სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ოთარაშვილი
    (28.09.2011)

    განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა შიდა, კულუარულ წრეებში გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ 12-კლასიანმა სისტემამ არ გაამართლა, რადგან მე-12 კლასში ფაქტობრივად არაფერი ისწავლება და ეს წელი მოსწავლეებისთვის ტყუილად იკარგება. ამის შესახებ "რეზონანსს" სამინისტროში საკუთარმა წყარომ შეატყობინა.

    თუმცა თავად სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ 11-წლიან სწავლებაზე დაბრუნება არარეალურია, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბოლონიის პროცესი, რომელსაც საქართველო შეერთებულია, 12-წლიან სწავლებას ითვალისწინებს.

    საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ მე-12 კლასის შემოღება არ იყო საჭირო, რადგან მოზარდის ზოგადი განათლებისთვის 11-წლიანი სწავლებაც საკმარისია. მით უმეტეს, რომ მე-12 კლასში პრაქტიკულად ახალს არაფერს ასწავლიან და მოსწავლეები ძირითადად სასკოლო გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების მზადებაში არიან. ამიტომაც საზოგადოებაში ხანდახან ოპტიმისტურადაც კი განიხილავენ იმ საკითხს, რომ შესაძლებელია კვლავ მოხდეს 11-წლიან სისტემაზე დაბრუნება.

    განათლების სისტემაში კომპეტენტურმა პირებმა თავიდანვე არ მოიწონეს 12-წლიან სწავლებაზე გადასვლა, რადგან მათ დიდ ნაწილს მიაჩნდა, რომ სკოლის მე-12 წელი მოზარდისთვის დროის ფუჭად ხარჯვა იქნებოდა.

    აკადემოკოსი თენგიზ სანაძე ამბობს, რომ 12-წლიან სწავლებას ქართული სისტემა ჯერჯერობით ვერ მოერგო და ამ 1 დამატებულ წელს ზიანის მეტი არაფერი მოაქვს."ევროპის რიგ ქვეყნებში ეს ტრადიცია - 12 წლიანი სწავლებით შეძლოს მოზარდმა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება - დიდი ხანია დამკვიდრებულია. ჩვენთან კი თავიდან 10-კლასიანი განათლების ტრადიცია იყო დანერგილი. შემდეგ შემოიღეს 11-წლიანი სწავლა. თავიდანვე ეს მე-11 წელი ზედმეტად ჩავთვალეთ, რადგან ფაქტობრივად, მე-11 წელს იმავეს გავდიოდით, ანუ ვიმეორებდით, რაც 10 წლის განმავობაში გვისწავლია. ახლა ეს მე-12 კლასი სწორედ ასეა - ახალს არაფერს სწავლობენ. ძველს რას იმეორებენ, არ ვიცი, რადგან პორაქტიკულად წესიერად დღევადელ სკოლებში არაფერს სწავლობენ," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას თენგიზ სანაძე.

    საბოლოო ჯამში აკადემიოსი ასკვნის, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში, რამდენადაც 12 წლიანი სწავლების ტრადიცია აქვთ და პროგრამებიც 12 წელზე აქვთ გაწერილი, სასწავლო პროცესი კარგად მისდით, მაგრამ საქართველოში ძნელია ასე უცებ სასწავლო პროგრამებისა და, შესაბამისად, სასკოლო სახელმძღვანელოების 12 წელზე მორგება.

    რამდენადაც ქართული საგანმანათლებლო სისტემა ბოლონიის პროცესს შეუერთდა, 12-იანი სწავლებიდან ისევ 11-იანზე დაბრუნება, შეიძლება ითქვას, გამორიცხულია, რადგან ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი მთავარი პირობა სასწავლო კრედიტების რაოდეობის მიხედვით სწორედ 12 წლიანი სასკოლო განათლებაა.

    აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ბოლონიის პროცესში შემავალი ქვეყნების კურსდამთავრებულებს უნდა შეეძლოთ ამ პროცესის ხელმომწერ ქვეყნებში გადაადგილება-სწავლება, შესაბამისად, განათლების ამ სისტემაზე მორგებაც, რისთვისაც პირველ რიგში სჭირდებათ 12-კლასიანი სასკოლო განათლების მიღება. სწორედ ამ არგუმენტს ასახელებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რითაც 11-წლიან სწავლებაზე დაბრუნების შესაძლებლობას გამორიცხავენ და არც შაშკინის ზემოთ მოყვანილ ნათქვამს ადასტურებენ.

    თუმცა რამდენად მორგებადია საქართველოსა და თუნდაც ბოლონიის პროცესზე ხელმომწერი ქვეყნებიდან თუნდაც ერთ-ერთის საგანანათლებლო სისტემა, ეს უკვე მეორე საკითხია.

    ბოლონიის პროცესს კი ხელს აწერენ ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, მალტის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    mari   (01.10.2011)
    სად წერია რომ დამტკიცდაო? სტატია წაიკითხე? :D

    მაია   (28.09.2011)
    მარტლა დამტკიცდა 11 წლიანი სწავლება?


    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter