სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკა ბასილაია
    24.12.2017

     26 დეკემბერს თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ჩამოდის და ერევანში დიდი მოლოდინია, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, როკის გვირაბის გავლთ ტვირთების გატარებაზე ქართული მხარე ბოლოს და ბოლოს თანხმობას იტყვის. "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩიას განცხადებით, ამგვარი შეთანხმება მიუღებელია და თუკი ხელისუფლება თანხმობას განაცხადებს, ამას საზოგადოებაში დიდი რეზონანსნი მოჰყვება.

    "როდესაც უკანონო ბორდერიზაცია ხდება და ჩვენ მოქალაქეებს ეზღუდებათ მიმოსვლა, ყოველდღე ვიღაცას იჭერენ, წარმოუდგენელია ამ დროს რა კონტექსტში უნდა განიხილო სავაჭრო დერეფნის გახსნა როკის გვირაბის გავლით?! ამას შეიძლება ძალიან სერიოზული რეზონანსი მოჰყვეს საზოგადოებაში," - კაკაჩია.

    "რეზონანსი": გიორგი კვირიკაშვილის ერევანში ვიზიტს მოულოდნელი გაუქმების შედეგ სამშაბათს, 26 დეკემბერს თბილისში ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ჩამოდის და თქვენი აზრით, რა არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი სომხეთისთვის, რომ კვირიკაშვილის მიერ იანვარში გადატანილი ვიზიტს არ ელოდება და თავად ჩამოდის თბილისში? სომხური მედიის ცნობით, ეს სიჩქარე ლარსის ალტერნატიული გზის, როკის გვირაბის გავლით სომხური ტვირთების გატარების საკითხს ეხება და თქვენი აზრით, ეს ასეთი საჩქარო საკითხია ერევნისთვის?

    კორნელი კაკაჩია: ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ეს იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც სომხურ მედიაში ამ თემასთან დაკავშირებით იწერება.

    სიახლე არ არის, რომ სომხეთისთვის ამ თემას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რუსეთთან ვაჭრობის კუთხით და დიდი ხანია ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ ალტერნატიული გზის ფუნქციონირებაზე.

    გვახსოვს, რომ წლის დასაწყისშიც კი გარკვეული დაპირებები იყო, ყოველ შემთხვევაში სომხური მხარე ამას ამტკიცებს და მათ შორის სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმაც არაერთხელ განაცხადა, თუმცა ამას შემდეგ რეალურ საქმე არ მოჰყოლია და მას შემდეგ, რაც საქართველოში მთავრობა დამტკიცდა, ერევანს აინტერესებს როგორ უნდა მოხდეს ამ მექანიზმის ამუშავება.

    „რ": გასულ კვირას პარლამენტში მთავრობის წევრების ოპოზიციასთან შეხვედრის დროს კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ფორსმაჟორული სიტუაციებში ტვირთები, მათ შორის მესამე ქვეყნის, ლარსის ნაცვლად როკის გვირაბის და ცხინვალის გავლით იმოძრავებს. გამოდის, თბილისს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაც კი შეცვალა?

    კ.კ.: შეიძლება მთავრობაში პოზიცია შეჯერდა, მაგრამ არ მგონია, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ ამის ასე გატანა საზოგადოების სამჯავროზე ადვილი არ არის. ამას ოპოზიციის კრიტიკის გარდა დიდი რეზონანსი საზოგადოებაშიც ექნება.

    პირველი, რითაც საზოგადება დაინტერესდება იქნება ის, თუ რანაირად ეხმარება ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეს. მაშინ ეს საკითხი კონფლიქტის დარეგულირებასთან უნდა იყოს დაკავშირებული და რუსეთიდან ამ მიმართულებით საიმედო სიგნალები უნდა გვქონდეს.

    „რ": პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება, ქუმსიშვილმაც და ჯანელიძემაც დაადასტურეს ეს. თანაც გვითხრეს, რომ საქართველომ შვეიცარიის მხარესთან რუსეთ-საქართველოს საზღვრებზე ტვირთების მონიტორინგის შეთანხმებას მოაწერა ხელი და ეს ამ ხელშეკრულების მიხედვით მოხდება, ამას 2011 წლის შეთანხმება ითვალისწინებს, რომელიც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ გაფორმდა.

    კ.კ.: დიახ, მაგრამ ჯერ რუსეთიდან საბოლოო თანხმობა მიღებული არ არის. თან, ერთია ეს ხელშეკრულება და მეორეა პოლიტიკური ნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტვირთების გატარებაზე. როდესაც უკანონო ბორდერიზაცია ხდება და ჩვენ მოქალაქეებს ეზღუდებათ მიმოსვლა, ყოველდღე ვიღაცას იჭერენ, წარმოუდგენელია ამ დროს რა კონტექსტში უნდა განიხილო სავაჭრო დერეფნის გახსნა როკის გვირაბის გავლლით. ჩვენ რას გვაძლევს ეს, რას ვიგებთ ამით - ესაა მთავარი.

    „რ": თქვენი აზრით, რა შეიძლება მიიღოს საქართველომ სანაცვლოდ? რა შემთხვევაში უნდა დათანხმდეს საქართველო როკის გვირაბის გავლით ტვირთების გატარებას?

    კ.კ.: ეს შეკითხვაა მთავარი. არაფერი შეცვლილა, გეოპოლიტიკური კონიუნქტურა რუსეთს არ შეუცვლია საქართველოს მიმართ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და ჩვენ რატომ უნდა შევცვალოთ, არ მესმის. სომხეთი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა და შეიძლება დავეხმაროთ, მაგრამ ეს საქართველოს ინტერესის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

    „რ": თუ როკის გვირაბით ტვირთების გატარებას დაუშვებს თბილისი, ეს მიუღებელია?

    კ.კ.: ჩემთვის მიუღებელია, თუ ეს მიბმული არ იქნება რაღაც სხვა ნაბიჯებთან, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სასიკეთო იქნება. რუსეთს სამშვიდობო ფუნქცია არ აქვს, ის სეპარატისტული რეჟიმების მფარველია და პირველი, რაც უნდა შეძლონ, ქართული მხარის, ქართული საზოგადოების ნდობა უნდა უნდა დაიმსახურონ და პირიქითაა, ის ამ სეპარატისტების მხარესაა და ამ ფონზე, როდესაც რუსეთი ამ ტერიტორიებს სახელმწიფოებად აღიარებს, არ მესმის რა შეთანხმებაზე უნდა იყოს საუბარი.

    მთავრობა უნდა გამოვიდეს და ახსნას, რაზე მოილაპარაკეს, ვისთან მოილაპარაკეს, აბაშიძე-კარასინის ფორმატში მოხდა. რაღაც ხომ უნდა განმარტონ?! არ მგონია, რომ ასეთი კულუარული მოლაპარაკების ხარჯზე მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება, რადგან ამას შეიძლება ძალიან სერიოზული რეზონანსი მოჰყვეს საზოგადოებაში.

    „რ": და როდის გავიგებთ, ვისთან და რა გადაწყვიტა მთავრობამ?

    კ.კ.: მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ ამ საკითხს სერიოზულად განიხილავენ, მაგრამ ჯერ სერიოზული ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუ ეს გადაწყვეტილება მიბმული იქნება ბორდერიზაციის პროცესის გაჩერებასა და საერთოდ მოშლასთან და კონფლიქტის დარეგულირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებთან, მაშინ გაიხსნას, სხვა შემთხვევაში ამის "გაპრავება" საზოგადოებაში ადვილი არ იქნება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ანი   (24.12.2017)
    ეხლა მანდ დაიწყებენ სომხები დასახლებასა და გამრავლებას.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved