სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    22.12.2017

     პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, როგორც ლიდერის, სტატუსი სერიოზულ კითხვებს ბადებს. იგი შესაძლო გადაყენებაზე ეჭვიანობს და სწორედ ამით არის განპირობებული მისი არაადეკვატური განცხადებები. ხუხაშვილი ამბობს, რომ პრემიერის თავზე დატრიალებული წისქვილის ინიციატორი თავად პრემიერია, ხოლო რაც შეეხება გიორგი გახარიას კანდიდატურას, კვირიკაშვილის შემცვლელად მისი განხილვა ალოგიკურია.

    კვირიკაშვილისა და მელიას დაპირისპირებასა და პრემიერის შესაძლო გადაყენებაზე "რეზონანსი" გია ხუხაშვილს ესაუბრა.

    გია ხუხაშვილი: პრემიერისა და მელიას დაპირისპირებას აქვს ორი მხარე - ერთი ადამიანური და მეორე პოლიტიკური. სამწუხაროდ, საქართველოში ესენი არეულია ერთმანეთში, რაც არასწორია. ადამიანურად, რაც შემიძლია დავადასტურო და აღვნიშნო, არის ის, რომ მელიას ცემა, კვირიკაშვილის გარდა, შეიძლება ბევრს უნდოდეს. შესაბამისად, ადამიანური ემოცია შეიძლება გასაგები იყოს. თუმცა ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ღირსების დაცვა შორიდან გინებით არ ხდება. ფიზიკურად რომ გასწორებოდა, ეს კიდევ უფრო გასაგები იქნებოდა. შორიდან მუქარანარევი გინება, როდესაც შუაში დაცვა დგას, მაინცდამაინც ღირსების დაცვას არ ჰგავს. რაც შეეხება პოლიტიკურს, აქ სალაპარაკო არაფერია და არანაირი გამართლება არ აქვს. მეტსაც გეტყვით, ეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის.

    ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, რომელსაც არ აქვს უნარი, რომ მარტივ პროვოკაციასაც არ წამოეგოს. ფაქტობრივად, პირველსავე დაგებულ ხაფანგში პატარა ბიჭივით გაება. ეს ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და ცუდ ტენდენციაზე მიუთითებს. ასე რომ, პოლიტიკურად დაზარალდა პრემიერი, როგორც ფიგურა.

    მისი საქციელი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის არ არის თავის ადგილზე. მან აიკიდა იმაზე დიდი ტვირთი, ვიდრე შეუძლია, ზიდოს. მისი შემდგომი კომენტარებიც სწორედ ამაზე მეტყველებს, რაც მთლად ადეკვატური არ იყო. ამას ყველა უყურებს და მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო მელიას წინააღმდეგ მიმართული. ის ბოლო პერიოდში დაძაბულია. სკანდალების მთელი რიგი იყო. პირველი - დეპუტატ შალელაშვილის განცხადებას აბსოლუტურად არაადეკვატურად უპასუხა და ფეხების ბაკუნი დაიწყო სწორ ადგილზე. მერე იყო "უცნობთან" გაუგებარი დაპირისპირება და გადადგომის ძახილი. რატომ გვაშინებდა, ვერ გავიგე, ახლა კი დააგვირგვინა. ეს იყო ლიდერისთვის შეუფერებელი საქციელის მთელი ციკლი.

    "რეზონანსი": თქვენი აზრით, გავრცელებული ხმები მის გადადგომასთან დაკავშირებით რამდენად რეალური შეიძლება იყოს?

    გ.ხ: იგეგმება თუ არ იგეგმება მისი გადაყენება, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, ის ამ თემაზე ეჭვიანობს და ეს არის მისი მთავარი პრობლემა. ვფიქრობ, მისი ფსიქოლოგიური აშლილობის მიზეზი ზუსტად ისაა, რომ იგი ეჭვიანობს, რომ რაღაცას უპირებენ და ამით არის განპირობებული ბოლო პერიოდში მისი უცნაური საქციელი.

    თავი უნდა აიყვანოს, ასე არ შეიძლება. თუ დასვენება სჭირდება, დაისვენოს სადმე, წყალტუბოს სანატორიუმში ან ნუნისში. მას უკეთესად ეცოდინება, მაინცდამაინც ბადენ ბადენში ნუ წავა, საქართველოში დაისვენოს, თორემ მისი, როგორც ლიდერის, სტატუსი სერიოზულ კითხვებს ბადებს.

    "რ": თქვენი აზრით, კვირიკაშვილის შესაძლო შეცვლა ბიძინა ივანიშვილის კაბინეტში განიხილება?

    გ.ხ: არსებობს ძალის ცენტრები. ბუნებრივია, სადღაც რაღაც მსჯელობა არის. არა მგონია, რომ დღეს ვინმე რეალურად განიხილავდეს კვირიკაშვილის ასე სწრაფად ჩამოშორებას ამ პოსტიდან. სისტემურად შეიძლება ამაზე ვინმე მსჯელობდა, მაგრამ ეს არ იყო დღევანდელი დღის წესრიგი. კვირკაშვილმა თვითონ მოახდინა ამის ფორსირება. მის თავზე დატრიალებული წისქვილის ინიციატორი გახლავთ თავად კვირიკაშვილი. მისი პრობლემები მისივე საქციელიდან გამომდინარეობს და არა გარე ფაქტორებიდან.

    "რ": რას ფიქრობთ გიორგი გახარიაზე, როგორც კვირიკაშვილის შესაძლო შემცვლელზე?

    გ.ხ: რატომ არის ამაზე ასე დაბეჯითებით საუბარი, არ მესმის. ლოგიკას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. გახარიას გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. არ ვიჩქარებდი ამ თემის განხილვას.

    "რ": მაშინ ვინ შეიძლება შეცვალოს კვირიკაშვილი?

    გ.ხ: ამაზე ჭორაობას ვერ დავიწყებ, ჯერ ეს საკითხი არ დგას. როცა დადგება დღის წესრიგში, მერე ვისაუბროთ.

    "რ": პარლამენტში დამატებითი ფრაქციების შექმნა მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ "ოცნებაში" შიდა დაძაბულობა პიკს აღწევს?

    გ.ხ: დაპირისპირება და შიდა აუტანლობა "ოცნებაში" ყოველთვის იყო, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ფრაქციების შექმნა ახალი პოლიტიკური ერთეულების დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყების სურვილზე მეტყველებდეს, გადაჭარბებულია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთი არ უყვართ, არ აქვთ კომფორტი და შესაძლებლობა, რეალური პოლიტიკური თამაში დაიწყონ. ასე რომ, კი, ბატონო, ხალიჩის ქვეშ ერთმანეთს მუჯლუგუნებს კრავენ, კბენასა და ჩქმეტაზეც არ იტყვიან უარს, მაგრამ ცალკე ვერც ერთი ვერ გაბედავს სერიოზულ დაპირისპირებაში შესვლას იმიტომ, რომ ყველა ერთი ადამიანის რესურსებზე პარაზიტობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved