სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამარ შუკვანი
    13.06.2019

     მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ სამუშაოდ თბილისში გადმოინაცვლა, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა უფუნქციოდ დარჩა. 2019 წლის იანვრიდან ეს შენობა შსს-ს გადაეცა, თუმცა ამ ეტაპზე ის დაკონსერვებულია.

    არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი „რეზონანსთან" იმ ფუნქციაზე საუბრობს, რომელიც აუცილებელია ამ შენობამ იტვირთოს, - „ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი ეს საკონფერენციო-საგამოფენო სივრცე გახდება, ყოველგვარი სხვა ფუნქციების გარეშე," - ამბობს ის.

    ბათიაშვილის განცხადებით, პარლამენტის ყოფილ შენობაში თუკი საკონფერენციო-საგამოფენო სივრცის ფუნქციას იკისრებს, შესაძლებელია ქუთაისი საუნივერისტეტო ქალაქი გახდეს.

    „ყველაფერი დამოკიდებულია ერთ მთავარ საკითხზე, - ქუთაისი უნდა გახდეს დასავლეთ საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრი, საუნივერსიტეტო ქალაქი და თუკი ეს ფუნქცია მიენიჭება, მისი ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კონფერენციების, კონგრესებისა და საგამოფენო სივრცეების არსებობის აუცილებლობა იქნება.

    „შენობა, რომელმაც შეიწირა ყველაზე ძვირფასი რამ, რაც წინა საუკუნეში იყო გაკეთებული, ეს მემორიალი გახლდათ, ბერძენიშვილის მონაწილეობითა და კალანდარიშვილის მიერ გაკეთებული მემორიალი, რომელიც ააფეთქეს და ოჯახი შესწირეს. კარგია, რომ პარლამენტი ამ შენობიდან გამოვიდა; ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი ეს საკონფერენციო-საგამოფენო სივრცე გახდება, ყოველგვარი სხვა ფუნქციების გარეშე," - აღნიშნა მან.

    დაანონსებულია, რომ პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი განთავსდეს, თუმცა, პროცესი დღეს რა ფაზაშია, ცნობილი არ გახლავთ.

    „ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი მოეწყობა. დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა საპოლიციო სერვისებით ისარგებლონ, ასევე ეს იქნება ადამიანების დასაქმების ხელშეწყობა. საპოლიციო ჰაბში, როგორც თბილისში, განთავსდება ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც მოსახლეობისთვის 50-მდე სერვისის მიწოდება მოხდება," - განუცხადა შსს-მ „ინტერპრესიუსს".

    არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი აცხადებს, რომ საპოლიციო ჰაბისთვის შესაძლებელია სხვა შენობის გამოყენება, ან ახალი შენობის აშენება. ხოლო, მისი თქმით, ასეთი შანსი, რომ ამ შენობაში საკონფერენციო-საგამოფენო სივრცე განთავსდეს, მეორედ აღარ იქნება.

    „საპოლიციო ჰაბისთვის სხვა ააშენონ, ან არის უამრავი შენობა, რომლის გამოყენებაც შეიძლება. ამ შენობაში არის ამფითეატრი, სადაც პარლამენტის სხდომები ტარდებოდა. საკონფერეცნიო დარბაზად უმარტივესად გადაკეთდება. მთელი ეს სივრცე, მისასვლელი, როგორც გარე, ისე შიდა ნაწილი, ნებისმიერი მსგავსი თემატიკისათვის იდეალურია.

    „ამის ამშენებელი ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ ვართ, რადგან კერძო პირი იშვიათად დაინტერესდება იმით, როგორ ჩადოს ამაში თავისი ფინანსები. სახელმწიფოს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გვაქვს ეს შენობა და ამისათვის უნდა გამოვიყენოთ, რაც სწორედ საუნივერსიტეტო ქალაქის ჩამოყალიბების ბიძგი იქნება," - განაცხადა გიგა ბათიაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×