სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    კრემლი ისევ გვემუქრება, ამჯერად ნატო-ს წვრთნების გამო
    ეკატერინე ბასილაია
    12.10.2018

     კრემლი "ადეკვატურად" უპასუხებს საქართველოში მიმდინარე ნატო-ს სამხედრო სწავლებებს - რუსეთიდან მორიგი მუქარანარევი განცხადება ვრცელდება. ამჯერად ადეკვატური პასუხის გაცემით იმუქრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. ის, ასევე, აცხადებს, რომ საქართველოს მხრიდან პროვოკაციული ნაბიჯია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და მისი არსებობა ერგნეთისა და გალის შეხვედრების ფორმატზე ნეგატიურად აისახება. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის გამო გაღიზიანებული რუსეთი გეგმავს, ჩაშალოს ერგნეთის მომავალი შეხვედრაც, რომელიც ნოემბერშია ჩანიშნული.

    კრემლს საქართველოში სამი რამ აღიზიანებს - ნატო-ს მასშტაბური წვრთნები, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, ლუგარის სახელობის ლაბორატორია და იმუქრება, რომ საქართველოს მხრიდან წამოსულ "პროვოკაციებს" შესაბამისი ზომებით უპასუხებს.

    ლუგარის ლაბორატორიის შესახებ განცხადებით კარასინი ჟენევის 45-ე რაუნდის დასრულების შემდეგ - 10 ოქტომბერს გამოვიდა. მისი თქმით, მოსკოვისთვის მიუღებელია მსგავსი ლაბორატორიის მუშაობა მის საზღვრებთან და იგი გეგმავს, მიმართოს გაერო-ს.

    გუშინ გრიგორი კარასინთან ინტერვიუ გამოაქვეყნა გამოცემა "იტარ-ტასმაც", სადაც რუსეთის საგარეო უწყების მეორე პირმა ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთისთვის მიუღებელია ნატო-ს წვრთნები საქართველოში, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და ლუგარის ლაბორატორია.

    "ჩვენ ადეკვატური რეაგირება გვექნება ნატო-სა და საქართველოს ერთობლივ მასშტაბურ წვრთნებზე, რადგან ეს მანევრები ჩვენს საზღვრებთან იმართება. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებსაც," - აცხადებს კარასინი.

    მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროების საქართველოში ყოფნა "აქეზებს ავანტიურისტ და უაპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს."

    ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სააგენტოსთან ამბობს, რომ საქართველოს პროვოკაციული ნაბიჯის გამო, რაც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სასანქციო სიის შექმნას გულისხმობს და რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლებიც მოხვდნენ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმი არ მუშაობს და თუ საქართველოს მხარე დათმობაზე არ წავა და ამ შავ სიას უკან არ წაიღებს, ამან შესაძლოა, ხელი შეუშალოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმის მუშაობას.

    კრემლიდან წამოსულ მუქარანარევ განცხადებებს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. როგორც დავით დონდუა აცხადებს, მოსკოვი საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ფორმატებს შანტაჟისთვის იყენებს.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთს ყველაზე მეტად საქართველოში მიმდინარე ნატო-ს სწავლებები აღიზიანებს, "რუსეთი და ნატო ანტაგონისტები არიან და მათ შორის ახალი ცივი ომია". ამდენად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ კრემლიდან რეალური პროვოკაციების დიდი საფრთხე არსებობს.

    "ნატო-ს წვრთნები 2014 წლამდეც იმართებოდა, სანამ ახალი ცივი ომი დაიწყებოდა, რაც რუსეთს მაშინაც არ სიამოვნებდა, თუმცა ამას არც დიდ საფრთხედ მიიჩნევდა და არც მუქარა ისმოდა ამის გამო. ახლა კი, როგორც კი ახალი ცივი ომის დინამიკა კიდევ უფრო გამწვავდა, რუსეთიდან მუქარანარევი განცხადებები ისმის და კრემლი კონკრეტულ აქტიურ ქმედებაზეც გადავიდა.

    "რითი შეიძლება დაგვემუქროს კრემლი?

    "ერთი, რომ კიდევ უფრო გაააქტიუროს თავისი აგენტურული საქმიანობა, არა მხოლოდ ლეგალური, არამედ არალეგალური აგენტურა და პოლიტიკური გავლენის აგენტურა;

    "მეორე - გააგრძელოს მცოცავი ოკუპაცია და, ფაქტობრივად, შეეცადოს, გადავიდეს და დაიკავოს თბილისი-გორის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი და, შესაბამისად, შეეცადოს, გადაკეტოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებაც კი ისე, როგორც ბაქო-თბილისი-სუფსის მიმართულების 2 კილომეტრი მიითვისა და დღეს თავად აკონტროლებენ. ამდენად, შესაძლოა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიმართულებასაც შეუქმნას საფრთხე;

    "მესამე - შემოიღოს ეკონომიკური სანქციები და ემბარგო დააწესოს;

    "და მეოთხე - გამართოს სამხედრო წვრთნები, რომელსაც ექნება პირდაპირ სამხედრო მუქარის იერსახე. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც რუსეთის ფედერაციამ შეიძლება გააკეთოს," - ამბობს მაისაია.

    ექსპერტის განცხადებით, რუსეთის მხრიდან პირდაპირი აგრესიაც არ არის გამორიცხული.

    "დიდი ალბათობით, რუსეთის ქმედება გააქტიურდება საინფორმაციო და კიბერომების სახით, რაც მნიშვნელოვანია. საქართველოში, სამწუხაროდ, არის სეგმენტები, რომლებსაც პრორუსული, პროევრაზიული მიმართულება მიაჩნიათ საინტერესო მიმართულებად. ასევე, რუსეთის გენშტაბში დევს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის კონკრეტული გეგმა, დაახლოებით ისეთივე სცენარი, როგორიც იყო 2008 წლის აგვისტოს მოვლენები, მაგრამ ამჯერად უფრო ორგანიზებული და დახვეწილი, მეტად ჰარმონიზებული დროსა და სივრცეში.

    "ამდენად, პირდაპირ აგრესიაზე გადასვლაც არ არის რუსეთის მხრიდან გამორიცხული იმიტომ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესია ჩვენ უკვე გამოცდილი გაქვს. არავინ ელოდა 2008 წლის სამხედრო ინტერვენციას, მაგრამ რუსებმა ეს ჩაიდინეს. სამწუხაროდ, პრეცედენტი უკვე შექმნილია. მით უფრო, რომ მათ წელს ყველა სამხედრო წვრთნებში, ფაქტობრივად, გაითამაშეს ომის სცენარი. "აღმოსავლეთ 2018" და "კავკასია 2018" იყო წვრთნები, სადაც შემუშავებული იყო სირიის კამპანიის ელემენტები. შესაძლოა, სირიის კამპანიის ელემენტები გამოიყენონ საქართველოს წინააღმდეგაც. დღევანდელი რუსეთისაგან ყველაფერი მოსალოდნელია," - მიიჩნევს მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    roma   (13.10.2018)
    რუსეთის N 1 ამოცანაა, საქართველოში შიგნიდან შეამზადოს ნიადაგი, შექმნას პრორუსული განწყობები, შემოატრიალოს საქართველო რუსეთისკენ, სანამ საქართველოს არ მიიღებენ ნატოში... ამისთვის ის ეხლა ყველაფერზე წამსვლელია, დაშინება, შანტაჟი, პრორუსული პარტიების გაძლიერება, კანდიდატებზე ნადირობა და მათი გაყვანა, ხოლო შემდეგ მათი მეშვეობით ხალხის ხმების დადასტურებით, ისევ რუსულ ორბიტაზე დაბრუნები... ეს პროცესები ჩვენს თვალწინ ხდება, მაგრამ სამხედრო გზით, ამის მიღწევა რუსეთისთვის წამგებიანია, ვინაიდან მას საერთაშორისო ასპარეზზე და შიგნითაც რეპუტაცია ძალიან შელახული აქვს, სანქციები ეფექტურად მუშაობს და საპენსიო ასაკის მომატება, კარგი ცხოვრებით არ არის ნაკარნახევი, ასევე სირიის მიმართულებით ოპერაციები არც ისე კარგად გამოსდის და ამის მაგალითია იდლიბი, ასევე ისრაელის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩაგდებამ, სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა რუსული ანტისაჰაერო სისტემების ეფექტურობა, გამოდის რომ ებრაელებმა, რუსებს ჩამოაგდებინეს, რუსული თვითმფრინავი...

    ტატოო   (12.10.2018)
    ეს გასაგებიცაა ჩვენმა გენშტაბმა ხომ ჯერ კიდევ 2006 შეიმუშავა რუსეტზე თავადასხმის გეგმა და აბა რას იზამდა რუსეთი

    vaso   (12.10.2018)
    aseti unamusoba ar minaxavs. sxva gza ara gvaq, unda veomot da gavimarjvot, an davnebdet da gavxdet misi shemadgeneli, rogorc viyavit. kavkasioni unda daiketos. tanamedrove raketsacinaagmdego sistemebi gvinda da tana medrove aviacia da morcha, verafersac ver gvizams.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved