არის. ამ კვლევაში ზუსტად ეს გამოჩნდა, რომ უფრო ნეგატიურ ციკლში ვართ - ადამიანები ხვალინდელი დღისგან უარესობას ელოდებიან და არა უკეთესობას, რაც ყველაზე დრამატული მომენტია.

„ეს კვლევები აჩვენებს, რომ ხელისუფლებას აქვს ძალიან დაბალი ნდობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არჩევნების პროგნოზირება შეგვიძლია. გარდა იმისა, რომ ადამიანებს არ მოსწონთ დღევანდელობა, მათ უნდა ჰქონდეთ უკეთესი შეთავაზება, რაც ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან არ ჩანს," - აღნიშნა მან.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე „ენდიაის" კვლევებს ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ მაში უამრავი ფაქტობრივი შეცდომაა და არის მონაცემები, რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავს.

„მონოპოლია კვლევების ჩატარებაზე საქართველოში უნდა დამთავრდეს. კვლევებს უნდა ატარებდეს მედიაკონსორციუმი, ან ინდუსტრიული კომიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია ვინ აყალიბებს პრიორიტეტებს, დღის წესრიგს, სხვადასხვა საკითხების აქტუალიზაციას ვინ ახდენს. ეს სპეკულაციები უნდა დამთავრდეს.

„ხშირ შემთხვევაში ეჭვის ქვეშ ვაყენებ მთლიანად კვლევებს ან ფრაგმენტებს. „ენდიაიმ" და „აირაიმ" უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და ქვეყანაში კვლევების ჩატარება შეწყვიტონ, მით უფრო, როდესაც აზრთა სხვადასხვაობაა და ყოველთვის ჩნდება პოლიტიკური ორგანიზაციები და ჯგუფები, რომლებიც უნდობლობას უცხადებენ. ამ შედეგების ინტერპრეტაცია ყოველთვის გამწვავებული პოლემიკის საგანი ხდება.

„ეკონომიკის მდგომარეობას აფასებენ ცუდად. ეს კვლევა არის ივლისში ჩატარებული. „ენდიაი" ვერ ანსხვავებს ეკონომიკას და სოციალურ მდგომარეობას. ობიექტურად, ივლისში საქართველომ 6%-იანი ზრდა აჩვენა, რაც ერთერთი მაღალი ნიშნულია, რომელიც ამ წლების განმავლობაში გააჩნდა. თუკი ვხედავთ, რომ ეკონომიკა იზრდება, რამდენად კორექტულია, რასაც „ენდიაი" აქვეყნებს? ეს კვლევები რეალურ ფაქტებს ეწინააღმდეგება.

„ასევე არის უხეში შეცდომები. როდესაც „ენდიაი" რესპონდეტს ეკითხება საპენსიო სისტემაში ჩართულობის შესახებ, ფორმულირებაშია შეცდომა. არ არსებობს საპენსიო სისტემა, არსებობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა. რესპონდენტს დიდი ალბათობით აერეოდა სოციალური პესნია და დაგროვებით სისტემა. ასევე არ არსებობს საპენსიო ფონდი, არის საპენსიო სააგენტო.

„არის შეცდომები და ეს შეცდომები გავლენას ახდენს კითხვის რეველაციაზე. თუ არ არის გარანტია იმისა, რომ რესპონდეტნს ზუსტად ესმის ის, რის შესახებაც ეკითხებიან, ეს კვლევა შეიძლება ჩაითვალოს არასანდო კვლევად.

„თუ 41% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არის ცუდი მოვლენა, როგორ შეიძლება ნატო-ს და ევროკავშირს ჰქონდეს მხარდაჭერა 70%-ზე მეტი? რომელ მონაცემს დავუჯეროთ? თავისუფალი სამყაროს შეფასებით, საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია იყო, რომელიც თავის ღირებულბებით რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის სამყაროს," - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

კვლევების შესახებ საუბრისას ხუხაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად, საჭიროა სათავეში გამოჩნდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც საზოგადოებას ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებას არ აიძულებს.

„დღევანდელ სკეპტიციზმს არა მხოლოდ ხელისუფლებაში ხედავენ ადამიანები, არამედ მთლიანად პოლიტიკურ ელიტაში. არავის იმედი არ აქვთ და არავისი არ სჯერათ. ხელისუფლებას აქვს პრობლემა, თუმცა, თუ ის არ გამოჩნდა, ვისაც განცდა გაუჩნდება, რომ ამ პრობლემას გადაწყვეტს, მაშინ რატომ უნდა შეცვალონ?

„ხელისუფლება ამ ძირითადი პრობლემების გადაწყვეტაზე არც ფიქრობს, ის გართულია თავის ბრძოლაში. მან მთავარ პრობლემად „ნაციონალების" დამთავრება გამოაცხადა მაშინ, როდესაც ადამიანების რეალური პრობლემა „ნაციონალების" დამთავრება კი არ არის, მთავარი უმუშევრობა, მაღალი სოციალური რისკები და ინსტიტუტებისადმი ნდობის ამაღლება. ხელისუფლება გვეუბნება, რომ „ამ პრობლემების გადაწყვეტას არ ვაპირებ, არამედ „ნაციონალების" დამთავრებას";

„ხელისუფლება აბსოლუტურად არაადეკვატურია და აცდენილია რეალურ პრობლემატიკასთან. ეს ნიშნავს იმას, რომ მას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს, არც ფიქრობს, რომ გადაწყვიტოს პრობლემები. ფიქრობს ერთადერთ რამეზე - როგორ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ძალაუფლების შენარჩუნების ფორმულას პოზიტივში ვერ ხედავს, ისევ ნეგატივში, დაპირისპირებასა და საზოგადოების კიდევ უფრო დანაწევრებაში," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ხშირ შემთხვევაში, კვლევის შედეგები დამოკიდებულია იმ საინფორმაციო ველზე, რაც ქვეყანაში იქმნება". მისი თქმით, რეალური სურათი დადებულია იმ კვლევებში, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, საქმიანობაც ამ კვლევებზეა ორიენტირებულია და არა კვლევებზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურად არის ანგაჟირებული.

„ჩვენი კვლევები ამბობს, რომ პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, მთავარი გამოწვევა დასაქმებაა. სოციალურ თემებშია საკმაოდ სერიოზული პოზიტივები, რასაც შენარჩუნება უნდა. ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში წარადგენს არსებული ვითარების რადიკალურად გაუმჯობესების პროგრამას.

„სერიოზული პრობლემებია ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართულებით. ჩვენი კვლევებით, პოლიტიკური განწყობები საკმაოდ პოზიტიურია ქვეყნის სტრატეგიაზე, რაც ტარდება საგარეო კურსის მიმართულებით. რაც პრობლემაა, ხელისუფლება არათუ გრძნობს, პასუხისმგებლობას ითავისებს. უპასუხისმგებლო ხელისუფლება იმ პერიოდში გვყავდა," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×