სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რა საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს შერიგების სამინისტრო და რატომ დასცინეს პრემიერ კვირიკაშვილის ინიციატივებს ცხინვალში
    ეკატერინე ბასილაია
    25.12.2017

     გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მისამართით საოკუპაციო ხაზთან ვაჭრობის წახალისებასა და ჟენევის ფორმატის გაფართოებაზე, რათა მას კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მანდატიც მიენიჭოს, ცხინვალიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურება და განცხადებები, რომ სანამ თბილისი სამხრეთ ოსეთს "რესპუბლიკად" არ აღიარებს და ბოდიშს არ მოიხდის ყველა წინა ხელისუფლების ქმედების გამო, რაიმე თანამშრომლობაზე საუბარი მხოლოდ "ლირიკა" და "პოპულიზმია", რასაც არაფერი მოჰყვება.

    აფხაზეთიდან გამოხმაურება ჯერ არ ჩანს, თუმცა ეჭვი არავის ეპარება, რომ სოხუმის რეჟიმის განცხადებაც ცხინვალიდან წამოსული შეფასების მსგავსი იქნება.

    ცნობისათვის, გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გასულ კვირას პარლამენტში მთავრობის დამტკიცებისას საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა და რამდენიმე ინიციატივა გაახმოვანა.

    კვირიკაშვილის განცხადებით, "ოკუპაციის შესახებ" კანონში შესწორებები შედის, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზებთან ვაჭრობის წახალისებასაც გულისხმობს და ამ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტში სულ მალე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი წარადგენს.გარდა ამისა, აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა და თხოვნაცაა სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მანდატი გაფართოვდეს და ჟენევის ფორმატს კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მანდატიც მიენიჭოს. ამასთან, მუშაობენ, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი მინისტრის მოადგილის დონიდან მინისტრის დონეზე ამაღლდეს და მასში პრემიერის რანგში პირადად ჩართვის მზადყოფნაც გამოთქვა.

    რას გულისხმობს პრემიერ-მინისტრი საკუთარ ინიციატივებში, რა იცვლება "ოკუპაციის შესახებ" კანონში, ან რა სავაჭრო წახალისება იგეგმება, კონკრეტული არაფერი თქმულა და "მთელ კვირასთან" ამ თემაზე საუბარი არც მთავრობის კანცელარიაში ისურვა ვინმემ. შერიგების სამინისტროშიც გვითხრეს, რომ კანონპროექტზე ჯერ საუბარი არ სურთ, ხოლო ჟენევის ფორმატზე კვირიკაშვილის ინიციატივა მათთვის სიახლე იყო.

    ჟენევის დისკუსიების ფორმატის შესაძლო შეცვლაზე "ექსპერტთა კლუბის" წევრი ირაკლი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მასში კვირიკაშვილის ჩართვის შესაძლებლობა არარეალურია.

    "თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება ჩართული, მინიმუმ, უნდა მონაწილეობდეს რუსეთის პრემიერიც, რაც რეალური არ არის. ასევე, სეპარატისტებს მოუნდებათ, თავიანთი ე.წ.პრემიერები ჩართონ და ამ შემთხვევაში საშიშროებაა, რომ მათი რეჟიმების გარკვეულწილად ლეგიტიმაცია მოხდეს", - მიიჩნევს ცქიტიშვილი. "ოკუპაციის შესახებ" კანონში რა ცვლილება უნდა შევიდეს სავაჭრო წახალისების მიმართულებით, ამაზე საუბარი კი უჭირს, რადგან კანონპროექტის შესახებ ცნობილი არაფერია.

    თბილისის განცხადებები სავაჭრო ურთიერთობაზე ცხინვალში გააკრიტიკეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა "ეხო კავკაზასთან" ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდა, რომ "გაიზარდონ". მისი განცხადებით, თუ თბილისს სერიოზული ნაბიჯის გადადგმა სურს, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიარონ და საქართველოს ხელისუფლებამაც ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა "დანაშაულზე", რაც ჩადენილია 1992 წლიდან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ყველა რეჟიმის მიერ, რომელიც საქართველოს მართავდა. მისი თქმით, სხვა ყველაფერი "არის ლირიკა".

    დარეგულირების საკითხებში სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი ამბობს, რომ საქართველო ისევ ცალმხრივად აწყობს "საზღვრისპირა რეგიონების" თანამშრომლობაზე რაღაც გეგმებს, მაგრამ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის "სახელმწიფო საზღვრის" აღიარების შეთანხმებისა და "სასაზღვრო ზოლის ორმხრივად განსაზღვრის გარეშე" ამგვარ თანამშრომლობაზე საუბარი შეუძლებელია და ჟენევის შეხვედრებისას ცხინვალი მუდმივად ამაზე საუბრობს.

    ცხინვალში გამოხმაურება მოჰყვა, ასევე, კვირიკაშვილის განცხადებას ჟენევის ფორმატის გაფართოებასა და პირადად მის ჩართვაზე.

    ოსი პოლიტოლოგის - ნიკოლა სილაევის თქმით, ჟენევის დისკუსიის წინ წაწევა რომ მოხდეს, ეს საქართველოსთვის სულაც არ არის რთული, ამისთვის საკმარისია, ძალის გამოუყენებლობის დეკლარაციას დაუჭიროს მხარი ისე, რომ მასში იმ შესწორებების შეტანის მცდელობა არ იყოს, რაც საკითხს არ ეხება და უარი თქვას გაეროს რეზოლუციის პროექტებში დევნილების დაბრუნების მოთხოვნაზე.

    სილაევი მიიჩნევს, რომ თბილისის მიერ შეთავაზებული პროგრამები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს სიტუაციაზე, ხოლო "ოკუპაციის შესახებ" კანონის შეცვლის სურვილი იმითაა განპირობებული, რომ ის მაინც ვერ მუშაობს თუნდაც იმ კონტექსტში, რომ საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეკონომიკურ საქმიანობას ვერ აკრძალავს.

    "ექსპერტთა კლუბის" წევრ ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, როდესაც მხოლოდ ზოგადი განცხადება ვნახეთ და კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის, რთულია საუბარი, რას გეგმავს ხელისუფლება.

    "ალბათ საუბარია ისეთ სავაჭრო ურთიერთობაზე, როგორიცაა რუხის სავაჭრო ობიექტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე და ასეთ დიდ ობიექტებზე, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს სავაჭროდ მოიზიდავს. თუ ამ მიმართულების გაგრძელებას აპირებენ, არავისთან საკითხავი არ გვაქვს, ნებისმიერ მონაკვეთზე შეგვიძლია მსგავსი რამის გაკეთება. თუ ეს ხელს შეუწყობს აფხაზებისა და ოსების გადმოსვლას და უფრო მეტ კონტაქტს, კარგია.

    "რა ცვლილება უნდა შეიტანონ "ოკუპაციის შესახებ" კანონში, ჯერ არ თქმულა და ამაზე საუბარი რთულია. რაიმე დადებით ცვლილებას არ ველოდები იმიტომ, რომ გამოცდილება გვაქვს, პაატა ზაქარეიშვილსა და ქეთევან ციხელაშვილს სურდათ აფხაზეთის მიმართულებიდან ქართულ-რუსული საზღვრის უკანონო გადმოკვეთის დეკრიმინალიზაცია. ალბათ მსგავს რამეს აპირებენ ახლაც.

    "შესაძლოა, უნდათ, გახსნან ცხინვალზე გამავალი გზა როკის გვირაბის მიმართულებით, რომ სომხეთს ალტერნატიული გზა გაუჩნდეს. ვიცით, რომ სომხეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ალტერნატიულ გზაზე შეთანხმება მიღწეულია," - ამბობს ცქიტიშვილი.

    ჟენევის ფორმატის გაფართოების ინიციატივაზე კი აღნიშნა, რომ "ესაა პოლიტიკური განცხადება, რომელსაც უკან რაიმე კონკრეტული გეგმა არ უდგას და ითქვა იმიტომ, რომ ყველა მხარის რეაქცია მოესინჯათ - სოხუმის, ცხინვალისა და რუსეთის, რადგან ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც ცხინვალი და სოხუმი გაახმოვანებენ, რუსეთის პოზიციაა."

    ცქიტიშვილის აზრით, "თუ ჟენევის ფორმატში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება ჩართული, მინიმუმ, უნდა მონაწილეობდეს რუსეთის პრემიერიც, რაც რეალური არ არის.

    "კვირიკაშვილმა ჯერ თქვა, მინისტრების დონეზე ავწიოთო. თუნდაც ამ შემთხვევაში ვინ უნდა იყოს სეპარატისტების მხრიდან და ეს ხომ არ მოახდენს ამ რეჟიმების ლეგიტიმაციას, როდესაც მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე იქნება შეხვედრა გამართული? თანაც, პრემიერ-მინისტრიც რომ დაჯდეს ამ ფორმატში, მეეჭვება, რაიმე განსაკუთრებული შედეგები იქნეს მიღწეული. საკითხი მარტივადაა - ჟენევაში მუდმივად მხოლოდ ორი საკითხი განიხილება. აფხაზებსა და ოსებს მხოლოდ ის უნდათ, ჩვენ მათთან ცეცხლის არგანახლების დოკუმენტზე მოვაწეროთ ხელი, რასაც ჩვენ არ მოვაწერთ, რადგან ჩვენი მოთხოვნაა, რომ მეორე მხრიდან რუსეთი იყოს ხელისმომწერი და პასუხისმგებელი. ამიტომ ვინც უნდა იყოს ჩვენგან, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

    "მეორე საკითხზე კი, რაც დევნილების დაბრუნებას ეხება, სეპარატისტებს საუბარი საერთოდ არ სურთ და რა აზრი აქვს პრემიერის იქ ყოფნას?" - ამბობს ცქიტიშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    xxx   (25.12.2017)
    რუსეთს საქართველო უნდა ელაპარაკოს საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე...ჩვენ უნდა დაველოდოთ აშშ-ს და ევროკავშირის მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციების შედეგებს და აქ თვითშემოქმედებას თავი უნდა დავანებოთ, ილუზიებია ვითომ სახალხო დიპლომატია, ვაჭრობის წახალისება და ა.შ. ჩვენ უნდა ვცდილობდეთ რუსეთისადმი დაწესებულ სანქციებში, მკვეთრად იყოს დაფიქსირებული საქართველოს დეოკუპაციის საკითხი, ამასთან კარგი იქნებოდა ე.წ. მაგნიტსკის სიაში თუ შეიყვანენ სეპარატისტ ლიდერებს...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter