სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ოთარაშვილი
    21.09.2009

    სახმედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ კატარღებისგან, რომლებიც საპატრულო მისიით განლაგდებიან ოჩამჩირეში, პროვოკაციების რისკი ძალიან დიდი იქნება.
    ამასთან, აფხაზი სეპარატისტები ენგურჰესის თანამშრომლებს აფხაზური პასპორტების აღებას აიძულებენ. როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველმა ლევან თევზაიამ განაცხადა, აფხაზური პასპორტების აუღებლობის შემთხვევაში ენგურჰესის თანამშრომლებს სამსახურის დატოვება მოუწევთ. მისივე თქმით, სეპატარისტები ოკუპანტების დახმარებით სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვას ცდილობენ, რაზეც თითქმის ყოველდღიური ყაჩაღობის ფაქტი მეტყველებს.
    "სამარშრუტო ტაქსების დაყაჩაღებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სეპატარისტები ოკუპანტების დახმარებით აფხაზეთის რეგიონის იზოლაციაში მოქცევას ცდილობენ", - ამბობს თევზაია.
    აღსანიშნავია, რომ სეპარატისტები აფხაზური პასპორტის აღებას რეგიონში მცხოვრებ პედაგოგებსა და პენსიონრებსაც აიძულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელფასებისა და პენსიების მოხსნით ემუქრებიან. პედაგოგებს საბუთის აღების ვადა 1 ოქტომბრამდე აქვთ მიცემული.
    მოსკოვი სოხუმს "საზღვაო საზღვრის" დასაცავად 10 კატერს რომ გაუგზავნის, ამას ერთგვარ საფრთხედ მიიჩნევს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა.
    "იტარ-ტასის" ინფორმაციით კი, "რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წყაროს ცნობით, "რუსეთი აპირებს, აფხაზეთს საზღვაო საზღვრების დასაცავად 10 სასაზღვრო სადარაჯო კატერი გაუგზავნოს". "დივიზიონი, რომლის შემადგენლობაში 10-მდე სასაზღვრო კატერი იქნება, ოჩამჩირის დასახლებულ პუნქტში იქნება ფორმირებული", - აცხადებს აღნიშნული რუსული საინფორმაციო სააგენტო. შეგახსენებთ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა აფხაზეთს "ქართველი მეკობრეებისგან დაცვაში დახმარება" მას შემდეგ აღუთქვა, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა "საზღვრის დამრღვევი ქართული გემების" ჩაძირვის ბრძანება გასცა.
    "მოსკოვის განზრახვას - განათავსოს ოჩამჩირეში საზღვაო კატერები - ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს შევატყობინებთ და ამაზე ადეკვატურ პასუხს მოვთხოვთ", - აღნიშნა "მთელ კვირასთან" საუბრისას ლევან თევზაიამ. ეს უკანასკნელი იმასაც დასძენს, რომ აფხაზურად მონათლული რუსული კატერები საქართველოსთვის არცთუ უსაფრთხო იქნება.
    კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ოჩამჩირეში რუსული კატერების განთავსების გეგმას ადასტურებს და ამბობს, რომ ამ კატარების საფარქვეშ საქართველოს მიმართ სამომავლოდ განსახორციელებული კრემლის ოპერაციები იმალება.
    პაატა ზაქარეიშვილი: "როგორც ცნობილია, რუსეთს აფხაზეთთან სამხედრო ურთერთობის ხელშეკრულება აქვს დადებული, რომელიც გულისხმობს აფხაზეთის დაცვას მეკობრეებისგან. აქვე მითითებული იყო რიგი ღონისძიებები, რაშიც, ბუნებრივია, შედიოდა ეს კატერები. ამ კატერების, ასე ვთქვათ, საფარქვეშ თვითონ კრემლი განახორციელებს მისთვის სასურველ ოპერაციებს, ოღონდ იტყვის, რომ ამას აფხაზები აკეთებენ. როგორც ადრე მოხდა: თვითმფრინავი სინამდვილეში რუსებმა ჩამოაგდეს, მაგრამ რუსებმა აფხაზებს დააბრალეს. აქედან გამომდინარე, კრემლის მიერ აფხაზეთის სასაზღვრო ზოლში კატარების განთავსება გასაკვირი არ არის. ამით იარაღების გადაცემის გათამაშება იქნება.
    მე არ მგონია, რომ რუსებს აფხაზების თანამედროვე იარაღით აღჭურვა აწყობდეთ. ეს მათ ინტერესებში არ შედის. აქ მოხდება ოფიციალურად ყველაფრის გაფორმება აფხაზებზე, რეალურად კი საქართველოს წინააღმდეგ ოპერაციებს რუსეთი განახორციელებს. ანუ თუკი ჩვენმა საზღვაო პოლიციამ თავის ტერიტორიულ წყლებში დაიწყო უცხოური გემის დაკავება, რუსეთი "შემოეშველება" და, ალბათ, განახორციელებს საქართველოს შეირაღებული ძალების მიმართ სამხედრო ოპერაციებს ისე, თითქოს აფხაზები აკეთებენ".
    "ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არ თმობს, რუსეთს არ რცხვენია (როგორც ამას ხშირად ამბობს ხოლმე ხელისუფლება) და განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას. მას შემდეგ, რაც ჩვენ რუსეთს სამშვიდობო მისიის ნიღაბი ჩამოვხადეთ, იქცევა ღიად, როგორც აგრესორი და ოკუპანტი. ანუ ეს არის რუსეთის მკაფიო განაცხადი იმის შესახებ, რომ ის აგრესორი და ოკუპანტია", - აღნიშნავს კონფლიქტოლოოგი. მისივე თქმით, რაკი რუსეთის აგრესიის მოთოკვა არ ძალუძს სააკაშვილის პოლიტიკას, ის და მისი გუნდი უნდა გადადგეს.
    პაატა ზაქარეიშვილი: "საფრთხის შემთხვევაში ქართული საზღვაო პოლიცია ვერაფერს გააკეთებს. მოსალოდნელი საფრთხის აცილება პოლიტიკოსების გადასაწყვეტია. პოლიტიკოსებმა უნდა იპოვონ გამოსავალი, გამოსავალს კი ჩვენი ხელისუფლება ვერ პოულობს ერთი მარტივი მიზეზის გამო: მაშინ, როცა რუსეთი ყველაფერს აკეთებს ოკუპირებული ტერიტორების საბოლოო "გადაფირმებისთვის", ის ერთ ადგილას არის გაყინული და არ შესწევს იმის უნარი, აგრესორის პოლიტიკა შეაჩეროს. ამ ხელისუფლებას ერთი რამე დარჩენია მხოლოდ - უნდა გადადგეს".
    სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ საუბარია არა დიდი გემებზე, არამედ საპატრულო კატარღებზე. როგორც ექსპერტი "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, ამგვარი ტიპის საზღვაო იარაღი საშიშია არ არის, თუმცა მათი მხრიდან პროვიკაციების რისკის მოლოდინი საკმაოდ მაღალია, რომელიც სესიაშვილის აზრით, ფოთის პორტს დაარყავს.
    ირაკლი სესიაშვილი: "ლაპარაკია საპატრულო კატარღებზე და არა დიდი ტევადობის გემებზე. რამდენადაც რუსეთმა საზღვარი გადმოსწია ფსოუდან ენგურზე, შესაბამისად, აკონტროლებს როგორც მიწას, ასევე ჰაერსა და ზღვას. ანუ საზღვრებს აკონტროლებს და იღებს ყველა იმ საჭირო ზომებს, რაც საზღვრის დაცვას სჭირდება. აქ საშიში თითქოს არაფერია, მაგრამ პროვოკაციების რისკი საკმაოდ მაღალია. ამის მიზეზი კი მარტივია: თუკი აფხაზეთს აქვს იმის დაინტერესება, რომ მას ჰქონდეს ეკონომიკური კავშირები არა მარტო რუსეთთან, არამედ თურქეთთან და შავი ზღვის საშუალებით გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე.
    კრემლის ინტერესი ამ შემთხვევაში იქნება ფოთის საზღვაო ნავსადგურის იმიჯის შელახვა, რადგან ფოთის პორტით სარგებლობს აშშ და დასავლეთი. აქედან გამომდინარე, ფოთის პორტი არის, ფაქტობრივად, აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის ერთ-ერთი ალტერნატიული შემაკავშირებელი რგოლი. ამიტომ თუ რაიმე პროვოკაციული ინციდენტი მოხდება, კერძო ფირმებმა და კომპანიებმა, რომლებიც ფოთის მაგისტრალით სარგებლობენ, შეიძლება ამ მარშრუტით სარგებლობა გადაიფიქრონ. სწორედ, ამიტომ აშშ-მ სამხედრო გემები შემოიყვანა იმისთვის, რომ კერძო კომპანიებს გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები შეექმნათ. დაზღვევაც კი გაუკეთა ფირმებს, რომ წარმოებაზე უარი არ ეთქვათ. რამდენადაც ფოთის პორტი ეკონომიკურ კონკურენციას უწევს ჩრდილოეთის მაგისტრალს, ამ მხრივ მოუნდება, ჩემი აზრით, კრემლს პროვოკაციის მოწყობა, თუმცა რამდენად გამოუვა, ეს ჩემთვის უცნობია".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter