სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    არის თუ არა დაცული საქართველოს საზღვრები
    ეკატერინე ბასილაია
    21.12.2017

     რა დონეზეა დაცული საქართველოს საზღვრები, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საერთაშორისო ტერორისტ აჰმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის თბილისში შემოსვლის შემდეგ აქტუალური გახდა.

    "ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საზღვრის დაცვაა და ეს გამოწვევები აშკარას ხდის, რომ დროის დაყოვნება არ შეიძლება", - ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას გიორგი გახარიამ ჩატაევის თემაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ექსპერტების შემდეგ შს მინისტრმაც აღიარა, რომ საზღვრების დაცვის კუთხით არსებული რეალობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა.

    უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გარემოს ყველა მიმართულება მოწყვლადია და ამ დროს ჩვენი საზღვრის დაცვა კრიტიკულ დონეზეა დასული - მთიანი სისტემა აბსოლუტურად დაუცველია, ზღვაზე აბსოლუტურად დაუცველი ვართ და ახლა აღმოჩნდა, რომ მწვანე დერეფნებიც დაუცველია.

    ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, საზღვრის დაცვის პრობლემა ყოველთვის იდგა და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონში.

    "მას შემდეგ, როცა გაზაფხულიდან გადასასვლელები იხსნება, ასობით გადასასვლელია კავკასიონის მთელ იმ მონაკვეთზე, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას ესაზღვრება. ჩემი ვარაუდით, ჩატაევი სწორედ ამ მიმართულებიდან თოვლის დადებამდე გადმოვიდა.

    "ეს თემა სიახლე არ არის და სწორია, რომ, როგორც იქნა, საზღვრის დაცვა პრიორიტეტი გახდება. ვნახოთ, შს მინისტრი ამას როგორ განახორციელებს. აქ საუბარი მხოლოდ პერიმეტრების დაცვაზე არ უნდა იყოს, სისტემური ცვლილებებია საჭირო", - აღნიშნავს სალუქვაძე.

    გუშინ პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებაში ყველაზე მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდნენ აჰმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოში.

    "სასაზღვრო პოლიცია დღეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შს სამინისტროს სისტემაში. ის გამოწვევები, რომელსაც დღეს ვაფიქსირებთ, აშკარას ხდის, რომ ამ მიმართულებით დროის დაყოვნების საშუალება ჩვენ არ გვაქვს", - აღნიშნა გახარიამ და დასძინა, რომ საერთაშორისო კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად უკვე დაიწყო კონკრეტულ და ყველაზე მწვავე სექტორებზე მუშაობა, როგორც ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე სისტემური ცვლილებების მიმართულებით და "ყველაზე დიდი გამოწვევა პერსონალის კვალიფიკაციაა".

    ვახტანგ მაისაიას შეფასებით, სახელმწიფო საზღვრის დაცვა ნომერ პირველი გამოწვევაა.

    "ჩვენ არასტაბილურ გეოსტრატეგიულ სივრცეში ვართ და ამ დროს არაადეკვატური საზღვრის დაცვის სისტემა გვაქვს. მით უმეტეს, არის ბორდერიზაციის პრობლემა, არის "თეთრი ლაქების" ზონები, იგივე სეპარატისტული ანკლავები ცხინვალსა და აფხაზეთში; რაც ყველაზე უარესია, ჩვენ საზღვაო აკვატორიას ვერ ვაკონტროლებთ საერთოდ. საზღვაო აკვატორია, 9 000 კვადრატული კილომეტრი სივრცე, ფაქტობრივად, დაუცველი გვაქვს.

    "ამას ემატება ისიც, რომ საქართველო მთიანი სახელმწიფოა, ძალიან ბევრი გადასასვლელია, რომელთაც საერთოდ ვერ ვაკონტროლებთ და ეს "თეთრი ლაქებია". ნებისმიერ დროს შეიძლება, ამ მთიანი ზონით გადახვიდე და გადმოხვიდე.

    "ამ ფონზე გასაკვირიც არ არის, რომ ჩატაევი შეუმჩნევლად შემოსულიყო. თანაც, როგორც ჩანს, მაღალი დონის კორუფციაცაა უსაფრთხოების სისტემაში, რაც უსაფრთხოების გარემოს მოწყვლადობას უმატებს. ამასთან, კვალიფიკაციაც პრობლემაა. სისტემა არ არის ადეკვატური და კვალიფიციური კადრებიც, შესაბამისად, პრობლემაა. გახარიამ პრობლემა წამოწია და ამას მივესალმები", - აღნიშნავს მაისაია.

    მისი თქმით, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ დღესაც ხდებოდეს მთებში საზღვრის ფარულად გადაკვეთა.

    "შეიარაღებულ ჯგუფს თავისუფლად შეუძლია, მაგალითად, დაღესტანში გადასვლა. 2012 წელს, ლოპოტის სპეცოპერაციის დროს, იმ ჯგუფს შეეძლო გადასვლა. გარემოების მომენტი იყო, მწყემსებს რომ არ გადაჰყროდნენ და შემდეგ არ გაეშვათ ისინი, თავისუფლად გადალახავდნენ საზღვარს და ამას ძალოვანი სტრუქტურები ვერც გაიგებდნენ", - ამბობს მაისაია.

    იგი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სისტემა ძალიან სუსტია და ამის კიდევ ერთი მაგალითი 2014 წელს იყო, როდესაც 3 ტონა თხევადი ჰეროინი აღმოაჩინეს.

    "არა სისტემურობის გამო, არამედ შემთხვევით მოხდა მისი აღმოჩენა. როგორც ჩანს, მანამდე ტრანზიტს თავისუფლად გადიოდნენ, გამჭოლი კორიდორი იყო და შემთხვევით ჩავარდა ერთ-ერთი ტვირთი. ამხელა ტვირთს არავინ გამოუშვებდა, თუ მანამდე ეს გზა აპრობირებული არ იყო", - მიიჩნევს მაისაია.

    უსაფრთხოების ექსპერტის თქმით, ჩვენთან სახელმწიფო დაცვის ამერიკული სისტემაა - საპატრულო პოლიციის მობილური ჯგუფები იცავენ სახმელეთო საზღვრებს, საზღვაო მიმართულებით კი მხოლოდ სანაპირო დაცვის კატერებია, რაც 3-5 კილომეტრს არ სცდება და, ამდენად, არც საზღვაო სივრცე კონტროლდება სრულად.

    "დროა, მთლიანად შეიცვალოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მოდელი. შესაძლებელია, რომ დამოუკიდებელი სასაზღვრო დაცვის სამსახური შეიქმნას, რომელსაც დაემორჩილება სპეციალიზებული გასამხედროებული ფორმირებები. სწორედ სპეცსამსახურებს დაევალებათ სახელმწიფო საზღვრის დაცვა ჰაერში, ზღვაზე და ხმელეთზე. მეორეა უ.წ. ჰიბრიდული ვარიანტი - სახელმწიფო საზღვრის დაცვის სისტემა გადავიდეს სახელმწიფო უშიშროების სისტემაში და იქ შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურები. ადრე არსებობდა ასეთი სისტემა და ეფექტურიც იყო. მესამე ვარიანტია, რომ გადავიდეს თავდაცვის სამინისტროში, როგორც იყო 1918-1921 წლებში. მე პირველ ვარიანტს ვემხრობი."

    ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ 100%-ით ვერც ერთი ქვეყანა ვერ ახერხებს საზღვრის დაცვას, თუმცა საკმაოდ მაღალი ეფექტიანობით შესაძლებელია, მათ შორის ჩვენთანაც. ამ სფეროში უპირველეს გამოწვევად კი მესაზღვრეების უმძიმეს პირობებს ასახელებს.

    მისივე თქმით, კვალიფიკაციის პრობლემაზე როცაა საუბარი, აქ მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიები ვითარდება და ახალი ტექნოლოგიების შემოტანას პერსონალის გადამზადება მუდმივად ესაჭიროება.

    "ეს ძალიან დიდ დანახარჯებს მოითხოვს და ერთ წელიწადში გასაკეთებელი არ იქნება. მინიმუმ, 4-5 წლიანი გეგმა უნდა შედგეს და ყოველ წელიწადს ჩვენს სასაზღვრო პერიმეტრს ახალ-ახალი აღჭურვილობა უნდა შემატოს. უამრავი საშუალებაა, როგორც სითბური კონტროლის, ასევე სხვა აღჭურვილობა.

    "თვითონ სასაზღვრო პუნქტების რაოდენობაც საკმაოდ მცირეა და მათი უზრუნველყოფაც საკმაოდ სუსტია. ნახევარი ცხოვრება სხვადასხვა ძალოვან სტრუქტურაში გავატარე და ურთიერთობას დღესაც ვინარჩუნებ. ამიტომ ვიცი, რომ ჩვენს მესაზღვრეებს ძალიან სავალალო სიტუაციაში უწევდათ სამსახური, რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში, განსაკუთრებით ზამთარში და განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში. ეს პირობები მუდმივად უმჯობესდება, მაგრამ ადამიანისათვის მისაღებ პირობებამდე ჯერ კიდევ შორსაა", - აცხადებს სალუქვაძე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter