სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქართული დანაშაულებრივი ჯგუფები ევროკავშირში, ფულის გათეთრება და ნარკოტიკების ტრანზიტი
    გვანცა ღვედაშვილი
    25.12.2017

     ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ რჩება სატრანზიტო ქვეყნად, რომელსაც ევროკავშირში სხვადასხვა სახის უკანონო საქონლის გადასაზიდად იყენებენ. ამასთან, საუბარია, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენება შემოსავლების გასათეთრებლადაც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი გაიზარდა ქართულ ორგანიზებულ დაჯგუფებათა დანაშაული.

    პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "მთელ კვირასთან" ამბობს, რომ ეს ყველაფერი ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოს პრობლემას უქმნის. მესაზღვრეები ეჭვით უყურებენ ჩვენს მოქალაქეებს და შენგენის ზონაში გადაადგილებისას თავადაც არაერთხელ დაუყოვნებიათ.

    როგორც ევროკომისიის დოკუმენტშია აღნიშნული, ქართული დანაშაულებრივი ჯგუფები ძირითადად ჩართული არიან საკუთრებასთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულში (კერძოდ, სახლების ორგანიზებული ძარცვა და ქურდობა). ამასთან, ნათქვამია, რომ საქართველო რჩება სხვადასხვა უკანონო საქონლის ევროპაში გადასაზიდ სატრანზიტო ქვეყნად, მათ შორის ნარკოტიკის.

    "ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები საქართველოდან კვლავაც რჩებიან ევროკავშირის არაწევრი იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც ყველაზე ხშირად არიან ჩართული სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულში. ევროკავშირის ტერიტორიაზე ისინი განსაკუთრებით აქტიურობენ საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში და განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიან ევროკავშირს, რადგან მათი ქმედება ხშირად განიხილება როგორც დაბალი ინტენსივობის დანაშაული. არადა, მათი კონტროლი კრიმინალურ ბაზარზე თანმიმდევრულად იზრდება და დანაშაულებრივი ჯგუფები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ერთმანეთთან თანამშრომლობენ.

    " საქართველო რჩება სატრანზიტო ქვეყნად სხვადასხვა სახის უკანონო საქონლის გადასაზიდად ევროკავშირში, განსაკუთრებით ნარკოტიკისა.

    "საქართველო მზარდად გამოიყენება უკანონო შემოსავლების გასათეთრებლად, რომელთაც სხვადასხვა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები გამოიმუშავებენ ევროკავშირში და ევროკავშირს მიღმა და თანდათანობით წარმოჩინდა, როგორც გათეთრებული დანაშაულებრივი შემოსავლების სატრანზიტო ქვეყანა", - ნათქვამია დოკუმენტში.

    როგორც პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, ევროკავშირის ზონაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობა გარკვეულ საფრთხებს უქმნის როგორც ვიზალიბერალიზაციას, ისე ევროკავშირში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას.

    "ეს წარმოშობს პრობლემას, ვინაიდან ჩვენ საკმაოდ ხშირად მოგვდის ინფორმაცია, რომ ევროკავშირის წევრ რომელიღაც ქვეყანაში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. სამწუხაროდ, ეს არის პრობლემა.

    "პირადად მეც რამდენჯერაც გადამიკვეთავს საზღვარი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ვიზალიბერალიზაციას მოვიპოვებდით, როცა საქართველოს მოქალაქის პასპორტს ხედავდნენ, საზღვარზე დიდხანს ამოწმებდნენ, არ სჯეროდათ, რომ მიწვეული ვიყავით ნატოს კონფერენციაზე ან სხვა სახის შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ შენგენის ზონის საზღვარი 30-ზე მეტჯერ მაქვს გადალახული, მაინც ეჭვის თვალით მიყურებენ. ყოფილა შემთხვევა, რომ მოსაწვევის ჩვენების მიუხედავად, ორგანიზატორისთვისაც დაურეკავთ და გადაუმოწმებიათ, ყალბი ხომ არ იყო მოსაწვევი. ალბათ იგივე ხდება, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების შემოწმების შემთხვევაშიც.

    "რა თქმა უნდა, ყოველთვის ცუდია თვალშისაცემი და, სამწუხაროდ, არ ჩანან ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ სასწავლებლად, მიწვევით, ანაც სამუშაოდ არიან წასული და პატიოსნად შრომობენ. ძალიან ცუდია, რომ ჩანან დანაშაულებრივი ჯგუფები, ეს ყოველთვის პრობლემურია", - განაცხადა ჩიტაძემ.

    მისივე თქმით, აუცილებელია, ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ძალოვანი უწყებები დააკომპლექტოს პროფესიონალებით, რათა აღიკვეთოს და შემცირდეს საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია უკანონო საქონლის გადასატანად. ამასთან, მნიშვნელოვანია განათლების სისტემის დახვეწა, აქცენტის დასმა კრიმინალური მენტალიტეტის პრობლემურობაზე.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter