სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    25.12.2017

     "სამწუხარო ვითარებაში ვართ, რადგან უკვე წლებია, რაც ჩვენს მოსახლეობას თავს ახვევენ არა პროფესიონალიზმს, პატრიოტიზმსა და მსგავს ღირებულებებს, არამედ, ჩვენი მთავარი საგანძური თურმე უნდა იყოს ფული, ფული და ფული...", - ასეთია პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონზე.

    როგორც მან "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, "დროა, მედიამ პარლამენტარებისა და მთავრობის წევრების მიერ "ქართუ ბანკიდან" აღებული სესხები გაასაჯაროოს, რისი ნახვის შემდეგაც მივხვდებით, ვინ რას და რატომ აძლევს ხმას".

    რაც შეეხება კვირიკაშვილი-მელიას დაპირისპირებას, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ამ ამბავს მოგებული მხარე არ ჰყავს, რადგან, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოებრიობა ზარალდება.

    სოსო ცისკარიშვილი: ჩემი აზრით, საქმე გვქონდა, ერთი მხრივ, წინასწარ გათვლილ უზრდელობასა და, მეორე მხრივ, თავშეუკავებლობასთან. რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი, კერძოდ რომელიმე მხარის ბრალეულობაზე ვისაუბროთ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. რასაც ვუყურებდით და ვუსმენდით, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიმართ აჩენს კითხვის ნიშანს.

    არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი გამონათქვამის გამო პრემიერ-მინისტრი უნდა შეიცვალოს, რადგან არ მგონია, მისი შემცვლელი ვინმე ისეთი გვყავდეს, ვინც მას რაიმეთი აჯობებდა.

    "მთელი კვირა": როგორ ფიქრობთ, მომხდარით რომელიმე მხარე აღმოჩნდა მოგებულ პოზიციაში?

    ს.ც.: ახლა საზოგადოება იმდენად პოლარიზებულია, რომ შეფასება იქნება განსხვავებული. ყველა მისთვის მისაღებ პირს მიიჩნევს გამარჯვებულად. ჩემი აზრით კი, ამ ფაქტს გამარჯვებული არ ჰყოლია.

    დღეს გვაქვს რეალობა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბოდიშს უხდის საზოგადოებას, ხოლო სააკაშვილის როლის შესრულების მსურველი და "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი თავკაცი ამას არ აპირებს. ალბათ აქაც დრო განსჯის ყველას და ყველაფერს.

    "მ.კ.": როგორ შეაფასებდით საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს? თქვენი აზრით, მისთვის ფინანსური რესურსების გაზრდა რა მიზანს ისახავს?

    ს.ც.: სამწუხარო ვითარებაში ვართ, რადგან უკვე წლებია, რაც ჩვენს მოსახლეობას თავს ახვევენ არა პროფესიონალიზმს, პატრიოტიზმსა და მსგავს ღირებულებებს, არამედ ჩვენი მთავარი საგანძური თურმე უნდა იყოს ფული, ფული და ფული...

    რასაც ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში ვაკვირდებით, ნიშნავს იმას, რომ ის უკვე სახელმწიფო სატელევიზიო სუბიექტია. ამის ნიშნები, უკვე დიდი ხანია, დავინახეთ. რაც შეეხება პარლამენტს, რასაკვირველია, პოზიტიური ფაქტია, რომ ამ საკითხზე იქ განსხვავებული აზრებია, მაგრამ თვითლუსტრაციას ახდენენ ის დეპუტატები, რომლებმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გამდიდრებას დაუჭირეს მხარი და ამით სრულიად გაუგებარ ვითარებაში ჩააყენეს სხვა სატელევიზო სუბიექტები.

    ჩვენთვის უკვე აღარც ისაა გაუგებარი, რატომ ხდება ასე უტიფრად სახელის გატეხვა მაშინ, როდესაც ამას თავის გატეხვა სჯობს. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერებისთვისაც მხოლოდ ფული, ფული და ფულია არსებობის მიზანი.

    ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ დროა, ჩვენმა აქტიურმა ჟურნალისტიკამ გაასაჯაროოს პარლამენტარებისა და მთავრობის წევრების მიერ "ქართუ ბანკიდან" აღებული სესხები, რისი ნახვის შემდეგაც მივხვდებით, ვინ რას და რატომ აძლევს ხმას. ამით იმას მაინც გავიგებთ, ვის უნდა მივუსამძიმროთ მის გარშემო არსებული რეალობა.

    "მ.კ.": როგორც იცით, გაეროში თურქეთის რეზოლუციის განხილვისას, რომელიც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ეხებოდა, 21-მა ქვეყანამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მათ შორის იყო საქართველოც. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს, რამდენად სწორი ნაბიჯია?

    ს.ც.: ჩემი აზრით, ეს ერთადერთი დროებითი გამოსავალია იმ სიტუაციიდან, რაც შესაძლოა, საკმაოდ უსიამოვნო პერსპექტივა გამხდარიყო ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ საქართველოა იმ ვითარებაში, როდესაც მარცხნივ წახვალ - გადაიჩეხები, მარჯვნივ წახვალ - გადაიჩეხები. იმიტომ, რომ ჩვენს სამეზობლოში აზერბაიჯანი, ირანი, თურქეთი ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგნი არიან. საქართველოს მიერ რომელიმე პოზიციის მხარდაჭერა კი იქნებოდა ადვილად პროგნოზირებადი ზეგავლენა მეორე მხარის მხრიდან.

    ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაერო-ში თითოეული ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გამოთქვამს თავის შეხედულებებს. ყოველწლიურად გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მხრიდან ისმება აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გამოძევებული მოსახლეობის უკან დაბრუნების საკითხი, როცა აზერბაიჯანი მუდმივად მხარს გვიჭერდა, სომხეთს კი, თავისი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, არც ერთხელ არ მიუცია ხმა ჩვენ სასარგებლოდ.

    "მ.კ.": მინდა, გკითხოთ უკრაინის პროცესებზეც. როგორც იცით, აშშ-ის გადაწყვეტილებით, უკრაინას თავდაცვის გასაძლიერებლად 350 მილიონი დოლარი და შეიარაღება გადაეცემა. ჰოლანდია კი აცხადებს, რომ მზად არის, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?

    ს.ც.: ჩემი აზრით, ჰოლანდიის შეთავაზება არის საუკეთესო გამოსავალი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის და თავად სააკაშვილისთვისაც. ამერიკული მედიის ინტერესი მისი საქმიანობის მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც ზუსტად ერთი კვირის წინ "ნიუ იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნა მთელი ერთგვერდიანი მასალა, სადაც უკრაინაში მიმდინარე პროცესებს აფასებდა.

    მე ვფიქრობ, ახლა აღარ არის დრო, რომ სააკაშვილმა არგენტინელი წარმოშობის რევოლუციონერი ჩე გევარა გაგვახსენოს და არც ის მგონია, რომ მანდელას როლის მოსურნე იყოს, რომელმაც დიდი ხანი გაატარა ციხეში, მაგრამ ბოლოს მაინც გახდა თავისი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი. ამიტომ თუ ბატონ მიხეილს ასეთი შეთავაზება აქვს, მართალია, უფრო ადრე მსგავსი წინადადება ლიტვისგანაც იყო, ჯობია, დათანხმდეს. ამით მისი ოჯახიც ამოისუნთქავს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved