სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მერიის არაერთი დაპირება ჩვეულებრივი ტყუილი აღმოჩნდა
    მარი ოთარაშვილი
    (05.08.2011)

    თბილისის მერიამ საბავშვო ბაგა-ბაღებში გადასახადი ოფიციალურად დააწესა. უგულავას უწყებამ თავად ბაგა-ბაღის დირექტორებს მისცა იმის უფლება, 100 ლარამდე თვითონ აირჩიონ თანხა, რომელსაც მშობელს გადაახდევინებენ. როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, ყველაზე მინიმალური გადასახადი 50 ლარია.

    მერიამ გუშინ საბავშვო ბაღების "მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ" ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ შეიქმნა არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი - თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტო - რომელიც თბილისელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ახალი მეთოდოლოგიით სწავლებასა და გაუმჯობესებულ მომსახურებას სთავაზობს.

    მერიის ინფორმაციით, გადახდის ახალ სისტემაზე გადასვლა საბავშვო ბაღების ადმინისტრაციული მართვის მეთოდების რეფორმას უკავშირდება.

    განცხადებაში აღნიშნულია, რომ თითოეულ ბაღს შესაძლებლობა ექნება, დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხარისხის შესაბამისი, ინდივიდუალური გადასახადი დააწესოს, მაგრამ ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რაც რეალურად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ერთი ბავშვის შენახვას სჭირდება. რა თანხას მოიცავს ერთი ბავშვის შენახვისთვის საჭირო ხარჯები, მერიის ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის.

    ახალი სისტემით, მშობელი საბავშვო ბაღის ასაკის მეორე შვილის სწავლებაში, პირველი შვილის სწავლის ღირებულების 50%-ს გადაიხდის, ხოლო მესამე ბავშვის სწავლება უფასო იქნება.

    განსხვავებული მიდგომა იქნება სოციალურად დაუცველთა მიმართ, 200 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვებისა და ასევე იმ მოზარდების სწავლების გადასახადს, რომელთა აღზრდა ინკლუზიური მეთოდით მიმდინარეობს, თბილისის მერია დაფარავს.გარდა ამისა, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მომავალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში გაუქმდება ყველა ის დამატებითი გადასახადი, რომლებიც წლების განმავლობაში არაოფიციალურად არსებობდა, მშობლების უკმაყოფილებას იწვევდა და ბავშვებს შორის არათანასწორ სასწავლო გარემოს ქმნიდა.

    მერია იმასაც ირწმუნება, რომ რეფორმის შედეგად, ყველა ბავშვს, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა, საშუალება ექნება, თანაბარ პირობებში აღიზარდოს და დამატებით ყველა ის სასწავლო წრე გაიაროს, რომელიც ადრე ფასიანი იყო და შესაბამისად - მიუწვდომელი.

    ბაღებში სწავლების ახალი მეთოდოლოგია გამოქვეყნდება საბავშვო ბაღების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: ცცც.ლშვთ.წკპ.პუ და ნებისმიერ მშობელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს და თავად ნახოს, თუ რა მეთოდით წარიმართება მათი შვილების აღზრდა-განვითარება.

    თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტომ ბავშვების მიღება უკვე დაიწყო. პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბაღებში მხოლოდ იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-5 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა 200 000 არ აღემატება.

    ყველა სხვა კატეგორიის მსურველთა რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება.

    ბაგა-ბაღის ხელმძღვანელები "რეზონანსთან" საუბრისას ამბობენ, რომ მერიამ თანადაფინანსება შემოიღო, რის მიხედვითაც აღსაზრდელისთვის ნაწილს მშობელი, ნაწილს კი მერია იხდის. მათივე თქით, ბაგა-ბაღი უფლებამოსილია, მშობელს 0-დან და 100 ლარამდე გადასახადი დაუწესოს.

    ია პატეიშვილი, 205-ე ბაგა-ბაღის დირექტორი: "პირველ რიგში, ბაგა-ბაღში ვიღებთ სოციალურად დაუცველი ბავშვებს, 15 აგვისტოდან კი დაიწყება ჩვეულებრივი ბავშვების მიღება. სოციალურად დაუცველებისთვის პაკეტი მთლიანად უფასოა. თანხას არ გადაიხდიან შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებიც. რაც შეეხება დანარჩენებს, მათთვის მერიიდან თანადაფინანსების პრინციპია. ჩვენ მოგვეცა ამის ავტონომია და უფლება, რომ დირექტორებმა ჩვენი შეხედულებისამებრ დავაწესოთ გადასახადი. ცხრილია მოცემული 0-დან 100 ლარამდე და ჩვენ დირექტორებს გვაქვს უფლება, 0-დან 100 ლარამდე შემოვიღოთ გადასახადი. მე, პირადად, გადავწყვიტე, რომ ჩემს ბაღში იყოს გადასახადი 60 ლარი. მერია შეგვივსებს დანარჩენ თანხას, დაახლოებით 33 ლარი თითო ბავშვზე. თანადაფინანსების პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ნახევარს იხდის მშობელი, ნაწილს კი - მერია. თუკი 100 ლარს იხდის მშობელი, მაშინ დაახლოებით 21 ლარს ამატებს მერია.

    "რამდენს ფარავს მერია... პროცენტულად ეს სხვადასხვანაირად ხდება. ყველა ბაღი სხვადასხვანაირ გადასახადს აწესებს. ჩემი ბაღი 60 ლარი კი არა მეტიც ღირს, მაგრამ იმის გამო, რომ მშობლებს მეტი შესაძლებლობა არ ექნებათ, წელს ამაზე მეტის შემოღება არ გადავწყვიტე.

    "როგორც ყური მოვკარი, სხვადასხვა ბაღებში სხვადასხვა გადასახადებია: ზოგან 35 ლარია, ზოგან 50, ზოგან (მაგალითად, ისან-სამგორში) კი - 100 ლარი. მე მქონდა უამრავი წრე: უფასო ცეკვა, უფასო ინგლისური... წელსაც სიახლეებსაც ვხედავ. დღემდე ყველა პაკეტი მერიის წყალობით იყო უფასო, რისთვისაც მერიას მადლობას ვუხდი. ახლაც, რა თქმა უნდა, ამ თანხაში, რასაც მშობელი გადაიხდის, შევა ყველა პაკეტი. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში უფასო ბაგა-ბაღი არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ მშობლებმა უნდა გადაიხადონ, რათა ბიუჯეტში თანხა შევიდეს იმისათვის, რომ ბაგა-ბაღებს მომავალი ჰქონდეთ. უფასო რომ დარჩენილიყო ბაღი, შესაძლებელია დახურულიყო. ეს თანადაფინანსება კი შეუწყობს იმაში ხელს, რომ ბაღებს მომავალი ჰქონდეთ."

    სკოლამდელი დაწესებულებების იმ დირექტორებს, რომლებიც გადასახადების შემოღებას არ მიესალმებიან, დიქტოფონთან საუბარი არ სურთ.

    პრეისტორია და ტყუილები

    ცნობისათვის, საბავშვო ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღებაზე ინფორმაცია დედაქალაქს ნოემბრიდან მოედო. დეკემბერში კი ამის შესახებ უკვე თავად სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლები ალაპარაკდნენ. უგულავას უწყება კი ამ ინფორმციას იანვრიდან მოყოლებული ივნისამდე კატეგორიულად უარყოფდა.

    50-100 ლარამდე! - საბავშვო ბაღებში ამ გადასახადის შემოღებას საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატი, "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი იანვრიდან პროგნოზირებდა. როგორც ის "რეზონანსთან" საუბრისას წლის დასაწყისში აცხადებდა, ეს ნოემბერში საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შედეგი იყო, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის ბიუჯეტი 14 მილიონით შემცირდა.

    "ბაღებში არათუ აცხადებენ, სპეციალურად გაგვაფრთხილეს კიდეც, რომ იანვრიდან აუცილებლად გახდება ფასიანი. ამაზე გვჭირდება ახსნა-განმარტება მერიიდან, რადგან საკრებულოს გვერდის ავლით ასეთი გადაწყვეტილების ჩუმად მიღება არ შეიძლება," - ამბობდა თინა ხიდაშელი. მან სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს განათლების განყოფილებაში იანვარში სხდომა ჩაატარა, შემდეგ კი საკითხი ბრიფინგზეც გაიტანა.

    შეგახსნებეთ, რომ თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 39,6 მლნ ლარი და გახდა 24,6 მილიონი. საბოლოოდ ეს ცვლილება 18 იანვარს დამტკიცდა. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ ბაღების დაფინანსება მერიამ 14 მილიონი ლარით შეამცირა. შესაბამისად, იანვარშივე გაჩნდა ვარაუდი, რომ თბილისის მერია საბავშვო ბაღებს ან თანადაფინანსებაზე გადაიყვანდა, ან მთლიანად ფასიანს გახდიდა.

    იანვარშივე მშობლებს თავად ბაგა-ბაღების ძიძები აფრთხილებდნენ, რომ საბავშვო ბაღები მთლიანად ფასიანი გახდებოდა. ზოგან 50 ლარი ეღირება, ზოგან - 80. ფასთა ასეთი სხვაობა იმით იქნებაო განპირობებული, რამდენად კეთილმოწყობილია ესა თუ ის საბავშვო ბაღი - ეუბნებოდნენ ისინი.

    თავად უგულავას უწყება კი ირწმუნებოდა, რომ საბავშვო ბაღების გაფასიანება ჭორი იყო.

    ნანა ზაქარეიშვილმა, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, გასული წლის ბოლოს "რეზონანსს" უთხრა, რომ "ამის შესახებ ჯერჯერობით მერიაში საუბარი საერთოდ არ ყოფილა. არანაირი ლაპარაკი იმაზე, რომ იანვრიდან საბაშვო ბაღები ხდება ფასიანი, ამჟამად არ არის."

    საკრებლოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობდა, რომ იანვარში საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით საკრებულოში საერთოდ მართლაც არაფერზე იყო საუბარი და, მისი აზრით, ამ ეტაპზე, ამდენი გაძვირებების ფონზე (ნოემბერში ზოგიერთი ავტობუსის ნომრის გაუქმების გამო პრაქტიკულად გადაადგილება გაორმაგდა, ანუ გაძვირდა) ხელისუფლება საბავშვო ბაღებს აღარ გააძვირებდა.

    საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში გადასახადების შემოღების საკითხის განხილვა საკრებულომ იანვარში ჩააგდო და თებერვლამდე გადადო, რაც იმას ნიშნავდა, რომ იანვარ-თებერვალში გადასახადის დაწესება არ მოხდებოდა - ასე ახსნეს საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული საკითხის ჩავარდნა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯაბა სამუშია "რეზონანსთან" საუბრისას ამბობდა, ბაგა-ბაღებში გადასახადის შემოღება მხოლოდ დროებით გადაიდო.

    რესპუბლიკური პარტიის საიტი მაშინ იუწყებოდა, რომ საკრებულოს სხდომაზე სანამ დეპუტატები წარმოდგენილი საკითხების განხილვასა და კანჭისყრაზე გადავიდოდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ სამადაშვილმა ტრიბუნა ოპოზიციონერ დეპუტატებს დაუთმო. თინა ხიდაშელმა კი დეპუტატებს სთხოვა ბაგა-ბაღების საკითხი დაეყენებინათ.

    "მინდა ბაგა-ბაღების საკითხი დააყენოთ, რომ ჩვენი საკრებულოს უფლებამოსილების განმავლობაში მასზე ფასები შემოღებული არ იქნება და თუკი ხელისუფლება ბაღებზე ფასების დაწესებას ნამდვილად არ აპირებს, ეს დავამტკიცოთ", - განუცხადებია ხიდაშელს.

    ჯაბა სამუშია, 2011 წლის იანვარი: "უმრავლესობამ საბავშვო ბაგა-ბაღების საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ გამოიტანა. ანუ საკითხი ჩააგდეს. როგორც მათ თქვეს, ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღება არ ხდებაო და ამ შემთხვევაში არ არის ეს საკითხი აქტუალურიო. ანუ არ ვაძვირებთო. ვნახოთ, რა იქნება. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღება არ მოხდება, რადგან იმდენი აურზაური ატყდა ამასთან დაკავშირებით, რომ ეჭვი მეპარება, ხელისუფლებამ ასე პირდაპირ მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე რომ გაძვირდეს, არა მგონია, თუმცაღა მომავალში არ გამოვრიცხავ."

    რამდენადაც საკრებულოს სხდომაზე ბაგა-ბაღების საკითხი ჩავარდა, თინა ხიდაშელი თვლიდა, რომ დადასტურებულ-დაზუსტებული არ არის, დაწესდება თუ არა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში გადასახადი.

    "ჩვენ ოქტომბრიდან მოყოლებული ვაყენებდით ამ საკითხს. მოვახერხეთ ის, რომ ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღება გადავდეთ. მაგრამ ის, რომ საერთოდ არ იქნება გადასახადი, სამწუხაროდ არსად დადასტურებული არ არის. ეს დადასტურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ საკითხის კენჭისყრა მოხდება," - განაცხადა ხიდაშელმა.

    "რეზონანსი" ბაგა-ბაღებში გდასახადების შემოღებით მარტშიც დაინტერესდა და ამის გასარკვევად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯაბა სამუშიას დაუკავშირდა. მან განგვიცხადა, რომ მერიამ ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღების საკითხს ბუნებაში არარსებულიც კი უწოდა.

    ჯაბა სამუშია: "საბავშვო ბაღები თითქოს ფასიანი რომ ხდება, ამაზე ოფიციალური დოკუმენტი, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერჯერობით არ მინახავს. ეს საკითხები როცა დავსვით, მერიიდან გვითხრეს, რომ ისეთ რაღაცეებზე საუბრობთ, რაც ბუნებაში არ არსებობსო. ანუ საბავშვო ბაღებში გადასახადების შემოღებასთან დაკავშირებით ამ დროისთვის გვაქვს არაოფიციალური ინფორმაციები, რომლებიც, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ჭორის დონეზეა. რამდენადაც ოფიციალური მხარიდან ამაზე არაფერი ისმის, გამიჭირდება იმის პროგნოზირება, საბავშვო ბაღებში მართლაც დაწესდება თუ არა სექტემბრიდან გადასახადები."

    მარტში თინა ხიდაშელი უკვე იმას აცხადებდა, რომ საბავშვო ბაღებში გადასახადების შემოღება დიფერენცირებულად მოხდება.

    თინა ხიდაშელი: "როგორც მე ვიცი, ყველა საბავშვო ბაღში ერთნაირი გადასახადი არ იქნება. 30, 50, ან 80 ლარიანი გადასახადი იქნება იმის მიხედვით, თუ რამდენად კომფორტულია ესა თუ ის საბავშვო ბაღი. სამწუხაროდ, ჩემთვის ეს ახალი თემა არ არის. ამის შესახებ, მოგეხესნებათ, დიდი ხანია, რაც ვსაუბრობ. სრულიად ნათელია, რომ ეს ყველაფერი იანვრიდან იგეგმებოდა. მაშინ გადასახადების შემოღების ყველა პირობა არსებობდა და საამისო მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა. უბრალოდ, როგორც ჩანს, მაშინ ჩემმა ხმაურმა გააჩერა, ვინაიდან იანვარ-თებერვალი სწორედ ის თვეებია, როცა კომუნალურმა გადასახადები გაიზარდა და ტრანსპორტიც გაძვირდა. სწორედ ამიტომ მერია მოერიდა ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღებას. ჩეემა ინიციატივამ, რომელიც საკრებულოში შევიდა, ისინი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ანუ ერთადერთი რაც მოვახერხეთ, იყო ის, რომ გადაიდო უკეთსი მომენტის მოლოდინში."

    დეპუტატი მარტშივე ამბობდა, რომ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში გადასახადების შემოღებისთვის უკეთესი მომენტი ხელისუფლებისთვის ზაფხული იქნებოდა.

    მარტში მერიამ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ უარყო.

    ნანა ჟორჟოლიანი, მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, 2011 წლის მარტი: "სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში მიღებისას ბავშვების დიფერენცირება მოხდება იმის მიხედვით, თუ რომელი მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ფენას. ანუ პირველ რიგში, საბავშვო ბაღში მიიღებენ იმ ბავშვებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არიან, შემდეგ კი - დანარჩენებს. თუმცა მიღებისას ამგვარი დიფერენციაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ დანარჩენებისთვის საბავშვო ბაღში სიარულისთვის რაიმე ტიპის გადასახადი დაწესდება."

    დაახლოებით 2 თვის წინ, 16 ივნისს მერიიდან "რეზონანსს" განუცხადეს, რომ ბაგა-ბაღების გაფასიანების საკითხი ამ დროისთვის არ განიხილება.

    "მატყუარა და უპასუხისმგებლო ხალხი"

    გუშინ ბაგა-ბაღებში გადასახადების შემოღების შესახებ თავად მერიის მიერ გამოცხადებული ინფორმაციის გამო, რომელიც ერთდროულად მოულოდნელიც იყო და მოსალოდნელიც, თინა ხიდაშელმა მერიის წარმოადგენლებს ოსციალურ ქსელ "ფეისბუქზე" "მატყუარა და უპასუხისმგებლო ხალხი" უწოდა.

    "სამწუხაროდ, დღეს საზოგადოებისათვის უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ გადასახადის შემოღება გარდაუვალია და კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მერია კვლავაც არ ასახელებს იმ თანხის კონკრეტულ ოდენობას, რომლის გადახდაც მშობლებს მოუწევთ. სხვადასხვა მომსახურების ტარიფის ზრდის, ფასების მატების, ტოტალური უმუშევრობისა და ეკონომიკური პრობლემების პარალელურად, თბილისის მერიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით უარი თქვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური სოციალური პროგრამის განხორციელებაზე, რომლითაც თბილისილების აბსოლუტური უმრავლესობა სარგებლობდა.

    "დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა თბილისელების სოციალური ყოფის დამძიმებისა და საბიუჯეტო რესურსების ქალაქის რეალური საჭიროებებიდან ჩამოშორებისაკენ," - წერს საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი ამავე პარტიის საიტზე.

    რატომ იტყუებოდა უგულავას უწყება თვების განმავლობაში, ამაზე მერიიდან პასუხი არ არის.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter