სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    22.12.2017

     რამდენად რეალურია, რომ პრემიერ-მინისტრი შეიცვალოს გაზაფხულზე და მთავრობის ახალ მეთაურად შს მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნოს?! პოლიტოლოგების განცხადებით, ფაქტია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ბოლო დროს ყველაფერს აკეთებს, რომ მედიაში გაჩენილი ეს ვარაუდები გამართლდეს - მისი ბოლოდროინდელი უცნაური განცხადებები გადადგომით "დამუქრებაზე" და, ასევე, გინება ოპოზიციის შეძახილზე, რომ მისი შემცვლელი ივანიშვილს უკვე ნაპოვნი ჰყავს, მიუთითებს, რომ ის ამის გამო გაღიზიანებულია.

    პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის ვარაუდით, მედიაში გავრცელებული ჭორები რომ, დიდი ალბათობით, სიმართლეს შეესაბამება და კვირიკაშვილს მართლაც აქვს მოლოდინი, რომ მალე შეცვლიან, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ქცევამ, უწმაწურმა გინებამ თითქმის დაადასტურა კიდეც.

    "ჭორები რომ ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა, ამაზე მეტყველებს ის, რომ კვირიკაშვილს ძალიან საეჭვოდ უღალატა ნერვებმა. იგი არ ტოვებს ისეთი აფექტური ადამიანის შთაბეჭდილებას, უცებ ავარდეს, წონასწორობა დაკარგოს და ბილწსიტყვაობაზე გადავიდეს. კვირიკაშვილი თავის თავში დარწმუნებულ, მშვიდ, გაწონასწორებულ ადამიანად გვახსოვს, ამიტომ რაღაც სერიოზული ხდება. ფაქტია, რომ გაღიზიანებულია და ნერვებს ვერ თოკავს.

    მახსოვს შემთხვევა, როდესაც ხადურის მიმართ აგორდა ჭორები, რომ ხსნიდნენ და მიუხედავად იმისა, ერთი წელი დარჩა კიდევ მინისტრად, მაშინ მისმა ახლობელმა მითხრა, სახლში ნერვიულობს და ამბობს, ტელევიზიიდან რატომ უნდა გავიგო, თუკი ასეთი რამ გადაწყვეტილიაო.

    "ეტყობა, ახლაც ასეა. ძალიან ნევროზული განწყობილებაა მთავრობაში. კვირიკაშვილი ნერვიულობს, გახარია კი იმდენად თვითკმაყოფილად და თავდაჯერებულად გამოიყურება, რომ ეტყობა, მისთვისაც არ არის უცხო ეს ვერსია, მოვლენათა ასეთი განვითარება. ამიტომაც ყველაფერი მოსალოდნელია," - ამბობს ცინცაძე.

    პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ბოლო ერთი კვირაა, კვირიკაშვილი "თავს ვერ თოკავს", მას რაღაც ძალიან აწუხებს, ამიტომაც დაკარგა შინაგანი წონასწორობა და შეცდომას შეცდომაზე უშვებს - თითქმის ყველაფერზე ძალიან არაადეკვატურად და გაღიზიანებით პასუხობს.

    "ის გამოსულია მდგომარეობიდან და შეიძლება ვივარაუდოთ, ეს ხდება ეჭვიანობის გამო, რომ მის შემცვლელად ვიღაცას ამზადებენ, ან შეძლება სხვა პრობლემაც აქვს, ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით. ფაქტია, რომ აქვს რაღაც პრობლემა, რაზეც ვერ საუბრობს და ხან აქეთ ეცემა და ხან - იქით. ეს ჩანს," - საკუთარ ვარაუდებზე საუბრობს ხუხაშვილი.

    მისი თქმით, "პრემიერი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი ბედი უარყოფითად გადაწყდეს და ოთხშაბათს პარლამენტის შემთხვევა არ იყო პირველი სიმპტომი, რომ მის თავს რაღაც კარგი არ ხდება." ამ ბოლო კვირებში მან დაანგრია ის იმიჯი, რაც შექმნილი ჰქონდა, კეთილბუნებოვანი და მშვიდი ადამიანის და დაანგრია არა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ, ფაქტობრივად, სწორ ადგილზე.

    "პირველი იყო დეპუტატ შალელაშვილის ღია წერილზე სრულიად არაადეკვატური რეაქცია, როდესაც ლამის ფეხების ბაკუნი დაიწყო. შემდეგ იყო "უცნობთან" უცნაური ვითარება, როდესაც მას არავინ არ სთხოვდა და იძახა, გადავდგებიო, რასაც აგრეთვე მოჰყვა გარკვეული პოლიტიკური ტალღა და ახლა უკვე პარლამენტში მისი წყობიდან გამოსვლა. ძალიან მარტივ პროვოკაციაზე წამოეგო, რაც ძალიან სახიფათოა ქვეყნის ლიდერისთვის, ნიკა მელიას პირველად ხედავდა თუ რას ელოდა სხვას? გასაგებია, რომ მელია ეტყოდა იმას, რაც უთხრა, ეს სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო და ძალიან მძიმე რეაქცია ვნახეთ," - მიიჩნევს ხუხაშვილი.

     ცნობისათვის, "ოცნების" დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა კვირიკაშვილს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისკენ ღია წერილით 7 დეკებერს მოუწოდა, რაზეც მან თქვა, რომ ასეთი საჯარო წერილებისა და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის მიუღებელია.

    შემდეგ იყო მომღერალ გია გაჩეჩილაძესთან ტენდერების სკანდალზე დაწყებული დაპირისპირება და პრემიერ-მინისტრის ერთგვარი "დამუქრება", რომ თუ მისი მეგობარი გაჩეჩილაძე მართალი აღმოჩნდებოდა, პრემიერობიდან გადადგებოდა.

    ოთხშაბათს კი, პარლამენტში უმცირესობასთან მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენისას, "ნაცმოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიასა და გიორგი კვირიკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. მელიამ პერმიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ის ფორმალური პრემიერია და ივანიშვილმა მის შემცვლელად უკვე მოძებნა გახარია, რომელიც გვერდით უზის, რასაც კვირიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. მან მელიას კორექტულობისკენ მოუწოდა, შემდეგ კი დეპუტატს აგინა.

    პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვირიკაშვილის შეცვლაზე აქტიური საუბარი მედიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მთავრობის ახალი შემადგენლობა და შს მინისტრად გიორგი გახარია წარადგინა. მაშინ ითქვა, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამო გიორგი კვირიკაშვილი გაზაფხულზე თანამდებობას დატოვებდა და გამოითქვა ვარაუდიც, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატადაც მოიაზრებოდა, მის შემცვლელად კი გიორგი გახარია განიხილებოდა.

    გია ხუხაშვილის თქმით, თუკი კვირიკაშვილის გაპრეზიდენტება მართლაც იყო ჩაფიქრებული, პარლამენტის ინციდენტის შემდეგ ეს თითქმის გამორიცხულია.

    "პრეზიდენტისადმი თმენის ვალდებულების მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალი სტანდარტისაა, ვიდრე პრემიერ-მინისტრისადმი, რადგან პრეზიდენტი ქვეყნის სახეა და ასეთი ტიპის ქმედებით საპრეზიდენტო მიმართულებით მის გადანაცვლებას აშორებს.

    "არ მინდა დრამატიზება, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია პირადად მისთვის, თორემ კვირიკაშვილი სახელმწიფოსთვის ბევრს არაფერს წარმოადგენს. ის არასდროს ყოფილა სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ პირადად მისი კარიერა ამ გამოხდომებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს," - მიიჩნევს ხუხაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    moqalaqe   (22.12.2017)
    გაიტანეთ კვირიკაშვილი


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved