სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    23.12.2017

     საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსზე, რუსულმა მხარემ ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი დააკავა, რომელიც რუსეთში აპირებდა შესვლას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რომელიც, ასევე, წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოდან რუსეთში შესვლას სავარაუდო ტერორისტი ცდილობს.

    რუსეთის ძალოვანი უწყებების ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთში გაზრდილია იმ ადამიანების ნაკადი, რომლებმაც სირიაში, უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებაში, საბრძოლო გამოცდილება მიიღეს და მათ შორის ძალიან ბევრი სწორედ "სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდანაა". დაკონკრეტებული არ არის, სავარაუდო ტერორისტები უმეტესად სამხრეთ კავკასიის რომელი ქვეყნებიდან არიან, არც ის, რა ეროვნებისაა თუნდაც 2 დღის წინ ლარსზე დაკავებული ეჭვმიტანილი.

    რუსეთში, ასევე, ბოლო 2 თვეა, ძალიან გახშირდა ანტიტერორისტული სპეცოპერაციები, რასაც რუსული მედია სირიიდან და ერაყიდან "ისლამური ხალიფატის" დამარცხების შემდეგ ტერორისტი მებრძოლების ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნებასა და მათ გააქტიურებას უკავშირებს. თანაც, ნოემბერში ჩრდილოკავკასიელმა მებრძოლმა ახმედ უმაროვმა გაავრცელა განცხადება, რომ "კავკასიის იმარატი" აღდგა, განახლდა და ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს სირიიდან დაბრუნებისკენ მოუწოდა კიდეც.

    "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელ მამუკა არეშიძის განცხადებით, რუსეთში, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში ტერორისტული ჯგუფების მოძრაობა იყო და არის, ამას ბოლომდე ვერავინ ვერ გამორიცხავს. რუსული მედიის მინიშნების მიუხედავად, რომ საქართველოდან რუსეთში ტერორისტების გადასვლა ხდება, გამორიცხულია, ამ მიზეზით საქართველოს მოსკოვიდან რაიმე საფრთხე დაემუქროს.

    "ვერ გააკეთებენ. ერთი, რომ ამ გადაადგილებას მასობრიობა არ ახასიათებს, მეორეც, გადასარევად იციან, რომ მათ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებიდანაც შედიან მოჯაჰედები. გარდა ამისა, რუსებმა ისიც იციან, რომ საქართველოს მხარესაც აქვს მონაცემები იმის თაობაზე, თავად რუსეთის ტერიტორიაზე როგორ ხდება გადაადგილება," - ამბობს არეშიძე.

    მისი თქმით, ჩრდილოეთ კავკასიაში ლამის ყოველ კვირას არის ანტიტერორისტული ოპერაციები - შეტაკებები რუს ფედერალურ ძალებსა და ამბოხებულებს შორს, დაახლოებით ერთი კვირის წინ კი მახაჩყალის მიმდებარე სოფელში ძალიან დიდი შეტაკებაც მოხდა.

    როგორც არეშიძე აღნიშნავს, ფაქტია, რომ კავკასიის მიმართულებით აქტიურობა გაზრდილია და ამაზე მეტყველებს თუნდაც ისიც, რომ "კავკასიის იმარატის" აღდგენაც უკვე დაანონსებულია, დოკუ უმაროვის ძმა ახმედ უმაროვმა დააანონსა ნოემბერში, ერთი კვირით ადრე, ვიდრე ახმედ ჩატაევის მონაწილეობით ინციდენტი მოხდებოდა. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ ჯგუფის ამოცანა "კავკასიური იმარატისთვის" საქართველოში ზურგის შექმნა იყოს.

    ცნობისათვის, "კავკაზ უზელი" წერს, რომ 21 დეკემბერს ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტზე ჩრდილოეთ ოსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს უცხოელი, რომელიც ეჭვმიტანილია ტერორისტულ საქმიანობაში და რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას აპირებდა. ძალოვან უწყებებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ახალგაზრდა კაცი წარმოშობით სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ქვეყნიდანაა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთის ტერიტორიაზე, რამდენიმე წლის წინ ქვეყნიდან წავიდა ახლო აღმოსავლეთში საბრძოლველად, ახლა კი ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთ რესპუბლიკაში მიდიოდა ყოფილ მეგობრებთან და თანამემამულეებთან შესახვედრად.

    უშიშროების ძალებმა, ასევე, დაადგინეს, რომ დაკავებული ახალგაზრდა აქტიურად დაინტერესებულია პოლიტიკით, ისლამური რელიგიის შესწავლით, მისი მუდმივი საქმიანობა კი ინტერნეტის მეშვეობით კომუნიკაცია და პროპაგანდაა. უკვე დაწყებულია შემოწმება კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მისი ნაცნობების ჩართვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

    სხვადასხვა რუსული გამოცემა წერს, რომ მსგავსი შემთხვევები იყო ადრეც, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე იგეგმებოდა ტერორისტების შესვლა, მათ შორის საქართველოდანაც. იგივე "კავკაზ უზელში" 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზემო ლარსზე დააკავეს უცხოელი, რომელიც ეჭვმიტანილია, რომ ხალხს მოუწოდებდა და ეხმარებოდა სირიაში გასამგზავრებლად.

    ასევე, რუსეთში ბოლო 2 თვეა, ძალიან გახშირდა ანტიტერორისტული სპეცოპერაციები და რუსული მედია წერს, რომ სირიიდან "ისლამური ხალიფატის" დამარცხების შემდეგ ტერორისტი მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიაში ბრუნდებიან.

    მამუკა არეშიძის თქმით, სირიიდან მებრძოლების ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიაში ბრუნდება, ეს ინფორმაცია არსებობს და ალბათ საქართველოს გავლითაც, მაგრამ საქართველოს გავლით დაბრუნების უფრო ერთეული შემთხვევები უნდა იყოს.

    "საქართველოს ტერიტორიის გავლის გარდა, სხვა გზებიც არსებობს. აპრობირებული მეთოდია ბეირუთის აეროპორტიდან რუსეთის მეორეხარისხოვან ქალაქებში გაფრენა, მაგალითად, ვოლგოგრადში და სხვა ქალაქებში. თუმცა იქ ეჭვის თვალით უყურებენ ყველას, ამიტომ ხშირია უკრაინიდან არალეგალურად რუსეთის საზღვრის გადალახვა. იყო შემთხვევა, როდესაც ერევნის აეროპორტში ჩაფრენილ მოჯაჰედებს გადაუჭრიათ საქართველოს ტერიტორია და წასულან ჩრდილოეთ კავკასიაში. ასეთი ორი შემთხვევა იყო და მათ ჰქონდათ საბუთები, რომ თურქეთის მოქალაქეები იყვნენ.

    "რამდენად მასობრივია დაბრუნება, ვერ ვიტყვი. სირიასა და ერაყში, სხვადასხვა ინფორმაციით, 3 000-დან 8 000-მდე რუსეთის მოქალაქეა. მათგან ბევრი დაიღუპა, ნაწილი დაიფანტა უფრო ახლო აღმოსავლეთში, ლიბიიდან ავღანეთამდე სივრცეში. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე საუდის არაბეთშია," - ამბობს არეშიძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved