სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    12.07.2019

     "ნაციონალებისა და "ოცნების" დაპირისპირებიდან "გამოთავისუფლებულ" მოქალაქეს შანსი ეძლევა, ამ ორის ალტერნატივა დაინახოს. ბევრი საუბარი იყო მესამე ძალის აუცილებლობაზე, მაგრამ ასეთს ვერ შექმნი ხელოვნურად. სპორტის სასახლეში გამართული გრანდიოზული სანახაობებით მესამე ძალა ვერ იქმნება" - ასე ეხმაურება ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი მამუკა ხაზარაძის შემოსვლას პოლიტიკაში.

    "რეზონანსი": ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიჩნევს, რომ ხაზარაძის განაცხადი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საინტერესოა, რადგან ხაზარაძის შემთხვევა პირველია, როდესაც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი განაწყენებული მიდის პოლიტიკაში. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ხაზარაძის შემოსვლა პოლიტიკაში?

    ზაზა ფირალიშვილი: მოტივებზე საუბარი ძნელია, მე მხოლოდ ჩემი აზრი შემიძლია მოგახსენოთ. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეტევა წამოიწყო, ერთის მხრივ, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, თიბისი ბანკის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ბუნებრივი ჩანს. ჩვენში თითქმის ცხოვრების წესად იქცა, როდესაც ბიზნესმენი თავისი ბიზნესის დასაცავად პოლიტიკაში მიდის. ამასთან ბატონი მამუკა არ არის მხოლოდ წარმატებული ბიზნესმენი. აქ მხოლოდ გაკვრით გაგახსენებთ, როგორ პატრონობს თიბისი ბანკი კულტურულ ცხოვრებას, ქართულ მწერლობას და ა.შ. ის, თუ არ ვცდები, ერთადერთი იყო ქართველ ბიზნესმენებს შორის, რომელიც ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე არა მხოლოდ საუბრობდა, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის ველს ქმნიდა კიდეც ბიზნესსივრცეში.

    უკვე 2013 წლის შემდეგ მეც და რამდენიმე სხვა ადამიანიც გამოვთქვამდით ეჭვს, რომ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, მიუხედავად ფასადური პროდასავლურობისა, იმაზე მეტად ითვალისწინებდა რუსულ ინტერესებს, ვიდრე ეს დასაშვები იყო. არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადასცდე. თუ კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპულიკელების" გასვლა ჯერ კიდევ შეიძლებოდა საფუძვლიანი თუ ნაკლებად საფუძვლიანი მიზეზებით ახსნილიყო, გიორგი კვირიკაშვილის განდევნა (გაგახსენებთ, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებულ არცერთ ბრალდებას გაგრძელება არ მოჰყოლია) და დავით უსუფაშვილის თამაშგარე დატოვება ვითარებას უკვე საეჭვოს ხდიდა. საბოლოოდ ასეთი ზღვარი გახლდათ ანაკლიის პორტის პროექტზე შეტევა, რასაც მწვავე რეაქცია მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

    აქ საქმე მხოლოდ ხაზარაძის პირად ინტერესებს არ ეხებოდა. დასავლეთი სისხლხორციელად არის დაინტერესებული სატრასპორტო გზების დივერსიფიკაციაში. გარდა ამისა, ჩვენი მიბმა რუსულ ბაზართან რომ ჩვენივე ხვალინდელ დღეს ვნებს, მხოლოდ ეკონომიკაც რომ გვქონდეს მხედველობაში, ვფიქრობ, არაერთხელ დავინახეთ. ძალზედ მარტივად რომ ვთქვათ, ანაკლია ჩვენთვის ისტორიული შანსია, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეების როლში აღმოვჩნდეთ და, ვფიქრობ, ამის ეკონომიკური და პოლიტიკური ეფექტი ეჭვს არ იწვევს.

    ამიტომაც გამოიყურებოდა პროექტთან დაკავშირებული ბატალიები არა მხოლოდ საეჭვოდ, არამედ რუსული ინტერესების (ხაზს ვუსვამ) ზედმეტ გათვალისწინებად. ცხადია, გვსურს თუ არა, რუსული ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არა საკუთარი მომავლის დათმობისა და რუსული იმპერიალიზმის ინსტრუმენტის ქცევის ხარჯზე. სამწუხაროდ, რუსული პოლიტიკის მესვეურებთან ამ ენაზე საუბარი ჯერჯერობით მაინც, შეუძლებელია. ამ ვითარებაში ბატონი მამუკა ხაზარაძე ბუნებრივად აღმოჩნდა მოვლენების ეპიცენტრში, როგორც ჩანს, არც პირადად მის წინააღმდეგ შეტევა აღმოჩნდა ბოლომდე საფუძვლიანი და არგუმენტირებული.

    "რ": თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში?

    ზ.ფ: ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. უარყოფითი ფაქტორებიდან მთავარი, ალბათ, ისაა, რომ ის საბანკო სფეროს წარმოადგენს და ზოგადად ბანკების მიმართ მოსახლეობაში საკმაო გაღიზიანება არსებობს. მისი გამოჩენით "ოცნება" კარგავს "ნაციონალებისა" და "ოცნების" დაპირისპირების კომფორტულ რეჟიმს და "ოცნების" მთელი პროპაგანდისტული მანქანა ახლა მის წინაამდეგ მიმართავს თავის ძალებს. ეს უკვე დაიწყო კიდეც. ყველაზე გულუბრყვილო არგუმენტი, რაც მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში ვნახე, ისაა, რომ ხაზარაძე ევრო-ამერიკული კურსის მომხრეა და, ამიტომაც, თურმე, ფარული ნაციონალია. არგუმენტი გულუბრყვილოა, მაგრამ მიმანიშნებელი იმაზე თუ თურმე რა ელექტორალური ბაზა იყრიდა თავს ბოლო წლების განმავლობაში "ოცნების" გარშემო.

    დადებითი ფაქტორებიდან იმას ავღნიშნავდი, რომ "ნაციონალებისა" და "ოცნების" დაპირისპირებიდან "გამოთავისუფლებულ" მოქალაქეს შანსი ეძლევა ამ ორის ალტერნატივა დაინახოს. ბევრი საუბარი იყო მესამე ძალის აუცილებლობაზე, მაგრამ ასეთი ვერ შეიქმნება ხელოვნურად. სპორტის სასახლეში გამართული გარნდიოზული სანახაობებით მესამე ძალა ვერ იქმნება. ჯერ თქმა ადრეა, მაგრამ არ გამოვრიცხავ იმ მომენტის დადგომასაც, როდესაც ხელისუფლების მხრიდან ოპონენტის ლანძღვა, პირიქით, ამ უკანასკნელის წისქვილზე დაასხამს წყალს.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved