სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    12.10.2018

     თუკი 4 ნოემბრამდე „ცენტრ პოინტის" საქმეზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება, გუკა რჩეულიშვილი, შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს. ბათუმის „მაგნოლიას" საქმეზე სასამართლო განხილვების 2- წლიანი ვადა 4 ნოემბერს გადის. როგორც მისი ადვოკატი ქეთევან ჩომახაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, მომდევნო სხდომა 24 ოქტომბერსაა ჩანიშნული, რომელზეც თუკი საპროცესო შეთანხმება არ იქნება გაფორმებული, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.

    ამის შემდეგ კი დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე ისარგებლებს და ბრალდებულების საბოლოო სიტყვის შემდეგ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს. საქმეზე თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, გუკა რჩეულიშვილი შესაძლოა, საპატიმროში დაბრუნდეს.

    ადვოკატის განცხადებით, საპროცესო შეთანხმება, რომელიც „ცენტრ პოინტის" საქმეზე უნდა გაფორმდეს, გუკა რჩეულიშვილის გარდა, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ეხებათ.

    გარიგების საფუძველზე, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს დატოვებენ და მათ დარჩენილი რეალური სასჯელი პირობით მსჯავრად დაეკისრებათ. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის დაუსრულებელი ობიექტების დასრულება და „ცენტრ პოინტის" მშენებლობისგან დაზარალებულთა თანხმობაა საჭირო. ჯერჯერობით უცნობია როგორი იქნება როგორც პროკურატურის, ასევე დაზარალებულების გადაწყვეტილება.

    „4 ნოემბერს სასამართლოში საქმის განხილვის ვადა იწურება. ახლა მოსამართლეზეა დამოკიდებული ამ დრომდე საქმის განხილვას დაასრულებს თუ არა. ამ ეტაპზე პროკურატურასთან საპროცესო ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, შესაბამისად, მოხდება თუ არა მის დაკავება, ვერ გეტყვით. მანამდე ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ 24 ნოემბერს შემდეგი სხდომაა ჩანიშნული და გუკა რჩეულიშვილმა უნდა გადაწყვიტოს მისცეს თუ არა სასამართლოს ჩვენება. საქმის განხილვის ვადები კანონმდებლობით არის გაწერილი, ამიტომ წინასწარი შეთანხმება მოსამართლესთან, რომ რაიმე კონკრეტულ ვადებში ჩავეტევით, ასეთი რამ არ ხდება ხოლმე. მოკლედ 4 ნოემბრამდე შესაძლოა ითქვას, რომ პროკურატურაზეც ვართ დამოკიდებული. რასაც ის გადაწყვეტს, 4 ნოემბერსაც სიტუაცია ასე შეიძლება განვითარდეს", - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან".

    აპრილის თვეში კი კომპანია „m2 უძრავ ქონებასა" და კომპანია „ცენტრ-პოინტს" შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით ირკვევა, თუკი 6 თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი" გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, m2 „ცენტრ-პოინტის" დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს.

    m2-ის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 მხოლოდ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიად მოგვევლინება, რომელსაც „ცენტრ-პოინტი" დაიქირავებს. სანაცვლოდ კი „ცენტრ-პოინტი" m2-ს მის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ უძრავი ქონება გადასცა. რაც შეეხება დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებთან ურთიერთობას - ეს საკითხი „ცენტრ-პოინტის" პრეროგატივად დარჩება.

    შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.

    ამასთან, მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, რომელთაგან ერთზე, რომელზეც ბრალდებული გუკა რჩეულიშვილიცაა, განაჩენი შესაძლოა, 4 ნოემბრამდე გამოცხადდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved