თამარ შუკვანი
07.09.2019

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა სოფლიდან შვიდ კილომეტრში, მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება და ამის გასაპროტესტებლად აქცია გამართა. მათი თქმით, მდინარეს არ გააჩნია შესაბამისი წყლის რესურსი, თანაც კალაპოტი მცოცავი ქანებისგან შედგება, რაც ჰესის აშენების შემთხვევაში საფრთხეს ზრდის.

არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას იმ რისკებსა და გამოწვევებზე საუბრობს, რაც ამ ჰესის აშენებას, შეიძლება მოჰყვეს.

„დეტალურად ამ პროექტს არ ვიცნობ, თუმცა, როგორც ყველა ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობასთან კვლავ კომუნიკაციის გარეშე ხდება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, არ არის შეფასებული ამ პროექტის საჭიროება და არ არის წარმოდგენილი დასაბუთება, რაც ნათლად აჩვენებს ბოლოდროინდელ პროტესტებს არა მხოლოდ ამ ხეობაში, არამედ სხვაგანაც.

„ამ ყველაფერს დამატებული, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, იმ ბიომრავალფეროვნებიდან გამომდინარე, რაც ამ სოფელსა და ხეობაში არსებობს, ძალიან სერიოზული პრობლემები იქმნება, ძალიან სერიოზული ზიანი ადგება გარემოს. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილს შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს," - განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით კი, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს, გეოფიზიკოსებს, გარემოს დამცველებსა და სხვა სპეციალისტებს მათთან შეხვედრა არ გაუმართავთ და გარემოზე ზემოქმედების რისკების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

ადგილობრივებმა მოსალოდნელი საფრთხეების შესწავლის მიზნით, ალტერნატიულ ექსპერტიზას მიმართეს და პასუხის მოლოდინში არიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი არანაირ პირობებზე არ იქნებიან თანახმა და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჰესის აშენებას. მოსახლეობა ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს და შესაბამისი ხელმოწერები გროვდება.

ლაფანყურელები დღეიდან დაგეგმილი ჰესის ტერიტორიისაკენ მიმავალი გზის პიკეტირებას და მორიგეობას აწესებენ, რომ მშენებელ კომპანიას ტერიტორიაზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზების საშუალება არ მისცენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ლაფანყურში დღეს შპს „ართანა - ლოპოტა პესის" და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოჩენილან.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში მოხდება უნიკალური ჯიშის ხეების გაკაფვა, საფრთხე დაემუქრება ამ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ ციხის კომპლექსს, ფლორას და ფაუნას. ამასთანავე, მდინარე ლოპოტის დიდი ნაწილის მილებში მოქცევით პრობლემა შეექმნება სასმელი და სარწყავი წყლით სოფლის მომარაგებას.

„მე იქ ვიყავი, როცა სპეციალისტები ჰესის აშენების ადგილს ათვალიერებდნენ და ერთმანეთს ხმამაღლა უზიარებდნენ აზრებს. კარგად გავიგონე, როგორ ამბობდნენ, რომ ნაშალი ქანია და აქ ჰესის აშენება საფრთხის შემცველია. მდინარე ლოპოტა წყალუხვი არ არის, განა რამდენ მეგავატიანი უნდა იყოს ის ჰესი, რომ სოფლის წალეკვის საფრთხედ ღირდეს," - ამის შესახებ „პირველ არხს" ადგილობრივმა თეიმურაზ ნაყეურმა განუცხადა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×