სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თბილისში ამბობენ, რომ ამის უკან, შესაძლოა, რუსეთის ეკლესია იდგეს
    თამთა ქარჩავა
    (19.11.2009)

    "აფხაზეთის ეკლესიის კანონიკური სტატუსის" აღიარების თხოვნით ე.წ. აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელმა ბესარიონ აპლიამ რუსეთის ეკლესიას კვლავ მიმართა. პარალელურად აპლიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდსაც გაუგზავნა წერილი.
    ეს წერილი საპატრიარქოში ჯერ არ მიუღიათ, თუმცა მისი შინაარსი გუშინ რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს.
    აპლიას წერილი ინფორმაციული ხასიათისაა - იგი "სიხარულით ამცნობს" საქართველოს ეკლესიას იმის შესახებ, რომ ე.წ. აფხაზეთის ეკლესია მისი ნაწილი აღარაა.
    აპლიას წერილში, რომელიც რუსულმა სააგენტოებმა გაავრცელეს, ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ე.წ. სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიალურ რიგგარეშე კრებაზე ე.წ. აფხაზეთის კანონიკური ეკლესიის - ბიჭვინთის საკათოლიკოსოს აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. ე.წ. ახლად აღდგენილ ეპარქიას "ბიჭვინთისა და სოხუმის" უწოდეს.
    ბესარიონ აპლიას თქმით, კრებამ გადაწყვიტა, აღნიშნულის შესახებ პირველად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისთვის ეცნობებინა.
    "მცხეთის საკათოლიკოსოსთვის არაფერი უფრო გასახარი არ უნდა იყოს, ვიდრე ის, რომ მან ხელახლა შეიძინა და-ეკლესია - აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია ბიჭვინთის საკათოლიკოსო," - აღნიშნულია წერილში.
    მასში, ასევე, ნათქვამია, რომ 1993 წლიდან, სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეკლესიის მოქმედება მთლიანად შეწყვეტილია. აპლიამ აღნიშნულის შესახებ წერილი რუსეთის პატრიარქსა და რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდსაც გაუგზავნა.
    "ინტერფაქსის" ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის სასულიერო პირები სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქს, უწმინდეს კირილს და რუსეთის ეკლესიის წმ. სინოდს მიმართავენ "ლოცვითი თხოვნით აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ეკლესიის აღდგენის საქმეში დახმარების შესახებ".
    აპლიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პატრიარქი და წმინდა სინოდი მის დახმარებაზე უარს იტყვის, აფხაზეთის ეკლესია დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას.
    აპლიას განცხადებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საპატრიარქო. საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვის საპატრიარქოში აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს ეკლესიიდან გამოყოფას არ მიესალმებიან. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ საქართველოს საპატრიარქოს საზღვრების კანონიკურობისადმი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა.
    "აფხაზეთის სასულიერო პირებმა მსგავსი განცხადებები ადრეც გააკეთეს, მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია კი ამ მხრივ კვლავ უცვლელი რჩება," - აცხადებს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი.
    ამასთან, აპლია ირწმუნება, რომ აფხაზეთის ეკლესია საქართველოსთან კავშირში არასოდეს არ ყოფილა.
    "აფხაზეთის ეკლესიას დაკარგული მართმადიდებლური ეკლესიის კანონიკური სტატუსის აღდგენა სურს. ღვთისა და ერის წინაშე ვადასტურებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან ბოლო 15 წლის განმავლობაში არავითარი ეპისტოლეები, მილოცვები და სულიერი საზრდო არ მიგვიღია," - წერს აპლია მოსკოვში გაგზავნილ წერილში.
    "15 წელია, რაც აფხაზეთიდან გამოძევებულია ეპარქიის მღვდელმთავარი იმ 300 ათას ქართველ და არაქართველ მართლმადიდებელ ხალხთან ერთად, რომლებიც აფხაზეთის ძირძველ მოსახლოებას შეადგენდნენ. ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი," - ასე პასუხობს აპლიას სასულიერო აკადემიის, საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.
    მისი უწმინდესობის პირადი მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, არ არასებობს არანაირი სამართლებლივი მექანიზმი, რაც აფხაზეთის ეკლესიის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის გადაწყვეტილებას დააკანონებს.
    "აფხაზეთის დამოუკიდებელი ეკლესია არ არსებობს. ის არის საქართველოს იურისდიქციაში. ამას აღიარებს მსოფლიოს საპატრიარქო, ამას აღიარებს რუსეთის ეკლესია და ამას აღიარებს საქართველოს საპატრიარქო. ბესარიონ აპლიას ღამეული ზმანებების კომენტარები ჩვენი საქმე არაა. რა დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეთ მათ, ან ვინ უნდა ცნოს ეს ეკლესია? ეპისკოპოსიც არაა.
    "სად გაგონილა ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე?! ეპისკოპოსი არის თბილისში, იძულებით წამოსული აფხაზეთიდან. აფხაზეთი ცნო ვენესუელამ, ნიკარაგუამ და რუსეთმა. ამ შემთხვევაში, საეკლესიო კანონიკედან გამომდინარე, ყველა მართლმადიდებლურმა ავტოკეფალიურმა და ავტონომიურმა ეკლესიამ უნდა ცნოს ამ ეკლესიის დამოუკიდებლობა.
    "ცხრა ეკლესიამაც რომ ცნოს, ამას არანაირი საფუძველი არ ექნება. იმიტომ, რომ ავტოკეფალიას იღებს დედა ეკლესიის წარდგინების საფუძველზე. დედა ეკლესია არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამას არასოდეს არ გააკეთებს. მათ რაც უნდა აცხადონ, ამას არანაირი საფუძველი არ ექნება საერთაშორისო დონეზე. აქამდეც ასე არ იყო? ჩვენ იქით არ გვიშვებდნენ და რას აკეთებდნენ, კაცმა არ იცის," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა.
    ე.წ. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წინამძღოლის მოვალეობის შემსრულებლის, ბესარიონ აპლიას განცხადებას არასერიოზულს უწოდებს სასულიერო აკადემიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, პროფესორი სერგო ვარდოსანიძიძე. მისი თქმით, საეკლესიო კანონიკის თვალსაზრისით, 15 მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ერთმანეთის კანონიკურ საზღვრებს და მათ შორის რუსეთის ეკლესიაც აღიარებს საქართველოს ეკლესიის ტერიტორიულ კანონიკურ საზღვრებს.
    "აპლიას განცხადება ჰაერშია გამოკიდებული. რა თქმა უნდა, თუ მის უკან არ დგას რუსეთის ეკლესია. რუსეთის ეკლესია ოფიციალურად კი აღიარებს საქართველოს ეკლესიის ტერიტორიულ ავტოკეფალიას, მაგრამ ირიბად, რაღაც ფორმით, შესაძლოა, მხარს უჭერდეს ბესარიონ აპლიას. თორემ აპლია რას წარმოადგენს. არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია კონსტანტინეპოლის საპატრიარქოდან დაწყებული, ამერიკისა და კანადის ეკლესიით დამთავრებული, აპლიას განცხადებას სერიოზულად არ აღიქვამს. ისინი თვლიან, რომ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის აფხაზეთი," - აცხადებს ვარდოსანიძე.
    მისი თქმით, არაა გამორიცხული აპლიას განცხადების უკან რუსეთის ეკლესია იდგეს. როგორც ვარდოსანიძე ამბობს, ბესარიონ აპლია ხშირად ჩნდება რუსეთის ეკლესიის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში და როდესაც მოსკოვის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის ნაწილად აღიარებს აფხაზეთის ეკლესიას, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის კურთხევის გარეშე, აპლია არ უნდა მიიღოს.
    "შესაძლებელია, რომ აქ რუსული ინტერესები იყოს, მაგრამ ხმამაღლა ამას ვერ გააკეთებს. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მას სხვა პრობლემები შეექმნება. ვგულისხმობ უკრაინას და კიდევ სხვაგან შეიძლება წარმოიშვას მსგავსი სურვილები.
    "რუსეთის ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკდებლობას, გამორიცხულია, რომ ეს ოფიციალური ფორმით გააკეთოს," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას სერგო ვარდოსანიძემ.
    პარლამენტის ვიცე-სპიკერის პაატა დავითაიას განცხადებით, ბესარიონ აპლია რუსეთის სპეცსამსახურებს წარმოადგენს და მის განცხადებას არანაირი სამართლებლივი საფუძველი არა აქვს.
    "მის განცხადებას არანაირი სამართლებლივი ძალა არა აქვს. აფხაზეთის ეპარქიას ჰყავს თავისი წინამძღოლი - მეუფე დანიელი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს შემადგენელი ნაწილია. აპლიას განცხადება და მისი მიმართვა მსოფლიო ეკლესიისადმი, რომ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარონ, სრული აბსურდია," - აცხადებს დავითაია.
    მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქოს ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს მთელ მსოფლიოში, რაზეც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ თავად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აფხაზური ეკლესიის ქართულისგან გამოყოფის ფაქტს არ მიესალმება.
    "ბესარიონ აპლია არის ის პიროვნება, რომელიც 1992-94 წლებში სეპარატისტებს აქეზებდა და აცხადებდა, რომ გმირი იქნებოდა ის აფხაზი, რომელიც ყველაზე მეტ ქართველს მოკლავდა. შეუძლებელია აღნიშნულ ფაქტს მხარი დაუჭიროს ჭეშმარიტმა და მართლმადიდებელმა აფხაზმა, რადგან მას თვითონ რუსეთიც არ უჭერს მხარს," - აღნიშნა პაატა დავითაიამ.
    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ე.წ. აფხაზეთის ეკლესიამ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება სოხუმის საკათედრო ტაძარში აფხაზეთში მოღვაწე სასულიერო პირების შეხვედრაზე ერთხმად მიიღეს. აფხაზური ეკლესიის წარმომადგენლები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან გამოყოფას "ისტორიული სამართლიანობის აღდგენად აფასებენ". თუმცა აქვე აცხადებენ, რომ აფხაზი სასულიერო პირების მიმართვა ყველა მაღალ მართლმადიდებლური ინსტანციისადმი აღიარების თხოვნით დღემდე პასუხგაუცემელია.
    აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია 1943 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარებოდა და აფხაზეთის ტერიტორია ქართულ ეკლესიას ძალადობრივად ჰქონდა მიტაცებული. აპლია აცხადებს, რომ აფხაზურმა ეკლესიამ საქართველოს ეკლესიისაგან გამოყოფით ისტორიული სამართლიანობა აღადგინა. აპლიას თქმით, ეპარქიამ სახელიც გადაირქვა და ამჟამიდან მას "აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესია" ეწოდება.
    აღსანიშნავია, რომ ავტოკეფალიის გამოცხადება საერთო კონსენსუსის მიხედვით ხდება, ანუ ყველა ადგილობრივ ეკლესიასთან უნდა იყოს შეთანხმებული. როგორც მინიმუმ 15 მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კონსენსუსით მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება ამ ეკლესიის ცნობის თაობაზე.
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის შეფასებით, აფხაზეთის სასულიერო პირების გადაწყვეტილება არასერიოზული განცხადებაა.
    "ეს განცხადება ჩვენ სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. არავის არ აქვს უფლება გამოაცხადოს დამოუკიდებლობა დედა ეკლესიის გარეშე," - ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter