ეკატერინე ბასილაია
23.10.2018

 ამ ცხელი წინასაარჩევნო კამპანიის ფინალში ბიძინა ივანიშვილი მედიით პირველად ჩნდება, თუმცა საკუთარი პირობებით, რამაც ჟურნალისტებში დიდი უკმაყოფილებაც გამოიწვია და როგორც ტელეკომპანია "კავკასიის" მფლობელმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, ეს არის "ჟურნალისტი გამოძახებით", რაც ივანიშვილის მიერ შეპირებულ "გასაოცარ დემოკრატიას" არ უხდება. მეტიც, "რუსთავი 2"-მა და "ტვ პირველმა" გამომწვევად დააიგნორეს ექსპრემიერის შეთავაზება - გარდა იმისა, რომ იტერვიუერი შეცვალეს, ეს შეხვედრა პირდაპირი ეთერის ღირსადაც არ ჩათვალეს.

"ლაივი, ცხადია, არ იქნება, არ არის ინტერესის სფერო, ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ," - თქვა ნიკა გვარამიამ. "ტვ პირველის" განცხადებით კი, საეთერო ბადე უკვე შედგენილია და ცვლილებას ვერ შეიტანენ.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა სამ კონკრეტულ ტელევიზიას გაუგზავნა შეთავაზება, რომ ივანიშვილი სამშაბათს, 22 საათზე, ინტერვიუზე იწვევს პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებს, "იმედიდან" ირაკლი ჩიხლაძეს, "რუსთავი 2"-დან გიორგი გაბუნიას და "ტვ პირველიდან" ინგა გრიგოლიას.

"იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე ვრცელი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამჯერად მხოლოდ აღნიშნული თოქშოუების წამყვანების შეკითხვებს უპასუხებს," - აღნიშნავენ პარტია "ქართულ ოცნებაში".

ამასთან, პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას მიაწვდის.

"ტვ პირველმა" და "რუსთავი 2"-მა განაცხადეს, რომ დასახელებულ ჟურნალისტებს 22 საათზე თოქშოუები აქვთ და ამიტომ თავად გადაწყვეტენ, ვინ გააგზავნონ ინტერვიუზე, ხოლო გადაცემა პირდაპირ ეთერში მათ არხზე არ გავა.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან კითხვების დასასმელად სამი ჟურნალისტი მიდის - ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე და ირაკლი ჩიხლაძე, ეს გადაცემა კი გავა "იმედზე", თოქშოუ "პირისპირის" ნაცვლად.

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სამი ტელეარხისა და სამი კონკრეტული ჟურნალისტისადმი შეთავაზებამ ჟურნალისტების უკმაყოფილება გამოიწვია.

გადაცემა "რეაქციის" წამყვანი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ დროს მას გადაცემა აქვს და "გამორიცხულია, დაგეგმილი ინტერვიუს გამო საკუთარი ეთერი ჩააგდოს".

ტელეკომპანია "კავკასიის" მფლობელი, ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი "ფეისბუქში" წერს, რომ ივანიშვილის შეთავაზება მიუღებელია, რადგან ეს ჰგავს ქცევას "ჟურნალისტი გამოძახებით".

"როცა შენ თვითონ წყვეტ, რომელ საათზე და ვინ გინდა, შენგან ინტერვიუ აიღოს და შეტყობინების სახით უგზავნი სამ არხს ინფორმაციას, რომელი ჟურნალისტების ნახვა გესიამოვნებოდა, ეგ უკვე "ჟურნალისტი გამოძახებით" გამოდის და "გასაოცარ დემოკრატიას" არ უხდება. როდესაც სამ არხს არჩევ რეიტინგის მიხედვით, ესე იგი ირჩევ არხს და არა ჟურნალისტს. შესაბამისად, პირობების კარნახი, რომელი ჟურნალისტი უნდა მოვიდეს შენთან ინტერვიუზე, გაუმართლებელია," - წერს ჯანგირაშვილი.

მისივე თქმით, ასევე გაუგებარია ფორმატი, რადგან ერთი ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემა არის გადაცემა, თუ რამდენიმე ჟურნალისტია, ეს, პრაქტიკულად, პრესკონფერენციაა.

"თუ გადაცემაა, მაშინ რა უფლებით იღებთ მოწყალებას და დანარჩენ არხებსაც გვთავაზობთ ინტერვიუს ეთერში ჩართვას. იმ სამ არხს აღარ ეკითხები? და თუ პრესკონფერენციაა, მაშინ მხოლოდ სამ, თუნდაც ყველაზე რეიტინგულ არხს რატომ ირჩევ? ქალბატონ სალომეს დავესესხები და ივანიშვილის მცდელობა, ერთმანეთთან "შეტყნას" ინტერვიუ, გადაცემა, პრესკონფერენცია, არის სულელური წამოწყება და ერთადერთ მიზანს ემსახურება - ერთდროულად დაიპყროს ყველა არხის ეთერი წინასაარჩევნოდ და მიიღოს მაქსიმალური წვდომა მოსახლეობაზე. აბა, მხოლოდ ვასილის (მაღლაფერიძის) 3%-ის იმედად ეს არ გამოვა. რეალურად, ის ცდილობს უკარნახოს მედიას საკუთარი პირობები," - წერს ჯანგირაშვილი.

ივანიშვილის პირობა მიუღებელია "რუსთავი 2"-ისთვისაც. არხის გენდირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებით, გაუგებარია, რატომ არის მიწვეული მხოლოდ სამი ტელეკომპანია და რატომ არ არიან მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი ან "კავკასია".

გარდა ამისა, გვარამია აცხადებს, რომ გიორგი გაბუნია ვერ მიიღებს მიწვევას, რადგან გადაცემა "არჩევანი" აქვს, თუმცა "კვირის აქცენტების" წამყვან ეკა კვესიტაძეს შეუძლია ინტერვიუზე მისვლა, თუკი ამას ივანიშვილი დათანხმდება. გვარამია ივანიშვილს "კვირის აქცენტებშიც" ეპატიჟება.

"ლაივი, ცხადია, არ იქნება, არ არის ინტერესის სფერო, ბიძინა ივანიშვილი რას ილაპარაკებს საარჩევნოდ, საპროგრამო სიტყვას თუ ასე შემდეგ. თუ მას უნდა ლაივში განსაკუთრებით მწვავე ინტერვიუ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ფორმატი "ჰარდ თოქი" - ეს არის "კვირის აქცენტები." მე და ეკა დიდი სიამოვნებით მივიღებთ მას. ეს არ იქნება მისთვის მსუბუქი გასეირნება, მაგრამ იქნება საინტერესო მისთვისაც, ჩვენთვისაც და მაყურებლისთვის," - ამბობს გვარამია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×