სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რას გულისხმობდა რეალურად "ზაპად-2017"-ის სცენარი და რა გეგმები ჰქონდათ რუსებს 2008-ში, თუკი აშშ აგვისტოს ომში ღიად ჩაერთვებოდა
    ეკატერინე ბასილაია
    23.12.2017

     წელს რუსეთში გამართული მასშტაბური სამხედრო წვრთნების - "ზაპად-2017"-ის სცენარი სულაც არ გულისხმობდა ტერორიზმთან ბრძოლას, როგორც ეს რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა გამოცხადებული. სინამდვილეში რუსებმა დასავლეთ ევროპაში სამიზნეების დაბომბვის, ბალტიის ქვეყნების აეროპორტებისა და ნავსადგურების ხელში ჩაგდების და, ასევე, ნეიტრალურ შვედეთსა და ფინეთზე თავდასხმის სიმულირება მოახდინეს.

    ამ ინფორმაციას გერმანული "ბილდი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და ერთი საინტერესო ინფორმაციაც მოჰყავს - გაზეთის წყაროს ცნობით, თუკი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში აშშ ღიად ჩაერეოდა, რუსებს ბალტიის ქყვეყნებზე თავდასხმა ჰქონდათ გადაწყვეტილი, ხოლო თუკი ამერიკელები ბალტიის ქვეყნებსაც გაუწევდნენ დახმარებას, მაშინ უკვე ბირთვული იარაღის გამოყენებასაც ფიქრობდნენ.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ფაქტია, რომ დიდი ხანია, ცივი ომის ფაზაში ვართ და, აქიდან გამომდინარე, რუსეთის მთავარი მტერიც და სამიზნეც დასავლეთის ქვეყნებია.

    ის ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დროს მიმდინარეობდა სწორედ ამგვარი წვრთნები, სამხედრო დოქტრინაც ანალოგიური ჰქონდათ და საბჭოთა სამხედრო სტრატეგიული გეგმის ნაწილი იყო დასავლეთ ევროპის დაკავება, ნატო-ს ძალებისთვის დასწრება, რომ დაეკავებინათ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, ასევე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შეჭრა.

    "ფაქტობრივად, რუსეთის ახლანდელი ხელმძღვანელობა "კოპი ფეისტის" მეშვეობით იმეორებს საბჭოთა პოლიტიკური ხელმძღვანელობის სამხედრო-სტრატეგიულ გეგმას. ახალი ცივი ომია და ახალი ელემენტებიც შემოვიდა, რაც ადრე არ იყო. ესაა ჰიბრიდული ომი.

    "რუსეთმა ჰიბრიდული ომის ელემენტები უკვე გამოიყენა ყირიმის ანექსიისას, ჰიბრიდული ომი იყო ამერიკის წინააღმდეგაც. საქართველოს წინააღმდეგ მან აწარმოა ასიმეტრიული ომი, როდესაც სამხედრო აგრესია განახორციელა და ასიმეტრიული ომის ფარგლებში იყო სამხედრო კამპანია სირიასა და ერაყში," - ამბობს მაისაია.

    მისი თქმით, რუსეთისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წინაა დაყენებული ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლა და ამიტომაცაა სავარაუდო სცენარებში ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციები.

    "ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით რუსეთმა თავისი თანამედროვე შეიარაღების გამოცდა მოახდინა, სირია გამოიყენა პოლიგონად და ახალი ტიპის გეოსტრატეგიული და კონცეპტუალური სტრატეგიის შემუშავება მოახერხა. ის დროქტრინა, რომლითაც რუსეთი ბალტიისპირეთში შეღწევას გეგმავს, მაკაროვის, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, სახელობისაა," - ამბობს მაისაია.

    გერმანული გამოცემა "ბილდის" მიმომხილველი წერს, რომ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების - "დასავლეთ 2017"-ის ფარგლებში რუსეთი რეპეტიციობდა არა "ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას", არამედ "ნატო-ს წინააღმდეგ ომს" და მათ ეს ინფორმაცია "დასავლეთის სადაზვერვო მონაცემებზე" დაყრდნობით აქვთ.

    გამოცემა წერს, რომ სწავლების სცენარი ეფუძნებოდა "ბალტიის ქვეყნების და ბელარუსის ოკუპაციას რამდენიმე დღეში". ასევე, სწავლება ეხებოდა "შოკურ კამპანიას" ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ, მათ შორის იყო გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ნორვეგია, ასევე, ნეიტრალური შვედეთი და ფინეთი.

    "ბილდის" წყაროს მტკიცებით, რუსეთი ვარჯიშობდა "ბალტიის ქვეყნების აეროპორტებისა და პორტების განეიტრალებასა და მათზე კონტროლის დამყარებაზე".

    "იმ შემთხვევაში, თუ ომი რეალურად იქნება, მათი მიზანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გახდება, მათ შორის აეროპორტები, ნავსადგურები, სადგურები და სხვა ინფრასტრუქტურა, რათა ამ ქვეყნებში შოკი გამოიწვიოს და ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლებისგან ზავი ითხოვოს", - აგრძელებს მიმომხილველი.

    გამოცემის ცნობით, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს წყაროების ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში რუსეთმა სექტემბერში დატესტა "ქალაქ შპიცბერგენის დაბომბვა და ხელში ჩაგდება".

    როგორც სტატიის ავტორი წერს, სწავლების ფარგლებში რეპეტიციაგავლილი სცენარები, შესაძლოა, "ფერადი რევოლუციების" გამომწვევი გახდეს, მაგალითად, ბელარუსში ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.

    "ცნობილია, რომ 2008 წელს მოსკოვს ჰქონდა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე თავდასხმის გეგმა, თუ აშშ ჩაერთვებოდა და დაიცავდა საქართველოს რუსეთის შეჭრისგან", - ამბობს "ბილდის" ერთ-ერთი წყარო და დასძენს, რომ "თუ დასავლეთი შეეცდებოდა რუსეთის მიერ მიტაცებული ბალტიისპირეთის ტერიტორიის უკან დაბრუნებას, გამორიცხული ისიც არ იყო, რომ შემდეგი ნაბიჯი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ყოფილიყო.

    ვახტანგ მაისაიას თქმით, ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსის შეფასებით, მოსკოვი ამ წვრთნებით სტრატეგიულ თავდაცვას მიმართავს, რათა ნატო-ს თავდასხმა, დამცირება-დაკნინება აიცილოს და ამიტომაც აქტიურობს ყველა მიმართულებით, როგორც სამხედრო წვრთნების კუთხით, ისე ამერიკელებთან კიბერ ომის გაჩაღებით.

    "დღეს ჩატარდა რუსეთის სამხედრო კოლეგიის სხდომა, სადაც ითქვა, რომ თითქოსდა პოლონეთსა და ბალტიის სახელმწიფოებში მიმდინარეობს ამერიკული მცირე და საშუალო სიშორის დამრტყმელი ბირთვული შეიარაღების განთავსება და ამ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ 1987 წლის შეთანხმება შეიძლება საერთოდ გაუქმდეს კიდეც. ამან კი, შესაძლოა, ახალ ტალღაზე გადაიყვანოს ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ რუსეთსა და აშშ-ის შორის ახალი ცივი ომი მიმდინარეობს, რაც რეალობაა," - ამბობს მაისაია.

    რუსეთის მხრიდან წვრთნებით მუქარას რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს? ექსპერტი ამბობს, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომის ელემენტებს გამოიყენებს და, ასევე, შეეცდება, ევროპის შიგნით ქვეყნის ხელისუფლებები ერთმანეთს გადაჰკიდოს.

    "სავარაუდოდ, რუსები უკრაინაში ყველანაირად შეეცდებიან, როგორმე ის ხელისუფლება მოიყვანონ, რომელიც მათთვის სასურველი იქნება. არა ისეთი, როგორიც იანუკოვიჩი იყო, არამედ მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ნეიტრალიტეტის პოლიტიკას გამოაცხადებს და რუსეთთან ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებს. ამით რუსეთი მიზანს მიღწეულად მიიჩნევს.

    "დღეს არ არის უმთავრესი, რომ მაინცდამაინც ჯარით შეიჭრას სადმე. წვრთნები დაშინების პოლიტიკის ნაწილი, კუნთების დემონსტრირებაა. გამორიცხული არ არის, რომ მოსკოვმა ბალტიის სახელმწიფოებშიც გამოიყენოს ჰიბრიდული ომის ელემენტები და ამ კუთხით მოახდინოს ზეგავლენა ამ ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელებზე, დაპირისპირება ჩამოაგდონ ევროპული ერთიანობის შიგნით.

    "ესეც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი საკმაოდ საინტერესო ნაწილია, რომ გადმოიბირო შენი მოწინააღმდეგის მოწინააღმდეგეები და აიძულო აგრესიული ქმედებები სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ. ასეთი ტენდენცია არის, მაგალითად, უკრაინის წინააღმდეგ უნგრეთის განცხადებები, რაც საეჭვოდ დაემთხვა პუტინის უნგრეთში ჩასვლას. ასევე, ეცდებიან, გერმანიასა და ბრიტანეთში მათთვის სასურველი ძალები მოიყვანონ ხელისუფლებაში. ამერიკის არჩევნებისას განხორციელებული ჰიბრიდული შეტევა ამის კლასიკური მაგალითია," - ამბობს მაისაია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved