სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    24.06.2019

     „რუსეთში პროპაგანდისტული წიოკია ატეხილი იმის გამო, რომ საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობს. სამწუხაროა, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე კარგა ხანია აღარ არის დიპლომატიური უწყება, ის კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო გახლავთ,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ანალიტიკოსი ირაკლი მენაღარიშვილი და ამით ეხმაურება სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ დასავლელი კურატორები მზად არიან თვალი დახუჭონ ულტრანაციონალისტების მოქმედებებზე, რუსოფობიაზე, ოღონდ კი გაწყვიტონ ქართველი ხალხის კავშირი რუსეთთან.

    ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ომი გამოუცხადა და ტურისტებისთვის საქართველოში არ წასვლის მოწოდებას მოჰყვება სხვა ნაბიჯებიც, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო 2006 წლის ემბარგოს დროს.

    „გაიხსენეთ 2005-2007 წლების მოვლენების განვითარება და დაახლოებით იმის ანალოგს შეეცდებიან ახლაც. ჯერ ღვინოს აკრძალავენ, შემდეგ წიწმატს და ოხრახუშს და შესაძლოა ბოლოს ყველაფერი ქართული ექსპორტის სრულ შეზღუდვამდე მივიდეს. დაახლოებით ამ გზაზე ვდგავართ. როდის შეწყდება ეს უაზრობის ვაქხანალია, არ ვიცი, მაგრამ რუსული სახელმწიფო მანქანა ამ გზაზე დგას. ეკონომიკური ომი გამოცხადებულია,"- აცხადებს მენაღარიშვილი.

    ცნობისათვის, 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციების დაწყების შემდეგ რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ომი გამოუცხადა, 8 ივლისიდან აკრძალა ფრენები საქართველოს მიმართულებით, როგორც სამგზავრო, ისე ტვირთების გადაზიდვისთვის. ასევე რუსი ტურისტები გააფრთხილა, რომ არ წავიდნენ საქართველოში. ორშაბათს კი ასევე აკრძალა 8 ქართული კომპანიის ღვინის შეტანა,„პროდუქციის ხარისხის გაუარესების" მიზეზით.

    ეკონომიკური ომის პარალელურად კი რუსი მაღალჩინოსნებიდან აღშფოთებული განცხადებები არ ცხრება.

    ამჯერად საქართველოში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას დასავლეთის გეოპოლიტიკური ინჟინერიის მაგალითი უწოდა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, რომელმაც თქვა, რომ ჯერ დასავლეთიდან წამოსული რჩევების გამო უკრაინა დაუპირისპირდა რუსეთს, ახლა კი იგივე ხდება საქართველოშიც.

    „სადამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე უცხოეთიდან მომდინარე რჩევების და კარნახის ბრმად მიყოლამ, ნათლად მეტყველებს ჩვენი მეზობელი უკრაინის სამწუხარო გამოცდილება", - თქვა ლავროვმა და საქართველოსაც შეეხო.

    „გეოპოლიტიკური ინჟინერიის შედეგების კიდევ ერთი მაგალითი, რითიც ჩვენი დასავლელი კოლეგები არიან დაკავებული - საქართველოა. იქ დასავლელი კურატორები მზად არიან თვალი დახუჭონ ულტრანაციონალისტების უკანონო მოქმედებებზე, რუსოფობიაზე, ოღონდ კი გაწყვიტონ ქართველი ხალხის კავშირი ჩვენს ქვეყანასთან, ხელახლა დაწერონ ჩვენი საერთო ისტორია", - აღნიშნა ლავროვმა.

    რას ნიშნავს უკრაინაზე მინიშნება, ხომ არ უნდა ველოდოთ სამხედრო პროვოკაციებს რუსეთიდან?

    ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, რუსეთის მსგავსი მეზობლისაგან პროვოკაციების საშიშროება ყოველთვის არსებობს და ამჯერად რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ომი გამოუცხადა.

    „ლავროვი, საქართველოსთან მიმართებაში უკვე დიდი ხანია თავის თავსაც იტყუებს და რუსულ საზოგადოებასაც ატყუებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ რომელიმე უცხოური ძალის და უცხოელ კონსულტანტთა როლი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან არაფერ შუაშია.

    "მიუხედავად ამისა, ამ განცხადებით მხოლოდ საკუთარი საზოგადოების დეზინფორმაციას ახდენს... იმის მაგალითად მოჰყავს უკრაინა, რომ ეს ქვეყანა რუსეთთან „მეგობრული და ძმური ურთიერთობის" გზას დასავლეთის კონსულტაციებმა და რჩევებმა ააცდინა.

    "ეს არის ის თეზისი, რომელსაც რუსული პროპაგანდა ინტენსიურად ნერგავს რუსი საზოგადოების მენტალობაში. ახლა იგივე პროპაგანდას ნერგავენ საქართველოსთან მიმართებაში და მეტი არაფერი. სამხედრო და სხვა ტიპის პროვოკაციების საფრთხე, როდესაც ისეთ მეზობელთან გაქვს საქმე, როგორიც რუსეთია, არასდროსაა გამორიცხული, უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ჩანს ეს მინიშნება.

    "ამ შემთხვევაში ლავროვი რუსულ საზოგადოებას ეუბნება, რასაც ჩვენ ვამბობდით უკრაინაზე, ეს ჭეშმარიტებაა და ახლა საქართველოშიც იგივე ხდება. ასეთი მარტივი პროპაგანდისტული წიოკია და სხვა არაფერი. სამწუხაროა, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე კარგა ხანია აღარ არის დიპლომატიური უწყება. ის კრემლის პროპაგანდისტული სააგენტო გახლავთ,"- აღნიშნავს მენაღარიშვილი.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    არა?   (25.06.2019)
    საქართველოში წარმოებული პროდუქცია უნდა პასუხობდეს ევროპულ სტანდარტებს.რუსეთმა კი რაც უნდა ის აკეთოს.

    mzirali   (25.06.2019)
    ეს მოსალოდნელიც არის, მაგრამ ამის გამო თავი კი არ უნდა დავუხაროთ. საჭიროა ახალი ბაზრების მოძიება და შიგა ბაზრის ათვისება

    2019   (25.06.2019)
    რუსეთთან ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებისთვის, რომ შეგვეხედა, ხომ არ აჯობებდა ექსპერტებო, პოლიტიკოსებო!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×