სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვრის უკონტროლო მონაკვეთების მონიტორინგი იანვრიდან დაიწყება
    თიკო ოსმანოვა
    23.12.2017

     საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთბრუნვის მონიტორინგი ნეიტრალურმა მებაჟეებმა, შესაძლოა, უკვე იანვრიდან განახორციელონ და 2018 წელს მაინც მოხდეს იმ ხელშეკრულების აღსრულება, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს რუსეთის მსო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ გაფორმდა.

    შესაბამის შვეიცარიულ კომპანიასთან ქართულმა მხარემ კონტრაქტი უკვე გააფორმა. ახლა ამავე კომპანიასთან ანალოგიურ ხელშეკრულებას რუსეთმაც უნდა მოაწეროს ხელი, მაგრამ როდის, ძნელი სათქმელია. რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერის ოფიციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ეს მისთვის უცნობია, რადგან ამ პროცესს ჩამოშორდა და ხელშეკრულების იმპლემენტაციას საქართველოს მხრიდან შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა კურირებს. თუმცა, როგორც ექსპერტი მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, მისი ინფორმაციით, რუსების მიერ შვეიცარიელებთან კონტრაქტის გაფორმება წლის ბოლომდე მოხდება, შვეიცარიელი მებაჟეები კი საქმიანობას უკვე ინვარში შეუდგებიან.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კონტრაქტი საქართველოს შემოსავლების სამსახურსა და შვეიცარიულ კომპანია "ეს-ჯი-ესს" შორის 19 დეკემბერს ბერნში გაფორმდა. ზურაბ აბაშიძის ცნობით, ამას რუსული მხარის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

    "შემოსავლების სამსახურსა და შვეიცარიულ კერძო კომპანიას შორის ხელმოწერილი კონტრაქტი საიმპლემენტაციო ხელშეკრულებაა იმ ყველასთვის კარგად ცნობილი ძირითადი კონტრაქტისა, რომელიც გაფორმდა 2011 წელს, რუსეთის ფედერაციის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს და რომლითაც განისაზღვრა სავაჭრო კორიდორების ზუსტი გეოგრაფიული კოორდინატები.

    "გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს, 2011 წლის ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული საერთაშორისო ტრანსპორტირების ფარგლებში, მხოლოდ ტვირთის აღრიცხვას და არ მოიცავს სხვა არავითარ დამატებით ვალდებულებებს. ტვირთის ტიპი, დრო და რეგულარულობა არის მხოლოდ საქართველოს გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული და არავითარი კავშირი არ აქვს შვეიცარიულ კომპანიასთან", - განაცხადა ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

    სხვა დეტალებზე კი არც საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც შემოსავლების სამსახურს კომენტარი არ გამოუთქვამს.

    აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს უნდა შემდგარიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით 19 დეკემბრამდე გაიწელა.

    რაც შეეხება 2011 წლის შეთანხმების შინაარსს, ხელშეკრულებაში საუბარია 3 დერეფნის ამოქმედებაზე. უფრო კონკრეტულად კი, სოჭთან ახლოს გაკეთდება ერთი დერეფანი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს გაივლის და ზუგდიდთან გაჩერდება; მეორე დერეფანი სტარტს ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნართან, აიღებს, გაივლის ოკუპირებულ ცხინვალს და გორში დასრულდება. მესამე დერეფნის ამოქმედებას კი რუსული მხარე ყაზბეგში, ზემო ლარსთან, გეგმავს. ხელშეკრულების მიხედვით, მონიტორებს მხოლოდ ტვირთის აღირცხვის უფლება ექნებათ.

    "ხელშეკრულებაში მონიშნულია ამ კორიდორების თავი და ბოლო, ამის კოორდინატები არსებობს. შვეიცარიელ მონიტორებს მხოლოდ ტვირთის აღრიცხვის უფლება ექნებათ, აღნიშნავენ იმ ტვირთს, რაც შევა და გავა", - განუცხადა "რეზონანსს" რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (24.12.2017)
    ამ ხელშეკრულების ყველაზე დიდ პრიორიტეტად ყველა ექსპერტი თვლიდა, რომ რუსეთი თითქოსდა ამით აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ესეც თუ ჩაიკარგა, აბა რას ვაწერთ ხელს და სარგებელს ვღებულობთ ამით, აბსოლუტურად გაუგებარია...


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved