სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რა გამოხმაურება მოჰყვა ხეობაში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციას
    თიკო ოსმანოვა
    27.12.2017

     ბოლო 1 თვეში უკვე მეორე სპეცოპერაცია. თბილისის შემდეგ ამჯერად გვიან ღამით სპეცოპერაცია პანკისის ხეობის ორ სოფელში ჩატარდა. დაკავებულია 5 ადამიანი, მათგან ერთი მართვით სუნთქვაზეა. დაკავებულებს ახმედ ჩატაევის საქართველოში უკანონოდ შემოყვანა ბრალდებათ.

    პანკისის სოფლებში - დუისსა და ომალოში 60-მდე სპეცრაზმელმა 4 კაცი დაიჭირა. მათგან ერთი, თემირლან მაჩალიკაშვილი, მძიმედ დაიჭრა. კიდევ ერთი, დუისელი ხიზირ მარგოშვილი, თბილისში აიყვანეს. დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სპეცოპერაციას დადგმულს უწოდებენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. აღნიშნავენ, რომ მათ სახლში იარაღი არ უპოვიათ და გავრცელებული ინფორმაცია ხელყუმბარის გახსნაზე ტყუილია. ისინი ამტკიცებენ, რომ მაჩალიკაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს არც ახმედ ჩატაევთან და არც რომელიმე სხვა ტერორისტთან.

    "(ჩატაევთან) აკავშირებენ იმიტომ, რომ სად რა ხდება, მაგის შნო, მაგის ძალა, მაგის ენერგია თქვენს მთავრობას არ გააჩნია, ვიღაც უნდა გაიწიროს, აი, რა ხდება," - განაცხადა მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ის მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა გუშინ ღამით კრიტიკული იყო. მას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი.

    პანკისელი ჟურნალისტის - სულხან ბორძიკაშვილის განცხადებით, "ამ ბიჭისთვის სროლის ფაქტი იწვევს განსაკუთრებულ აღშფოთებას. დანარჩენი მეტ-ნაკლებად გასაგებია - ჩატარდა სპეცოპერაცია და თუ ვინმე დასაჭერია, დაიჭირონ. საუბარია, რომ მისი ცოცხლად აყვანა არ უნდოდათ და მოკვლის მიზნით ესროლეს. ამ ადამიანებს აქვთ თუ არა "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირი, არ ვიცი, თუმცა არც გამორიცხვა შემიძლია. ასე უბრალოდ არ მგონია, რომ ჩატარებულიყო სპეცოპერაცია. გაუწია თუ არა წინააღმდეგობა, არ ვიცი. ეს ეცოდინებათ მათ, ვინც შევიდნენ და თავად იმ ბიჭს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ბორძიკაშვილი.

    მისივე თქმით, პანკისელები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მათ წინააღმდეგ მუშაობს, ამიტომ ფიქრობს, რომ ეს სპეცოპერაცია კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას.

    "ამ ბოლო პერიოდში სხვადასხვა თემაზე ისედაც იყო უკმაყოფილება და ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. სახელმწიფო მათ წინააღმდეგ მუშაობს - ეს აზრი არსებობს პანკისში, რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს ვითარებას", - გვითხრა ბორძიკაშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მოგვიანებით ბრიფინგი გამართა უსაფრთხოების სამსახურმა. მათი განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

    "თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა, წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცველებისათვის. კერძოდ, უნდოდა, მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება," - განაცხადა სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

    მისი თქმით, დაკავებულები დაკავშირებული არიან თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან.

    "გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდეგ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა, ასევე, უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში."

    სუს-ის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამის შესახებ ჩატაევის კომპიუტერიდან და სხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან ამოღებული ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი.

    ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულებისა და დაკავებულის ვინაობა დადგენილია. ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი მოქმედებებით სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, რაციები და სხვა მტკიცებულებები.

    "საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა. იგი რუსეთის მოქალაქე შოიაფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა და ასლანბეგ სოლტახმადოვი," - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved