სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    12.06.2019

     „ვაშინგტონიდან საჯაროდ კრიტიკა ითქვა იმისთვის, რომ ეს გაეგონა უკვე არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქართულ საზოგადოებასაც სცოდნოდა აშშ-ის პოზიცია და გაეგონათ იგივე ოპონენტებს, იქ ნახსენები იყო რუსული და ჩინური მხარე.

    "ყველას გასაგონად გაესვა ხაზი ამ პრობლემებს. ასეთი რაღაც მხოლოდ სერიოზული პრეტენზიების დროს ხდება ხოლმე. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ კულისებში ეს ყველაფერი ბევრად უფრო მკაცრად იყო ნათქვამი,"- აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს გზავნილებზე კომენტარისას.

    „რეზონანსი": აშშ-ში პრემიერ მამუკა ბახტაძის ვიზიტი დასრულდა და შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისაუბრა იმაზე, რომ სასამართლო რეფორმა და სამართლიანი არჩევნები უნდა იყოს საქართველოს დემოკრატიის მთავარი პირობა და ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ანაკლიის პროექტს ბოლომდე მიიყვანს. „ოცნებაში" აცხადებენ, რომ აშშ-ში ხელისუფლების ნაბიჯები პოზიტიურად შეფასდა, ოპოზიცია და ექსპერტები კი აცხადებენ, რომ პომპეოს გზავნილი ეს იყო საჯარო გაფრთხილება. თქვენ როგორ აფასებთ ამ ყველაფერს?

    გია ხუხაშვილი: პოზიტიურად რა მიმართულებით შეფასდა, სასამართლოს, არჩევნების და ანაკლიის მიმართულებით?

    „რ": საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მხრიდან პოზიტიურად იყო დანახული ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს და შემდგომ ამ დადებითი კურსის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი პომპეომ...

    გ.ხ: საერთოდ დიპლომატიაში ასე ხდება და დავით ზალკალიანმა ეს კარგად უნდა იცოდეს, რომ კრიტიკა არის კულისებში და საჯაროდ ხდება შექება. პარტნიორებთან ასე იქცევიან. ამ შემთხვევაში ჩვენ საჯაროდ შექება ვერ ვნახეთ.

    თუ პირიქით მოხდა, კულისებში შეაქეს და სადღეგრძელოები დალიეს, ხოლო საჯაროდ აკრიტიკეს, ეს ერთობ უცნაური დიპლომატია იქნებოდა. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან ასეთ განცხადებები აბსოლუტურად გასაგებია, რა უნდა ქნან?! ნახეთ, გუშინ როგორი სურათი დაჯდა. ერთი, რომ კობახიძემ ჩაატარა ბრიფინგი და რაღაც იბერიის გაბრწყინებაზე გველაპარაკა, მართლმსაჯულების სისტემის უკვე მერამდენე ტალღაზე და იმავე დღეს ისაუბრა პომპეომ იგივე მართლმსაჯულების პრობლემებზე, არჩევნების პრობლემებზე და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დიპლომატიურად უთხრა ხელისუფლებას, რომ არ გამოვა ეს ვირეშმაკული თამაშები ამ პროექტთან დაკავშირებით. ესაა მოცემულობა. ჩვენ პირველწყაროდან უნდა შევაფასოთ, ვიდრე ხელისუფლების კომენტარებში ვეძებოთ ჭეშმარიტება.

    „რ": თქვენც ამბობთ, რომ პარტნიორებს შენიშვნებს კულისებში ეუბნებიან და ამ შემთხვევაში აშშ-ის რატომ დასჭირდა საჯაროდ მიეცა შენიშვნა საქართველოს ხელისუფლებისთვის?

    გ.ხ: საჯაროდ კრიტიკა ითქვა იმისთვის, რომ ეს გაეგონა უკვე არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ქართულ საზოგადოებასაც სცოდნოდა აშშ-ის პოზიცია და გაეგონათ იგივე ოპონენტებს, იქ ნახსენები იყო რუსული და ჩინური მხარე. ყველას გასაგონად გაესვა ხაზი ამ პრობლემებს. ასეთი რაღაც მხოლოდ სერიოზული პრეტენზიების დროს ხდება ხოლმე. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ კულისებში ეს ყველაფერი ბევრად უფრო მკაცრად იყო ნათქვამი.

    „რ": თქვენ ახსენეთ რუსეთი და ჩინეთი. პომპეომ თქვა, რომ იმედია, საქართველო დაასრულებს ანაკლიის პორტის პროექტს და ეს აღკვეთს იმას, რომ საქართველო რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკების გავლენის ქვეშ მოექცეს. ამით ვაშინგტონმა მიანიშნა, რომ ანაკლიის პროექტთან მიმართებაში რუსეთის და ჩინეთის გავლენებზეა ეჭვი?

    გ.ხ: როგორც ჩანს, ისინი ხედავენ ამ რისკებს და მიუთითებენ ამაზე. ამის ალბათობა ყოველთვის არსებობს. დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება მიმდინარეობს დღეს მსოფლიოში და საქართველო არის ფრონტის ხაზზე.

    ამერიკელები მოიაზრებენ, რომ ანაკლიის პორტი არის ახლად ფორმირებადი უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შავ ზღვაში და ეს აბსოლუტურად გასაგებიცაა.

    ამ გლობალური გადანაწილების ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა შავი ზღვა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან შავ ზღვაში ჯერჯერობით რუსეთი დომინირებს და ამ კონიუნქტურის შეცვლა უნდა ვაშინგტონს. ეს დიდი ბრძოლაა. გვექნება იმის ილუზია, რომ პომპეომ გამოაცხადა და ყველაფერი დალაგდა.

    სამწუხაროდ ამ სამყაროში ასე არ ხდება დიდი ხანია. დღეს მოწინააღმდეგე მხარე იბრძვის და მათგან საპასუხო ქმედებებს უნდა ველოდოთ. ასე, რომ ეს რთული ბრძოლაა და დიდი სიბრძნე მართებს ხელისუფლებას და არა ის სიბრიყვე, რაც აკეთეს ანაკლიასთან დაკავშირებით, როცა ამ პროექტის საბოტირების მცდელობა იყო რამდენიმე ტალღად.

    „რ": რუსეთი გასაგებია, მაგრამ საქართველო ჩინეთის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცესო, ეს რას მიანიშნებს, ამ პორტში ჩინური ტვირთების გადაზიდვა ხომ უნდა მოხდეს?

    გ.ხ: სიმართლე გითხრათ, ჩინეთთან დაკავშირებით ცოტა ვერ გავიგე, მაგრამ თუ პოლიტიკური ლოგიკის დანახვა გვსურს, აქ უფრო საუბარი იყო ამ ინფრასტრუქტურის კონტროლზე და არა ტვირთებზე.

    ტვირთები, რა თქმა უნდა, ჩინურიც უნდა გადაიზიდოს, მაგრამ აქ საპორტო ინფრასტრუქტურის ჩინური ინვესტიციების ქვეშ მოქცევაზე საფრთხეზე იყო მინიშნება. ანაკლიის კონსორციუმში ძირითადად ამერიკელი ინვესტორები მონაწილეობენ. თუ გახსოვთ, როცა ალტერნატიული კონკურსი ჩატარდა, ალტერნატიული პროექტი ჩინური იყო. ასევე, როცა ფოთზე იყო საუბარი, იქაც ჩინურ ინვესტიციებზე იყო ლაპარაკი. ასე, რომ პომპეის, ალბათ, ეს ჰქონდა მხედველობაში.

    „რ": ვაშინგტონიდან გამოგზავნილი ამ მესიჯის შემდეგ, როგორ განვითარდება ანაკლიის პორტის თემა, მორჩება საბოტაჟირება?

    გ.ხ: იმდენად უცნაურად მიდის ყველაფერი, რომ ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. ვერ გამოვრიცხავ, რომ საბოტაჟი გაგრძელდეს, უბრალოდ უფრო ფრთხილად. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს ამ მხრივ. რა თქმა უნდა, ამ განცხადების შემდეგ შეეცდებიან, რომ უფრო ფრთხილად იმოქმედონ, მაგრამ ჯერჯერობით გარანტიები არაფრის არ არის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×