სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    05.02.2019

     „საქართველოს პრეზიდენტის მიერ წამოწეული ინიციატივა, შავი ზღვის აუზის აკვატორიაში ნატო-ს ჩართულობასთან და ნატო-ს უსაფრთხოების განზომილების რეალურ წარმოჩენასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა და კარგია. ეს ქართული დიპლომატიის კონტექსტში წარმატებად შეგვიძლია მივიჩნიოთ", - ასე შეაფასა სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გეტემიულერის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ ნატო-ში საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე მიდის საუბარი.

    ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების გზებს განიხილავს, რათა შავი ზღვის რეგიონში ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდა უზრუნველყოს. არ არის გამორიცხული, რომ ნატო-მ თბილისთან და კიევთან ერთად ერთობლივი წვრთნები ჩაატაროს.

    ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გეტემიულერმა განაცხადა, ნორვეგიაში გამართულ ატლანტიკურ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.

    „რეზონანსთან" საუბრისას სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია და ნატო-ს მაღალჩინოსნის მხრიდან მსგავსი წინანდადებების მიღება სწორი დიპლომატიის შედეგია.

    როუზ გეტემიულერმა აღნიშნა, რომ ნატო-ს სამხედრო გემების ყოფნა შავი ზღვის აუზში დადგენილი 80 დღის ნაცვლად, უკვე 120 დღემდეა გაზრდილი. 2017 წლის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო გემების შავ ზღვაში ყოფნის დრომ 40 დღით მოიმატა.

    ვახტანგ მაისაიას თქმით, მსგავსი ინიციატივები მისასალმებელია და დიპლომატიის გაღრმავებაზე მეტყველებს:

    „როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წამოწეული ინიციატივა, შავი ზღვის აუზის აკვატორიაში ნატო-ს ჩართულობასთან და ნატო-ს უსაფრთხოების განზომილების რეალურ წარმოჩენასთან დაკავშირებით, უკვე ამოქმედდა და კარგია. ეს ქართული დიპლომატიის კონტექსტში ერთერთ წარმატებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში პირველივე ოფიციალური შეხვედრის დროს, გაჟღერებული ინიციატივა დროული იყო.

    „რაც შეეხება იმას, თუ რა სახით მოხდება ურთიერთობების გაღრმავება, აღსანიშნავია, რომ ნატო-ს ბევრი საშუალება აქვს საამისოდ. ეს შეიძლება იყოს სამხედრო კოალიციური საზღვაო დაჯგუფების შექმნა, ასევე პატრულირება შავი ზღვის აკვატორიაში რუსული ჰეგემონიზმის დასასრულებლად და ა.შ. ბევრი ნიუანსი შეიძლება, რომ წარმოჩინდეს ნატო-სა და საქართველო-უკრაინის საზღვაო ძალებს შორის სამხედრო-პოლიტიკური ურთოერთობების გასაუმჯობესებლად", -დასძინა მაისაიამ.

    მისივე თქმით, ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება უზრუნველყოფს ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტის გაუმჯობესებას:

    „ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება გააუმჯობესებს სამხედრო ადაპტირებას, თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის თავსებადობის მიღწევას", - ამბობს მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    2019   (05.02.2019)
    ველაზე პრაქტიკული ნაბიჯები იქნება, შავი ზღვის ქვეყნებს გადასცენ სამხედრო ხომალდები და მოამზადონ სათანადო კადრები მომსახურეობისთვის, თორემ ასეთი იქით- აქეთ პროწიალით, როგორ უნდა დაიცვას საქართველომ შავი ზღვის სანაპირო...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved