სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    12.07.2018

    25 წლის ლუკა ფალიანი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, მესტიის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას დანა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფილტვისა და გულის არეში მამაკაცმა ჩაარტყა. ადგილობრივები ყვებაინ, რომ ფალიანსა და მის მეგობარს მესტიის ერთ-ერთ კაფეში რამდენიმე კაცთან შელაპარაკება მოუვიდათ. მათი გაშველება ჯერ ადგილობრივებმა მოახერხეს, თუმცა როცა სიტუაცია კვლავ გამწვავდა, პოლიცია გამოიძახეს. 

    ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ჩხუბში მონაწილე პირები დაამშვიდეს და შერიგებისკენ მოუწოდეს. თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, პოლიციის წასვლისთანავე ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი კვლავ დაიწყო. ჯერ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შემდეგ კი ცივი იარაღით ლუკა ფალიანის დაჭრით დასრულდა. 

    თვითმხილველები ყვებიან, რომ პოლიციამ მიუხედავად იმისა, რომ მათ მიუთითეს დამნაშავე პირზე, მისი დაკავების სწრაფი ზომები არ მიიღეს და მან კაფიდან გაქცევა შეძლო. ადგილობრივების განცხადებით, ფალიანის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი რამდენჯერმე ნასამართლევია და ის ციხიდან ახალი გამოსულია. 

    გარდაცვლილი ახალგაზრდის ნათესავებისთვის უცნობია, რა გახდა შეკამათების მიზეზი, რადგანაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი მას არ იცნობდა. ფალიანი დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად 11 ივლისს გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

    გარდაცვლილის ნათესავი თინა ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიციამ შექმნილი სიტუაცია სათანადოდ ვერ შეაფასა და ჩხუბში მონაწილე პირები არ დაშალა. მოჩხუბარი ახალგაზრდების გაშველება ადგილობრივებმა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა ისინი კაფიდან მაინც არ გავიდნენ და ამ ყველაფერს შორიახლოს მყოფი პოლიცია ხედავდა. მისი თქმით, ადგილზე მისულ პოლიციას მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი ფაქტიურად გაექცა. ფიქრობს, რომ დამნაშავეს შესაძლოა ხეობაში ვინმე მალავდეს, რადგანაც ის ასე სწრაფად ვერ გაიქცეოდა. 

    „პოლიცია მთელი ჩხუბის განმავლობაში მშვენივრად ხედავდა რაც ხდებოდა, მაგრამ ყურადღებაც არ მიაქციეს. ასე როგორ შეიძლება, იქვე რომ დაკატაობდნენ, არ შეძლოთ, რომ ეს უბედურება თავიდან აეცილებინათ? კაცმა არ იცის ჩხუბი რის გამო დაიწყო. 

    „ზოგი ამბობს, ეს ბიჭები ხმაურობდნენ და მან შენიშვნა მისცა, რაზეც ჩხუბი დაიწყეს. ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. როგორც გვითხრეს, ეჭვმიტანილი ციხიდან ახალი გამოსული ყოფილა. მგონი ადრეც მკვლელობაზე იხდიდა სასჯელს. ზუსტად არც ვიცით. სად წავიდოდა, კარგად მოძებნონ აქ იქნება სადმე დამალული“, - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი. 

    დამნაშავე ადგილობრივი მკვიდრია, რომლის ვინაობაც სამართალდამცველებისთვის, სვარაუდოდ, უკვე ცნობილია და მიმდინარეობა მისი სამძებრო ღონისძიებები. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, 11 ივლისს, ღამით, მესტიის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 25 წლის ლ.ფ. შეიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა.

    როგორც უწყება აცხადებს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ლ.ფ-ს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კი ლ.თ. ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved