სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს პოლიტიკური ლიდერები
    თიკო ოსმანოვა
    21.12.2017

     თუ კვირიკაშვილის გარშემო გაგრძელდება კორუფციული სკანდალები ტენდერებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იმუშავებს პრინციპი - წვეთმა ქვა გახეთქა. დღეს რაც ხდება მის გარშემო, შეიძლება ამ ბიზნეს ჯგუფების შერკინების კონტექსტში განვიხილოთ", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

    ხათუნა ლაგაზიძე: ბევრი მოვლენით დატვირთული წელი იწურება. მაგრამ, ზოგადად თუ შევაფასებთ, ვიტყვი - ეს ქვეყანა არსაით მიდიოდა. არ ვიცით, როგორ ქვეყანას ვაშენებთ. ხელისუფლებას არ დაუსახავს თავისი ხედვა.

    უფრო კონკრეტულად, ძალიან ბევრი საკითხის გამოყოფა შეიძლება, რომელთა განხილვაც ცალ-ცალკე შესაძლებელია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა. ეს არის ის პერსპექტივა, რომელიც ქვეყანამ რეალურად უნდა გამოიყენოს.

    "რეზონანსი": უფრო კონკრეტულად?

    ხ.ლ: ადგილობრივი არჩევნები იყო დიაგნოზი, ერთი მხრივ, ხელისუფლების, მეორე მხრივ, ოპოზიციის და, უფრო ფართოდ, საზოგადოების. მან აჩვენა, რამდენად დაქსაქსულია ოპოზიციური სპექტრი და აჩვენა ისიც, რომ აღარ აქვთ რესურსი, ქვეყანაში რეალურად რაღაც შეცვალონ. და ეს აჩვენა იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებამ სრულიად საპირისპირო რამ გამოავლინა. ვგულისხმობ ალეკო ელისაშვილის მეორე ადგილს, რაც პირდაპირი გამოხატულებაა იმისა, რამხელა მოთხოვნაა საზოგადოებაში ახალი ლიდერების გამოჩენისა. ოღონდ ისეთი ლიდერის, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებს საკუთარი გამარჯვების უნარიანობაში და მხოლოდ ამ შემთხვევაში გაჰყვება მას.

    სხვათა შორის, ელისაშვილს რომ დაერწმუნებინა უფრო მეტი ამომრჩეველი, გაცილებით უკეთეს შედეგს დადებდა. საზოგადოება რომ ცვლილებას ელის, ამას მიანიშნებენ არა მარტო ისინი, ვინც გამოვიდნენ და ხმა ელისაშვილს მისცეს, არამედ ისინიც, ვინც არ გამოვიდნენ და არავის მისცეს ხმა. ძალიან მაღალი იყო მათი პროცენტი და ეს ის ამომრჩეველია, რომელიც პროტესტს უცხადებს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.

    ამ არჩევნებმა, ასევე, აჩვენა არა იმდენად ხელისუფლების მხარდაჭერა, რამდენადაც ხელისუფლების უნარი, დიდი ფინანსური სახსრების მობილიზებით დაერაზმა კოორდინატორთა დიდი არმია და მისი მეშვეობით გამოეყვანა ამომრჩეველი.

    თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ სახელისუფლებო ამომრჩევლის დიდი ნაწილი სწორედ კოორდინატორების მუშაობის შედეგად მივიდა საარჩევნო ყუთთან, დავინახავთ, რამდენად პასიურია, ზოგადად, ამომრჩეველი. ეს იყო არჩევნები, რომელიც მოიგეს კოორდინატორებმა.

    გრძელვადიან პერსპექტივას თუ გავხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანია ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელიც ჩატარდა. ამან აჩვენა, რომ საქართველომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც აღებული აქვს ანტიტერორისტული კოალიციის ფარგლებში. ეს არის ინფორმაციის გაცვლა და საზღვრების მაქსიმალური დაცულობა.

    "რ": აქედან გამომდინარე, პოლიტიკური თვალსაზრისით, რას ელოდებით 2018 წლისგან?

    ხ.ლ: 2018 წლისგან, პირველ ყოვლისა, ველოდები საპრეზიდენტო არჩევნებს - ამასთან დაკავშირებით ვერანაირი ოპტიმისტური პროგნოზი ვერ მექნება იმიტომ, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთხელ დადაასტურებს, რამდენად ურესურსოა დღევანდელი ოპოზიცია.

    დღეს საქმე გვაქვს თაობათა ცვლის გამო შექმნილ ვაკუუმთან ქართულ პოლიტიკაში. გამორიცხულია, რომ როდესაც ახალი თაობა შემოვა, არ გვყავდეს ისეთი ტიპის ლიდერები, რომლებიც შეძლებენ ოპტიმისტური მუხტის ჩასახვას. თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს მაინცდამაინც 2018 ან 2019 წელს მოხდება. იმიტომ, რომ დღევანდელი ოპოზიცია ახალი სახეების შემოსვლას ხელს უშლის, რადგან მათთვის პოლიტიკაში ყოფნა ფულის კეთების საშუალებაა.

    2017 წელს ახალი ტენდენცია გამოიკვეთა და გაგრძელდება 2018 წელსაც - ვგულისხმობ ბიზნეს ინტერესებით გაერთიანებული ჯგუფების დაპირისპირებას ქართულ პოლიტიკურ ველზე. ასეთი რამ შევარდნაძის და სააკაშვილის დროს არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაშინ ეს ჯგუფები ყალიბდებოდა. დღეს რასაც ვადევნებთ თვალს, ეს არის ამ ბიზნეს ჯგუფების ბრძოლა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდეს მათი კანდიდატების წამოყენება. 6 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი ნებისმიერი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ბენეფიტია. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ჯგუფების შერკინება კიდევ უფრო გამძაფრდება.

    ასევე, ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები ეკლესიის შიგნით. ეს იყო ეპოქალური ძვრა, რომელიც წელს არ ამოიწურება და მომავალ წელსაც გაგრძელდება.

    "რ": პარლამენტში დამატებითი ფრაქციების შექმნა მიანიშნებს თუ არა, რომ "ოცნებაში" შიდა დაპირისპირებაა?

    ხ.ლ: ფრაქციების შექმნას დაპირისპირებას ვერ დავარქმევ. "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს პოლიტიკური ლიდერები. დაპირისპირება არის, თუმცა სხვა სახის. ის, რაც პარლამენტში ხდება, ბიზნეს ჯგუფების ინტერესების დაპირისპირების გამოძახილია. პოლიტიკური ლიდრები არ ჰყავს "ოცნებას", შესაბამისად, ვის და ვის შორის უნდა იყოს დაპირისპირება?! ან ვის გარშემო უნდა შეიქმნას ეს ფრაქციები?! ეს არის პირდაპირი გამოძახილი ამ ბიზნეს ჯგუფების შერკინებისა. მათ აქვთ ერთგვარი ჩარჩო, რომლის შიგნითაც აქვთ გარკვეული თავისუფლება ხელისუფლებისგან მიცემული და დაპირისპირებით ცდილობენ, გაიმყარონ საკუთარი წილი ბიზნეს ბაზარზე. თუმცა 2020 წლის მოახლოებასთან ერთად ბიზნეს ჯგუფებს სხვა პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდებათ.

    "რ": ელოდებით თუ არა კვირიკაშვილის გადადგომას?

    ხ.ლ: თუ გაგრძელდა მის გარშემო კორუფციული სკანდალები ტენდერებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, იმუშავებს პრინციპი - წვეთმა ქვა გახეთქა. დღეს რაც ხდება კვირიკაშვილის გარშემო, შეიძლება ამ ბიზნეს ჯგუფების შერკინების კონტექსტში განვიხილოთ. რადგან, თეორიულად, იგი განიხილება პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად, ან ვინმე მისი გუნდიდან.

    ეს სკანდალი ამცირებს მის შანსს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კვირიკაშვილის შანსი პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენებისა ან შემცირდეს ან საერთოდ გაქრეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მოქ.   (21.12.2017)
    'ამ არჩევნებმა, ასევე, აჩვენა არა იმდენად ხელისუფლების მხარდაჭერა, რამდენადაც ხელისუფლების უნარი, დიდი ფინანსური სახსრების მობილიზებით დაერაზმა კოორდინატორთა დიდი არმია და მისი მეშვეობით გამოეყვანა ამომრჩეველი.' საგანგაშო ის არის, რომ ამის საწინააღმდეგო რეცეპტის მოძებნა ძალიან რთულია, რა ქნას ამ შემთხვევაში ოპოზიციამ, არადა ხელისუფლება თუ არაეფექტურია, უნდა შეიცვალოს...ქართველ ხალხს თავიდან უნდა ეფიქრა, რას გამოიწვევდა მილიარდერის მოყვანა ხელისუფლებაში...ერთ კაცს აქვს იმაზე მეტი ფული რაც საქართველოს ბიუჯეტია, ეს ტრაგედიაა, ეს ხომ არ არის ამერიკა, რომლის ბიუჯეტი ტრილიონებია და ტრამპის ქონება მხოლოდ 3-მილიარდამდეა.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter