სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    27.12.2017

     ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია, რომლის რეკონსტრუქციისთვის 26 მილიონი ლარი დაიხარჯა, კვლავ უფუნქციოა. ეკონომიკის სამინისტროში ამასთან დაკავშირებით ჯერ რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვთ.

    "ამ ეტაპზე რაიმე ინფორმაცია არ გვაქვს. მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ შენობა აუქციონზე არაა გატანილი," - უთხრეს "რეზონანსს" სამინისტროში.

    შევა თუ არა ათონელზე მდებარე რეზიდენციაში მომავალი პრეზიდენტი, ესეც გაურკვეველია. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამაზე არ უმსჯელიათ.

    "არ ვიცი, როგორც საჭირო იქნება, ისე გადაწყდება მისი ფუნქცია. "ოცნებას" ამაზე არ უმსჯელია და თქვენ სად გაგახსენდათ?" - იკითხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ.

    აღსანიშნავია, რომ ათონელის ქუჩაზე რეზიდენციის რეკონსტრუქცია მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წლის 20 აპრილს დაასრულა. მაშინ საუბარი იყო იქ პრეზიდენტ მარგველაშვილის გადასვლაზე, მან კი უარი თქვა, რაც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების საგანი გახდა.

    შენობა ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა და მის ფუნქციაზე მთვარობას უნდა ემსჯელა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ დრომდე ეს საკითხი არავის გახსენებია.

    "კარგი იქნება, საზოგადოებამ პრეზიდენტისგან მოისმინოს განმარტება, რისთვის დაიხარჯა 28 მილიონი ახალი რეზიდენციის ასაშენებლად, თუკი იგი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებდა?! ავლაბრის რეზიდენციის აშენებაში სააკაშვილმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენება 360 მილიონი დაჯდა და კიდევ უამრავი უმსგავსი შენობა გვაქვს, რომლებიც აბსოლუტურად გამოუსადეგარია და მათი აშენებით ჩვენს მოსახლეობას არავითარი სარგებელი არ უგრძვნია", - განაცხადა მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

    ამ საკითხს ქონების მართვის სააგენტოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შენობა სპეციფიკური ხასიათისაა, რომელიც დაპროექტებულია როგორც უმაღლესი თანამდებობის პირის რეზიდენცია, რის გამოც მისი შესყიდვით არავინ დაინტერესებულა.

    მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა განთავსებულიყო, თუმცა ესეც არ მოხდა და დროებით შენობა ფილმის გადასაღებ მოედნად აქციეს. 2 წლის წინ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობაზე გადაღებული სერიალის - "ჰეროკრატიის" სცენები გადაიღო.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter