სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    პირველი შემთხვევა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ, შესაძლოა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ვერ შეძლოს
    თიკო ოსმანოვა
    25.12.2017

     საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტს, შესაძლოა, ვეტო დაადოს, ხოლო შეძლებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევას, ძნელი სათქმელია. წინა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ამ კონკრეტულ კანონზე თავად "ოცნებაში" აზრთა სხვადასხვაობაა.

    სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას ეწინააღმდეგება უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილიც. დარგობრივმა კომიტეტმა ამაზე უარყოფითი დასკვნაც დადო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 22 დეკემბერს პარლამენტმა კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო.

    "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს 63 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს, მის დასაძლევად, სულ ცოტა, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

    პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძის თქმით, ჯერჯერობით არკვევენ ამ კანონის დადებით და უარყოფით მხარეებს.

    "ამ კანონთან დაკავშირებით საზოგადოებაში გამოიხატა ძალიან ბევრი ჩივილი. თანაც არაორდინარული მოვლენა მოხდა, დიდი ხანია, ასეთი რამ არ მომხდარა - (პარლამენტის) წამყვანმა კომიტეტმა სამჯერ დაწერა ზედიზედ უარყოფითი დასკვნა, თუმცა უმრავლესობამ მესამე მოსმენითაც მიიღო.

    "ძალიან მნიშვნელოვანია ტელევიზიების მრავალფეროვნება. ჩვენ გვიცხოვრია იმ რეალობაში, სადაც ერთი ტელევიზიის ამარა ვიყავით. ამიტომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა, ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო, გასაუბრებოდა ყველას, ვის რა ჩივილები ჰქონდა. ახლა ჯერჯერობით ვარკვევთ ამ კანონის დადებით და უარყოფით მხარეებს.

    "შეიძლება ვეტოს მოლოდინი არის, მაგრამ, ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას თავად პრეზიდენტი მიიღებს და გვეცოდინება მას შემდეგ, რაც ჩვენთან კანონი მოვა და ვნახავთ, ბოლო ვერსიაში რა წერია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ანა დოლიძე.

    იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტმა ვეტო დაადო, კანონი პარლამენტს უკან დაუბრუნდება, მაგრამ შემდგომ რა ბედი ეწევა, უცნობია. ამ კანონპროექტს მოწინააღმდეგეები ჰყავს თავად საპარლამენტო უმრავლესობაშიც, ამიტომ "ოცნებაში" არ იციან, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

    "ჯერ დაველოდოთ მოტივირებულ შენიშვნებს, ვიმსჯელებთ და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მოხდება თუ არა ვეტოს დაძლევა, არ ვიცი, გამიჭირდება წინასწარ პროგნოზი, რადგან ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა თავად უმრავლესობაშიც", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.

    მისივე თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობის დეპუტატებს შორის სერიოზული დისკუსია მიმდინარეობდა.

    "მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტშიც ბევრი დისკუსია იყო. პირველ ვარიანტზე ბევრი შენიშვნა გამოითქვა და ბევრი რამ შეიცვალა. არის საკითხები, რომლებიც ბოლომდე, მათ შორის ჩვენი კოლეგების მხრიდანაც, სახელდებოდა, როგორც პრობლემა, თუნდაც კომერციული რეკლამისა და სტარტაპების ნაწილი, მაგრამ ვინაიდან მოლაპარაკების დროს ბევრი შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და კანონპროექტი თვისობრივად გადამუშავდა, თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, ამიტომ პარლამენტმა თავისი პოზიცია გამოხატა და მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ხელს მოაწერს თუ არა კანონს", - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

    უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის - ლევან კობერიძის აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის უფლების დამატება სხვა მედიასაშუალებებს სარეკლამო ბაზრის გარკვეულ ნაწილს წაართმევს. ამიტომ მან ამ კანონის მიღებას მხარი არ დაუჭირა და არც ახლა აპირებს აზრის შეცვლას.

    "ჯერ ვნახოთ, დაადებს თუ არა ვეტოს პრეზიდენტი და თუ დაადო, რა იქნება მოტივირებული შენიშვნები შინაარსობრივი თვალსაზრისით. ჯერჯერობით არანაირი მიზეზი და არგუმენტი არ მაქვს, რომ შევიცვალო აზრი.

    "საპარლამენტო პროცედურებიდან გამომდინარე, წამყვანმა კომიტეტმა უარყოფითი დასკვნა დადო, თუმცა სესიაზე მაინც გავიდა და უმრავლესობამ დაამტკიცა. ვეტოს შემთხვევაში რას იზამს უმრავლესობა, ვერ გეტყვით, ასეთი გათვლა არ გამიკეთებია და არ ვიცი, ვინ არის მომხრე და რამდენია მოწინააღმდეგე. ამიტომ გამიჭირდება თქმა", - გვითხრა კობერიძემ.

    ცნობისთვის, ამ ცვლილებით საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება, კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტაპები) წახალისებაზე, ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის ინოვაციურ განვითარებასა და მაუწყებლობის გარემოს ხელშეწყობაზე მიმართოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროისა (19:00-24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. ამასთან, იზრდება სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალებისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში, ნაცვლად 6 წუთისა - 12 წუთს.

    საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობი გადაცემის, სერიალების დროს.

    პროექტით, იმიჯნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სამსახურისა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და მასვე შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში დაგეგმილი ცვლილებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება, მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგინებით იქნება შესაძლებელი.

    ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უკვე მოისმინა კერძო ტელევიზიების ხელმძღვანელთა პოზიციები, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლას და პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter