თამარ შუკვანი
13.08.2019

 რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა სულ მცირე 2020 წლის არჩევნებამდე არ აღდგება, - ამის შესახებ „იზვესტიას" რუსულ დიპლომატიურ წრეებში განუცხადეს. რატომ მაინცდამაინც 2020 წლის არჩევნები? საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კრემლის მიზანია საქართველოში სტაბილურობაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა, რასაც მენაღარიშვილმა რუსეთის ილუზია უწოდებს.

„ეს ალბათ შიდა პოლიტიკურ კონიუნქტურას უკავშირდება. თვლიან, რომ ამით რაიმე ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს სტაბილურობაზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციაზე და ა.შ., რაც, რა თქმა უნდა, ილუზიაა, მაგრამ არაერთი სხვა ილუზიის საფუძველზე რუსეთს არაერთხელ გადაუდგამს ძალიან დესტრუქციული ნაბიჯი," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ცნობისათვის, რუსულ გამოცემა „იზვესტიასთან" საუბრისას რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა იური ბარზიკინმა განაცხადა, რომ რუსეთიდან საქართველოში ტურისტთა ნაკადი 70%-ით შემცირდა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ 8 ივლისის შემდეგ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებით, ან მესამე ქვეყნის გავლით ჩადიან.

„ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის წინაპირობა ჰორიზონტზეც კი არ ჩანს," - განაცხადა ბარზიკინმა.

ამასთან, „იზვესტიას" რუსულ დიპლომატიურ წრეებში განუცხადეს, რომ „ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლა ამ ქვეყანაში მინიმუმ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, 2020 წლის ოქტომბრამდე არ განახლდება, სანამ სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვლება."

„საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უგულებელყო მოსკოვის მოთხოვნა, რომ რუსი ტურისტების უსაფრთხოების და დაცულობის გარანტირება მოეხდინა. არ შეწყდა რუსოფობიური ისტერიაც," - განაცხადა წყარომ, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×