“ახლა ორი ფორმალური მმართველი გვეყოლება, ერთი სააკაშვილი, რომელიც პარტიას მართავს და მეორე ივანიშვილი, რომელიც ქვეყანას მართავს”
ელზა პაპოშვილი
18.03.2019

 "ნაციონალურ მოძრაობაში" დიდი ცვლილებები იწყება - მიხეილ სააკაშვილი პარტიის თავმჯდმარეობიდან გადადგა და მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდა.

ვიდეომიმართვაში, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გაავრცელა, საუბარია პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლის საშუალება არ ეძლევა, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში.

მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. თუმცა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი პირადი სიმპათიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.

ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ეს არის კარგად გათვლილი პიარსვლა, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიამ ახალი ამომრჩეველი მოიზიდოს და მათი რიცხვი გაზარდოს.

იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც სააკაშვილის ფაქტორი პრინციპულად მიუღებელია, მაგრამ ხელისუფლების ცვლას და ოპოზიციის მოსვლას ემხრობა. ეს კი მათ საშუალებას მისცემს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ხმა „ნაციონალებს" თავისუფლად მისცენ. თუმცა, პოლიტიოლოგები ამბობენ, რომ სააკაშვილის პარტიიდან წასვლა ფორმალურად იქნება და ვაშაძის უკან რეალურად მაინც ის იდგება.

მათივე აზრით, თუ სააკაშვილი ერთი წელი მაინც შეძლებს, რომ პარტიიდან და პოლიტიკიდან დისტანცირდეს, ეს „ოცნებისთვის" საკმაოდ რთული აღმოჩნდება, რადგანაც მის ფაქტორს არჩევნებისთვის ვეღარ გამოიყენებს.

"ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, მე არ მიშვებს ქვეყანაში, ზოგიერთი ჩვენი ლიდერი არის ციხეში, სულ ახლახან დავით კირკიტაძე დააპატიმრეს და ეს რა თქმა უნდა, ართულებს ორგანიზაციის მუშაობას, მაგრამ იმისთვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და ვაკეთოთ ისეთი რამე, რაც არ შეაჩერებს არცერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ ამ სიტუაციაში ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევა. იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე.

"ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს - ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები, არა ვიღაცების მეშვეობით, არა კულისებში, არა ვიღაცების ერთმანეთში მოლაპარაკებით, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომელიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა. შეგვეძლება ხმა მივცეთ ჩვენი „აიფონით", აპლიკაციით, რომელიც გექნებათ „აიფონში",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, პარტიის ბირთვი უახლოეს მომავალში შექმნის ამ აპლიკაციას და პარტიის თითოეულ წევრს, აქტივისტს შეეძლება ყველა ძირითად გადაწყვეტილებაზე ხმის ელექტრონულად მიცემა შეეძლება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამ მეთოდით ისინი ჩაერთვებიან ყველა მნიშვნელოვან პროცესსა და გადაწყვეტილებაში. მისივე თქმით, პასუხისმგებლობა პროცესებზე და მმართველობაზე ყველამ უნდა აიღოს.

სააკაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად ქვეყნის გადარჩენაზე და ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებლობის ასაღებად ემზადება. მისი თქმით, ეს იქნება მთლიანად ქართველი ხალხის მმართველობა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

„ნაციონალურ მოძრაობაში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, სადაც პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზეა საუბარი. პარტიას რომ განახლება და ახალი სახეები სჭირდება, ამაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძეც. მისი თქმით, პარტიაში ცვლილებები ყრილობაზე გახდება ცნობილი.

„დადგა პარტიის სერიოზული განახლების საკითხი, ახალი ენერგიის მიცემის საკითხი, ამიტომ, მალე პარტიაში მოხდება შესაბამისი ცვლილებები. იქნება პარტიის ყრილობა და პარტია, როგორც დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების ლიდერი და ლოკომოტივი, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ოპოზიცური ფლანგის, საჭიროებს შემდგომი ენერგიის მიცემას, განახლებას," - განაცხადა გოცირიძემ.

რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ხელისუფლება ქვეყანაში შემოსვლის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც სააკაშვილი შიდაპარტიულ ცხოვრებაში ვერ მონაწილეობს.

„შეუძლებელია "ნაციონალური მოძრაობის" გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილისგან. ის არის ამ პარტიის შემქმნელი, ლიდერი, მაგრამ დღეს აქ საუბარი არის ადგილობრივი სტრუქტურების განმტკიცებაზე, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების უსამართლო ქმედებების გამო უშუალოდ შიდაპარტიულ ცხოვრებაში ვერ ღებულობს მონაწილეობას," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანალიტიკოსი და კონსტიტუცინალისტი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომა მოჩვენებითია. მისი აზრით, ეს არის კარგად დაგეგმილი პიარსვლა, რომელიც პარტიას 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებისთვის სჭირდება. ამ ყველარის მთავარი მიზანი კი პარტიაში იმ ამომრჩევლების მოზიდვაა, რომლებისთვისაც პრინციპულად სააკაშვილის ფიგურა მიუღებელია.

ძაბირაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილი მაინც ფორმალურად ყველაფრის მმართველი იქნება და ვაშაძე უბრალოდ ყველა მის ნათქვამს შეასრულებს. თუმცა, ანალიტიკოსი ამბობს, რომ სააკაშვილი პარტიას ერთი წელიც რომ ჩამოშორდეს, ის თავს მაინც ვერ შეიკავაებს და პოლიტიკურად აქტიური მაინც იქნება.

კონსტიტუციონალისტი ელის, რომ „ნაციონალები" საპარალმენტო არჩევნებისთვის შეეცდებიან „ოცნებამ" სააკაშვილის ფაქტორი ნაკლებად გამოიყენოს, თუმცა, თავად მესამე პრეზიდნტი ამის საშუალებას რამდენად მისცემთ საეჭვოა.

„ეს არის ჩვეულებრივი პიარ სვლა, რომლის აუცილებლობაც, რა თქმა უნდა, არსებობდა და სააკაშვილი პარტიის მმართველობას აქამდეც უნდა ჩამოშორებოდა. თუმცა, ყველამ ხომ კარგად ვიცით, რომ სააკაშვილი მაინც ფორმალური მმართველი იქნება.

"ახლა ორი ფორმალური მმართველი გვეყოლება, ერთი სააკაშვილის სახით, რომელიც პარტიას მართავს და მეორე ივანიშვილის სახით, რომელიც ქვეყანას მართავს. სააკაშვილის ეს სვლა პარტიისთვის ახალი ამომრჩევლების მოზიდვის მიზნით ხდება. „ნაციონალები" 2020 წლისთვის იმ 15 %-იან ამომრჩეველზე იმუშვებს, რომლებიც პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად არის ჩახედული და ვერ გადაუწყვეტია მხარი ვის დაუჭიროს.

"თუმცა, მიშა თავის მხრივ პარტიის იმ ამომრჩეველზე იმუშავებს, რომლებიც მის ყველა ნათქვამს უსიტყვოდ ასრულებენ. არ მგონია, რომ სააკაშვილმა ერთი წელი მაინც ჩუმად გაძლოს და პოლიტიკური აქტივობისგან თავი შეიკავოს.

"თავის მხრივ, „ოცნება" მისი ფაქტორის გამოყენებას კვლავ შეეცდება, თუმცა როგორ ჩანს „ნაციონალები" მმართველი გუნდისთვის ამ ფაქტორის წართმევას აპირებენ. არადა სააკაშვილის გარდა ახლა „ოცნებას" სათქმელი მართლა არაფერი აღარ აქვს. ვნახოთ, ფაქტია, რომ ორივე პარტიაში დიდი ცვლილებები დაიწყო", - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×