სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ეს სრულად ამერიკულ კმაყოფაზე იქნება, შეიარაღებითაც, აღჭურვილობითაც"
    ეკატერინე ბასილაია
    26.12.2017

     აშშ-თურქეთს შორის დაპირისპირების ფონზე, რომელიც ბოლოს გაერო-ში იერუსალიმის საკითხზე თურქეთის რეზოლუციამ კიდევ უფრო გაამწვავა, რეგიონში ვაშინგტონის საიმედო პარტნიორად თბილისი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების დაინტერესება და ფასი გაზარდოს და, პოლიტოლოგების შეფასებებით, დიდია ალბათობა, ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო კომპონენტების განთავსება მოხდეს.

    საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ ნიკა ჩიტაძის თქმით, როდესაც დღეს მსოფლიო ცივი ომის გარკვეულ რეალიებს უბრუნდება, აშშ-ს კვლავ სჭირდება სამხედრო გააქტიურება მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის, რუსეთის გარშემო, რუსეთს კი უშუალოდ აშშ-ის საიმედო პარტნიორი საქართველო ესაზღვრება.

    ამიტომაც, მისი თქმით, დღის წესრიგში დგას ამერიკულ-ქართული სამხედრო მომზადების ერთობლივი ცენტრის შექმნა, რაც, სავარაუდოდ, 2018-2019 წლებში გაიხსნება, თუმცა ეს საკმარისი არ არის და კარგი იქნებოდა, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მოხდეს შეთანხმება, რომ ამერიკის სამხედრო ბაზა საქართველოში განთავსდეს.

    აშშ-ის სამხედრო ბაზის განთავსებას გამორიცხავს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია, რადგან თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს გადაუვლის, თუმცა აცხადებს, რომ აშშ-მა "ჯაველინების" მოყიდვაზე უკვე თანხმობა განაცხადა, "ჯაველინებს" კი, ბუნებრივია, შემოჰყვებიან თავისი სამხედრო ინსტრუქტორები და საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის ელემენტები იქნება განთავსებული.

    "ამერიკელებმა რომ პირდაპირ განათავსონ სამხედრო ინფრასტრუქტურა, ეს რუსეთის პირდაპირ წყობიდან გამოყვანას გამოიწვევს. როდესაც დღეს საომარ პირობებში ვიმყოფებით, ეს წარმოუდგენელია", - ამბობს მაისაია.

    აღსანიშნავია ის, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის ერთგვარი დაპირისპირება გასულ წელს ერდოღანის წინააღმდეგ განხორციელებული პუტჩის შემდეგ დაიწყო. მაშინ ანკარამ თურქეთში განთავსებულ ნატო-ს ბაზა ინჯირლიკზე მყოფ ერთ-ერთ ამერიკელ გენერალს ბრალიც დასდო, რომ ამ პუტჩს ხელმძღვანელობდა და ამავე დროს, ანკარა დღემდე უშედეგოდ ითხოვს, ვაშინგტონმა მას პუტჩის იდეურ ორგანიზატორად მიჩნეული ფეთჰულა გიულენი გადასცეს.

    ახლა კი, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ, რასაც გაერო-ში თურქეთის მიერ ანტიამერიკული რეზოლუციის გატანა მოჰყვა, ანკარა-ვაშინგტონს შორის დაპირისპირება უფრო გაამძაფრა.

    ამ ფონზე შეინიშნება პოზიციების დაახლოება რუსეთსა და თურქეთს შორის მათ შორის სამხედრო სფეროში და თურქეთმა რუსეთიდან ანტისაჰაერო სისტემები "ეს 400"-იც შეიძინა.

    ექსპერტების თქმით, ამ ფონზე ბუნებრივია, საქართველოს ფასი იზრდება და მთავარია, ახლა ამას როგორ გამოიყენებს თბილისი.

    ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ როდესაც ამერიკის თურქეთთან ურთიერთობები უარესდება, შესაბამისად აშშ-ს აუცილებლად დასჭირდება გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონში საიმედო პარტნიორის პოვნა. შავი ზღვის დასავლეთ ნაწილზე ამერიკას ჰყავს საიმედო პარტნორები, მაგრამ აღმოსავლეთ ნაწილში, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, აუცილებელია ჰყავდეს და ქართულმა მხარემ უნდა იაქტიუროს, რომ აშშ-მა თავისი სამხედრო კომპონენტები შემოიყვანოს.

    "იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ ხდება და, მეორე მხრივ, აშშ მხარს უჭერს ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას, კარგი იქნებოდა, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მოხდეს შეთანხმება, რომ ამერიკის სამხედრო ბაზა საქართველოში განთავსდეს.

    "ეს თბილისის ინტერესებშიც შედის და ვაშინგტონისაშიც, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველო ასევე ახლოს იმყოფება ამერიკის მეორე გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგე ირანთან.

    "იმ დროს, როდესაც აშშ-ის ხელისუფლებაში "რესპუბლიკელები" ჭარბობენ, ამერიკის სამხედრო ყოფნის გაძლიერება საქართველოს ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა დაიძრას. თუ უსაფრთხოებაზე ასეთი ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდება, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობაც არ იქნება.

    "ეს საკითხი, ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ მე ვამბობ, რომ საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს საკითხი აუცილებლად უნდა განიხილებოდეს", - მიიჩნევს ჩიტაძე.

    ვახტანგ მაისაიას თქმით, თურქეთი ბოლო დროს ანტიამერიკულ ველზე თამაშობს და არ შეიძლება, ეს ნეგატიურ კონტექსტში არ დაეტყოს ამერიკა-თურთქეთის ურთიერთობას, მაგრამ, რაც არ უნდა გართულდეს ეს ურთიერთობა, ამერიკელები თურქეთიდან ბაზას მაინც არ გაიყვანენ, პენტაგონი ამას არ დათმობს.

    ასევე, მისი თქმით, ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება თეორიულად შესაძლებელია, რადგან ჩვენ ვართ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები, გვაქვს სტრატეგიული ქარტია, ჩვენი კუთხით საქართველო ითვლება აშშ-ის ე.წ. ღერძული სახელმწიფოს ქვეყნად და პენტაგონს სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ელემენტების განთავსება არ გაუჭირდება, მაგრამ აქ მეორე მომენტია - სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას უმალვე რუსული აგრესია მოჰყვება და ამას ვაშინგტონში კარგად ითვალისწინებენ.

    "რუსეთის სამხედრო დოქტრინაში პირდაპირ წერია, რომ თუ ნატო ან ამერიკა რუსეთის საზღვრისპირა სივრცეზე სამხედრო ინფრასტრუქტურას განათავსებს, ეს პირდაპირ რუსეთის სუვერენიტეტის შებღალვად და სამხედრო საფრთხედ ჩაითვლება.

    "რუსეთი საქართველოში კი არა, ბალტიისპირეთსა და სკანდინავიის სახელმწიფოებში შეჭრის გეგმას ავითარებს და ატარებს წვრთნებს და საქართველოში ამერიკული სამხედრო კომპონენტების განთავსება რომ მოხდეს, თემურ ლენგივით გადაივლის ჩვენს ტერიტორიაზე", - ამბობს მაისაია.

    მაისაიას თქმით, აშშ-დან გარკვეული სამხედრო კომპონენტები საქართველოში მომავალი წლიდან ისედაც გაძლიერდება.

    "არ გამოვრიცხავ ამერიკული სამხედრო კომპონენტების განთავსებას და ასეთი რამ უკვე მიმდინარეობს კიდეც. იმავე "ჯაველინების" გადმოცემას მოჰყვებიან სამხედრო ინსტრუქტორები და გარკვეული სამხედრო ელემენტები განთავსდება.

    "ასევე ვაშინგტონიდან საუბარია, რომ საქართველოში მოამზადონ 9 ბატალიონი, ის სრულად ამერიკულ კმაყოფაზე იქნება, შეიარაღებითაც, აღჭურვილობითაც.

    "შეიარაღებული ძალებისთვის ეს სერიოზული დახმარებაა. თუ ეს პროგრამა მოხდება, ეს იქნება ე.წ. ფარული ელემენტების განხორციელება, მაგრამ ღიად ამერიკელებმა აქ ბაზები რომ განათავსონ, ეს წარმოუდგენელია...

    "შეიძლება რეგულარული სამხედრო წვრთნების პირობებში შეიქმნას ან ერთობლივი მართვის ლოგისტიკური ცენტრი, ან ერთობლივი სამხედრო მართვის ცენტრი, ან მსგავსი რამ. ეს არის მაქსიმუმი", - ამბობს მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    xxx   (26.12.2017)
    გადაუვლის არა კვატი, 2008-ში რატომ არ გადაგვიარა, მაისაიას აზრით...თუ ჩვენ ამ მდგომარეობით გავაგრძელებთ ცხოვრებას, კვლავ რუსეთის ქოლგის ქვეშ აღმოვჩნდებით, ამიტომ საჭიროა გაბედული ნაბიჯები, ლაპარაკი არ არის მხოლოდ სამხედრო კომპონენტზე...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved