სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    23.12.2017

     "საქართველომ არც თურქეთთან და არც ამერიკასთან ურთიერთობა არ უნდა გაიფუჭოს. შესაბამისად, ქართულმა მხარემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პოზიციის გამოხატვისგან არაოფიციალურად თავი შეიკავა", - აღნიშნა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან" გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივით წარდგენილი რეზოლუციის კენჭისყრისას ქართული დელეგაციის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

    რაც შეეხება პრემიერ ირაკლი კვირიკაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას, პოლიტოლოგის განცხადებით, ხელისუფლებას ბევრ კითხვაზე არ აქვს პასუხი და ალბათ "პრემიერს სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ აგრესიაზე გადასულიყო".

    "რეზონანსი": რას იტყვით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას დაპირისპირებაზე?

    ნიკა ჩიტაძე: მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ პრემიერი გამოვიდა წყობიდან, ყველას შეიძლება ეს დაემართოს. გოეთეს აქვს ნათქვამი - დიდი ადამიანებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიანო, მაგრამ ამავე დრო არისტოტელეს აქვს ძალიან კარგად ნათქვამი, რომ გაბრაზება ყველას შეუძლია, მაგრამ გაბრაზდე საჭირო დროს და საჭირო ადგილას, ეს ყველას არ ძალუძსო.

    მთავარ პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ხელისუფლება ხშირად ვერ სცემს პასუხს იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ მელიაზე, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს და რომლის პარტიამაც საპარლამენტო არჩევნებში 27% აიღო.

    ხელისუფლებისა და უმცირესობის წინა სხდომაზე დაისვა კითხვები კრიმინოგენურ ვითარებაზე, ასევე, მუხთარლის საქმეზე, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ეს ჩავარდნა იყო. კითხვები იყო "რუთავი 2"-ის საქმეზე, ლარის გაუფასურებაზე და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვაა, რომელზეც ხელისუფლებას პასუხი არ აქვს და როგორც ზარატუსტრა იტყოდა, სიმართლე ძალიან მახინჯია. ალბათ იმის გამო, რომ პასუხს ვერ სცემდა კითხვებს, პრემიერს სხვა გზა არ დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ აგრესიაზე გადასულიყო. არ ვიცი, ალბათ ეს არის მთავარი პრობლემა.

    "რ": პრემიერსა და მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას მეორე დღესაც ჰქონდა გარკვეული გაგრძელება. თქვენი აზრით, მოსალოდნელია, რომ კონფლიქტები გაგრძელდეს და კვლავ ვიხილოთ მსგავსი სიტუაციები?

    ნ.ჩ.: კი, ნამდვილად მოსალოდნელია. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი, რაც ნათლად გამოჩნდა განსაკუთრებით 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, ან თუნდაც პირველი პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირების მაგალითზე. განსხვავებული აზრი იწვევს გაღიზიანებას და ამის გამო ხშირად ოჯახებიც კი დანგრეულა, ამის მაგალითებიც ვიცი.

    რაც შეეხება პოლიტიკურ ელიტას, ისიც საზოგადოების შემადგენელი ნაწილია და იქაც ვლინდება ეს გაღიზიანება. ძალზე სამწუხაროა, რომ ტოლერანტობა ამ შემთხვევაში ჩვენთან არ არსებობს, რაც, მოგეხსენებათ, ლიბერალიზმისა და დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ევროპულ ღირებულებებს ჩვენ ვერ ვუახლოვდებით. არ მინდა ვთქვა, რომ შორს ვართ, მაგრამ ვერ ვუახლოვდებით ამ ღირებულებებს.

    "რ": დაპირისპირებას წინ უძღოდა განცხადებები პრემიერის შესაძლო გადადგომაზე. როგორ ფიქრობთ, ამ სკანდალის შემდგომ კვირიკაშვილის გადადგომის ალბათობა გაიზრდება თუ შემცირდება?

    ნ.ჩ.: თუ იდგა კიდეც დღის წესრიგში კვირიკაშვილის გადადგომა, ვფიქრობ, რომ ახლა ასე აღარ მოხდება, რადგან თუ პრემიერი გადადგება, გამოვა, რომ ხელისუფლება ირიბად აღიარებს თავის შეცდომას, რომ ის მწყობრიდან გამოვიდა. ამდენად, ისინი ცდილობენ, გაამართლონ კვირიკაშვილის ქმედება იმით, რომ ის მდგომარეობიდან გამოიყვანეს და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი. შესაბამისად, კვირიკაშვილის გადადგომა აღარ არის მოსალოდნელი.

    "რ": როგორ შეაფასებდით გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იერუსალიმის სტატუსტთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივით წარდგენილი რეზოლუციის კენჭისყრისას საქართველოს დელეგაციის დარბაზში არყოფნას?

    ნ.ჩ.: ჩემი აზრით, ეს ქმედება სწორი იყო. საქართველო რომ ყოფილიყო დარბაზში, ვფიქრობ, მას თავი უნდა შეეკავებინა პოზიციის გამოხატვისაგან, ვინაიდან განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხზე. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ამერიკის პოზიციაზე. ერთია, რომ აშშ-ს აქვს თავისი მოსაზრება და მეორეა თურქეთი. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი, პირიქით, ცდილობს, იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიაროს.

    ვიცით, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მილიარდ ორასი მილიონი დოლარია. მეორე მხრივ, ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მასთანაც არ უნდა გაიფუჭოს საქართველომ ურთიერთობა. ამიტომ მგონია, რომ ქართულმა მხარემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც პოზიციის გამოხატვისგან არაოფიციალურად თავი შეიკავა. არაოფიციალურად, რადგან რეალურად დარბაზში არ იმყოფებოდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved