სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    27.12.2017

     "შესაძლებელია, რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ, რადგან ასეთი ოპერაციების უკან ყოველთვის დგას არა კონკრეტული პირი, არამედ რომელიმე სახელმწიფო - ის ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მსოფლიოში დადგა ახალი გადანაწილების დრო," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა პანკისში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე.

    იგორ კვესელავა: ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიებას. ბუნებრივია, პანკისის მხარე არის ჩვენი აქილევსის ქუსლი. ეს პრობლემა შევარდნაძის დროს წარმოიშვა და ამ მხარისგან ყოველთვის მოსალოდნელია გართულებები. თქვენ იცით, რომ ხეობაში ისლამისტების გავლენა ძალიან იგრძნობა და ყოველთვის შეიძლება, ეს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ. უფრო სწორად, შესაძლებელია, რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ, რადგან ასეთი ოპერაციების უკან ყოველთვის დგას არა კონკრეტული პირი, არამედ რომელიმე სახელმწიფო - ის ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მსოფლიოში დადგა ახალი გადანაწილების დრო.

    საქართველო ყოველთვის უმნიშვნელოვანესი ადგილი იყო და დღესაც ასეა. ასე რომ, ვფიქრობ, ეს პროცესი არ შეიძლება გაჩერდეს, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს, მაგრამ მაინც გაგრძელდება. ამიტომ ჩვენ უნდა გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს პიროვნება, რომელიც ბევრ ახალ რამეს შემოგვთავაზებს. მოვიდა ახალგაზრდა კაცი ნათელი პროგრამითა და მკაცრი კურსით. ზოგადად, ახლა მოდიან ახალი ძალები მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც და მე მიმაჩნია, რომ ასეთია გიორგი გახარია.

    "რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება ზვიად რატიანის დაკავებისას და ჩატარდება თუ არა ობიექტური გამოძიება, რომელიც გამოავლენს იმ პირებს, ვინც უფლებამოსილებას გადაამეტეს?

    ი.კ: საქართველოში ასეთი ფაქტები ხდებოდა, ხდება და მოხდება კიდეც, მაგრამ ზვიად რატიანი, რომელიც პოეტად წარმოადგინეს, ჩემთვის არ არის პოეტი და არც საზოგადოება იცნობს. პოეტები იყვნენ გალაკტიონ ტაბიძე, ტიციანი და სხვები. ახლა რატომღაც დასჭირდათ, ასე წარმოედგენათ და დაარქვეს მას პოეტი. ეს გარკვეულწილად გახდა ალიბი, რომ მას გაეწიოს შეღავათი, რაც ჩემთვის მიუღებელია.

    დასასრული

    "რ": თუმცა ფაქტია, რომ ზვიად რატიანს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ი.კ: როცა საქმე გვაქვს დანაშაულთან, ან მისკენ მიმართულ მოქმედებასთან, მოფერებით და ბოდიშით ასეთი საქმეები არსაც წყდება. ამ თემით სპეკულაციას ყველამ თავი უნდა დაანებოს. ვინც უნდა იყვნენ ეს ადამიანები, მოვიყვანოთ და ყვავილები ვესროლოთ, ასე არ ხდება. რატიანი რომ საუბრობს, მცემესო, კი, ბატონო, ამისთვის არსებობს ექსპერტიზა, უნდა მიმართოს მას და დაამტკიცოს. მე ვერ ვხედავ სამედიცინო დაწესებულებიდან დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ ეს ადამიანი ნაცემია. ასე ყველას შეუძლია თქვას გაბრაზებულზე, მცემეს, შეურაცხყოფა მომაყენესო და ა.შ. ყველას თავისი ვერსია აქვს სიმართლეზე.

    თავისი სიმართლე აქვს პოეტ ზვიად რატიანს, ნიკა მელიასაც, კვირიკაშვილსაც, ხოლო ამ "სიმართლეებიდან" რომელია ჭეშმარიტი, ამის გარკვევა ცოტა მერე ხდება და ამასობაში საზოგადოება დაიბნა. აბა, რა უნდა გააკეთონ სამართალდამცავებმა, როცა მიდიან ადამიანთან, ეუბნებიან, უნდა დაგაკავოთო და ის არ მიჰყვება? უცხოეთში ცოტა სხვანაირად ხდება, იქ მიჰყვებიან და იმ წუთში ადვოკატს იძახებენ. ჩვენთან კი არ იციან, რა გააკეთონ. რა თქმა უნდა, ცემა არ შეიძლება, მაგრამ მე ვერ დავინახე ნაცემი ადამიანის გამომეტყველება და აზროვნება. მე დავინახე, რომ მას უნდა, იქით შეუტიოს ხელისუფლებას, რათა ნაკლები სასჯელი მიიღოს.

    საქართველოში უნდა დამყარდეს წესრიგი. ღირებულება არის დამოუკიდებლობა, დემოკრატია, მაგრამ აუცილებელი და უდიდესი ღირებულებაა წესრიგი ყველა სფეროში, ვინაიდან სხვანაირად წარმოუდგენელია.

    "რ": რამდენიმე დღის წინ ევროკომისიამ წარმოადგინა ანგარიში, სადაც საუბარია, რომ საქართველო კვლავ რჩება სხვადასხვა უკანონო საქონლის გადასაზიდ სატრანზიტო ქვეყნად და, ამასთან, გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში ქართულ ორგანიზებულ ჯგუფთა დანაშულებრივი ქმედება. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მსგავსი ანგარიში საფრთხე ვიზალიბერალიზაციისა და, ზოგადად, ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის კუთხით?

    ი.კ: ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის ხელის შემშლელი ფაქტორი საქართველოს ევროკავშირში ინტერგაციისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდგომ ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა ევროპაში, მათგან ბევრი არ დაბრუნდა და, რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა.

    ამასთან, როცა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ აბრეშუმის გზაზე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გინდა თუ არ გინდა, ვართ სატრანზიტო ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ხდება უკანონო საქონლის გატანაც, თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ ამაში ქართველებთან ერთად უცხოელებიც არიან ჩართულნი.

    მიმაჩნია, რომ დანაშაულის რაოდენობაზე სოციალური სიდუხჭირეც მოქმედებს. დღეს მოსახლეობის უმეტესობა ვერ შოულობს საარსებო მინიმუმს და არ აქვს ელემენტარული არსებობის საშუალება, რაც იწვევს იმას, რომ ისინი ყველაფერზე მიდიან. ასე ხდება, როცა შენს ქვეყანაში ვერ იმკვიდრებ თავს. ვერც განათლებული ადამიანები შოულობენ საარსებო წყაროს, ვერც ნაკლებგანათლებულნი და მიდიან საზღვარგარეთ, სადაც ერთნი ადგებიან უკანონო გზას - ქურდობენ, ყაჩაღობენ და ა.შ. მეორენი პატიოსნად შრომობენ, რაც ნაკლებად ჩანს. სწორედ ამიტომ ჩვენ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგან თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, დადგება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხიც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter