სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    13.07.2018

     "წულუკიანს გაუფართოვეს უფლებამოსილება, კახი კახიშვილი კი პორტფელის გარეშე დარჩა. ამას კომენტარი არ სჭირდება, ფაქტი ღაღადებს. წარმოუდგენელია, ყველაზე პოპულარული მინისტრი გყავდეს და ის ადმინისტრაციაში გადაიყვანო. ეს უკვე საკმარისია დასკვნის გამოსატანად. ქართულ პოლიტიკაში სასწორის ერთ პინაზე იდო პროფესიონალიზმი, მეორე პინაზე - პირადი ერთგულება და პირადი ერთგულების ფაქტორი ჩაგრავს პროფესიონალიზმს," - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

    "რეზონანსი": ნატო-ს სამიტის მიმართ ხელისუფლებას დიდი მოლოდინი ჰქონდა, თუმცა სამიტზე მიღებული დეკლარაციიდან ჯერ ისევ უცნობია, როდის მოგვანიჭებენ მაპ-ს. აშშ-ის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი გარკვეულ დროს ექნება, მაგრამ ახლა არა. თქვენი აზრით, წარმატებული იყო ეს სამიტი?

    სოსო ცინცაძე: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არავინ იტყვის, რომ იმედი გაუცრუვდათ. იმედი არ გაცრუებიათ, წინასწარ იცოდნენ, რასაც მიიღებდნენ. აქ მთავარი ის კი არ არის, სტოლტენბერგი ან აპატურაი რას იტყვის, მაგალითად, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დღეს უფრო მყარია, ვიდრე ოდესმე ყოფილაო, მაგრამ მთავარია არა ეს, არამედ რას იტყვის ტრამპი. მან კი სათქმელი პირდაპირ თქვა. გვითხრა, რომ გარკვეულ დროს გვექნება შანსი. ეს გარკვეული დრო, არავინ იცის, 5 წელია, 10 თუ 20. მე მგონი, ამ შეფასებებში, სტოლტენბერგით დაწყებული და სხვებით დამთავრებული, ყველაზე პატიოსანი მაინც ტრამპი იყო.

    მე, მაგალითად, უკან გადადგმულად და შედარებით ახალ, სერიოზულ ბარიერად განვიხილავ იმას, რომ ჩვენ და უკრაინა უკვე ერთი პაკეტით ვართ წარმოდგენილი. პუტინი 20-50 ომს დაიწყებს, მაგრამ უკრაინას ნატო-ში არ შეუშვებს. ამიტომ ჩვენც რომ უკრაინასთან ერთად დაგვაჯგუფეს, ეს ჩვენთვის კარგი არ არის. გაცილებით მომგებიანი იქნებოდა, კვლავ ცალკე ვყოფილიყავით.

    ტრამპმა კიდევ ერთი რამ თქვა, საქართველოსთან ძალიან დიდი სირთულეებია, თუმცა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზეო. ეს ძალიან თავაზიანი განცხადება იყო. ეტყობა, ტრამპმა თავს ძალა დაატანა, რომ ასეთი კომპლიმენტი გაემეტებინა ჩვენი მისამართით.

    "რ": თუკი მიგაჩნიათ, რომ წლევანდელი სამიტი ჩვენთვის წარმატებული არ იყო, ეს საქართველოში ნიჰილიზმს გამოიწვევს?

    ს.ც: მოსალოდნელია, რომ ღიად პრორუსული განწყობილება გაძლიერდება. გაძლიერდება იმედგაცრუება, რადგან არარეალისტური მოლოდინი იყო. ამ არარეალისტური მოლოდინი კი ჩვენი უპასუხისმგებლო ჩინოვნიკებისა და უპასუხისმგებლო ე.წ. ექსპერტების ბრალია. ხვალ-ზეგ ნახავთ, ექსპერტები როგორი ტაშ-ფანდურით შეხვდებიან, რომ, აი, მარგველაშვილი ესწრებოდა და შეხვდა ტრამპს. კვირიკაშვილიც კი შეხვდა ტრამპს თავის დროზე, მაგრამ რა მივიღეთ?! ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტია. ის, რომ რუსეთი არ შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ, ეს მხოლოდ პუტინს კაპრიზი არ არის, ეს გეოპოლიტიკაა. ამიტომ ჩვენ ჩვენი პროდასავლური კურსის შესანარჩუნებლად მხოლოდ ნატო-ზე ჩაციკლულები არ უნდა ვიყოთ, ჩვენმა ჩინოვნიკებმა ცოტა თავი უნდა შეაჯანჯღარონ და პარალელურად უნდა ეძებონ ორმხრივი კავშირი ევროპის სხვა ქვეყნებთან. ნატო რომ არ არსებობდეს, რა, ჩავბარდებოდით რუსეთს?! ხომ მოვძებნიდით სხვას თუნდაც ევროპაში? ევროპაში მეტი მეგობარი, მეტი მხარდამჭერი უნდა გვყავდეს. დღეს ჩვენი მეგობარი მხოლოდ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთია. აღმოსავლეთ ევროპაშიც კი არ არის ყველა ჩვენი მხარდამჭერი, მაგალითად, ბულგარეთი. გრანდებთან უნდა ვეცადოთ მეგობრობას, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან.

    ხომ ხედავთ, რა ხდება, რუსეთი ყოველდღე მოცოცავს, აგერ გორში ჩამოვა ხვალ-ზეგ, ამიტომ ჩვენმა დიპლომატებმა თავი შეაჯანჯღარონ და კრეატიული გადაწყვეტილებები უნდა ეძებონ.

    ჩვენი პროდასავლური კურსი უალტერნატივოა და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სამიტიდან სამიტამდე 15 წელი ველოდოთ, რა ჩაიწერება ქაღალდზე. თუმცა ამან პესიმიზმი არ უნდა გამოიწვიოს და არ უნდა გამოიწვიოს აზრი, რომ რუსეთის გარეშე არ შეგვიძლია ცხოვრება.

    "რ": საქართველოს შიდა პოლიტიკას დავუბრუნდეთ. დღეს მთავრობა წარადგინა მამუკა ბახტაძემ. წულუკიანი, რომლის მიმართ კრიტიკაა "ოცნებაშიც" კი, მინისტრად დარჩა, ხოლო კახი კახიშვილი, რომელიც ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, ადმინისტრაციაში გადაიყვანეს. რას მიანიშნებს ეს?

    ს.ც: ამას უკვე კომენტარი არ სჭირდება, ფაქტი ღაღადებს, რომ წულუკიანს გაუფართოვეს უფლებამოსილება, კახი კი პორტფელის გარეშე დარჩა. არც ერთ პრემიერს არ სურს, კაბინეტში ჰყავდეს არაპოპულარული მინისტრი. კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა პრემიერი, რომელსაც თავისი სურვილით თავის მთავრობაში შეეყვანა არაპოპულარული ფიგურა. მნიშვნელობა არ აქვს, სამართლიანადაა არაპოპულარული თუ უსამართლოდ. ყველა წინააღმდეგია ამ გოგოსი და თქვენ როგორ ფიქრობთ, მისი მინისტრობა საჩუქარია პრემიერისათვის? ბახტაძის დამოკიდებულება უკვე გამოჩნდა, როდესაც თქვა, რომ კახიშვილი ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო. ამ განცხადებით მან ყველა კითხვას გასცა პასუხი, პრაქტიკულად, თქვა, ჩემზე რომ ყოფილიყო არჩევანი, კახი მინისტრი იქნებოდაო. წარმოუდგენელია, ყველაზე პოპულარული მინისტრი გყავდეს და ის ადმინისტრაციაში გადაიყვანო, სადაც ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს?! ეს არ შეიძლება, მაგრამ ბევრი რამ არ შეიძლება. აგერ ექიმი-კარდიოლოგი ეკონომიკის მინისტრად დაგვინიშნეს. ექიმი უცებ ეკონომისტი ხდება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ კარგი პროფესიონალი პროფესიას არ იცვლის.

    "რ": ამბობთ, რომ პრემიერ-მინისტრს კახიშვილის გაშვება არ უნდოდა. თქვენ ფიქრობთ, რომ ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის დაკომპლექტებულია და არა ბახტაძის?

    ს.ც: პროცესი არ ვიცი, მაგრამ ერთი ფაქტით შემიძლია ვილაპარაკო და ისიც თვითონ პრემიერს დავეყრდნო, როდესაც თქვა, რომ ყველაზე წარმატებული მინისტრი კახიშვილი იყო და ის კაბინეტის გარეშე დარჩა. ეს უკვე საკმარისია დასკვნის გამოსატანად. მე ის დასკვნა გამოვიტანე, რომ, გამსახურდიადან დაწყებული, დღემდე ქართულ პოლიტიკაში სასწორის ერთ პინაზე იდო პროფესიონალიზმი, მეორე პინაზე - პირადი ერთგულება და ყოველთვის პირადი ერთგულების პინა წონიდა. დღესაც ასეა, პირადი ერთგულების ფაქტორი ჩაგრავს პროფესიონალიზმს

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved