სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    08.12.2017

     "იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება მთელი მაჰმადიანური სამყაროს წინააღმდეგობას გამოიწვევს და კიდევ უფრო მიგვაახლოვებს ცივ ომთან. ჩვენ, პრაქტიკულად, ვდგავართ ცივი ომის დასაწყისში და მე მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს არ უნდა ამ ომის დაწყება, ეს ამერიკა უნდა იყოს, რადგან აშშ არასდროს ყოფილა ომის დამწყები, თუმცა იყო წამქეზებელი და შემდგომ პროცესებზე ხელის მომთბობი. ეს ამერიკის ცნობილი პოლიტიკაა. ამასთან, მას სჭირდება პოლიტიკური ავტორიტეტი მსოფლიოში, რადგან ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ეს სტატუსი შეელახა," - ასე აფასებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა ტრამპის გადაწყვეტილებას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

    პოლიტოლოგი "რეზონანსთან" ინტერვიუში გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეერთებაზე, მთავრობის შესაძლო გადაყენებასა და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს.

    "რეზონანსი": ხელისუფლების სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით დავა კვლავ გრძელდება, განსაკუთრებული დაპირისპირება კი გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობასთან მიერთებამ გამოიწვია. თქვენ როგორ აფასებთ ამ ცვლილებას?

    იგორ კვესელავა: ქართულ სინამდვილეში ქვეყნის განვითარებისთვის გარემოს დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამინისტროს არსებობა იმაზე მნიშვნელოვანიც კი არის, ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, ვინაიდან ის კერძო სისტემაში შედის. ზოგიერთ ქვეყანაში არც არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თუმცა გარემოს დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობისაა და სამინისტრო აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ასეთ სიტუაციაში მე მხარს ვუჭერ, რომ დარჩეს გარემოს დაცვის სამინისტრო და პირიქით, მას მიუერთონ სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

    "რ": ვრცელდება კულუარული ინფორმაციები მთავრობის გადაყენებასა და პრემიერ-მინისტრად გახარიას დანიშვნაზე.

    ი.კ: მთავრობის გადაყენებაზე საუბარი კვირიკაშვილის მოსვლიდან სამიოდე თვეში დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება. თუმცა გადაყენების საკითხი კი არ დგას. თავად მთავრობამ უნდა გააანალიზოს, რომ ვერ მიიღო ისეთი შედეგები, როგორიც სურდა, ვერ მიაღწია სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და პროცესები უარესობისკენ წავიდა. თქვენ ხედავთ, საბანკო სისტემა თავზე დააჯდა მთელ საქართველოს და ამ ყველაფერს უნდა დაბალანსება. ასეთ სიტუაციაში არაერთ ქვეყანაში თავად მთავრობის ლიდერები გამოდიან განცხადებით გადადგომის, წასვლის შესახებ და გზას სხვა ადამიანებს უთმობენ, რომლებიც მათზე უკეთ წაუძღვებიან საქმეს.

    მოარულ ხმებზე აქცენტს ვერ გავაკეთებ, თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია. მაგრამ ჩვენი მიზანი არა მთავრობის გადაყენება, არამედ ის უფრო არის, რომ მთავრობა მიხვდეს, არსებული შედეგების გამო თავად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება და გადადგეს.

    "რ": უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებდით?

    ი.კ: უკრაინასთან დაკავშირებით მე მაქვს მოსაზრება, რომ ამ პროცესებთან კავშირი აქვს ამერიკას. ის, რაც უკრაინაში მოხდა, მაიდნიდან დაწყებული, დღევანდელ პროცესებამდე, ყველაფერში ურევია ამერიკის ხელი. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გადაწყდა, რომ უკრაინაში არსებულმა ხელისუფლებამ დადებითი როლი ვერ შეასრულა, რადგან ქვეყანაში ძალიან მაღალია კორუფციის დონე. აქედან გამომდინარე, ამერიკისთვის მისაღები არ არის უკრაინის პრეზიდენტი და ის უნდა წავიდეს. თუმცა ხალხის მიერ არჩეული პირველი პირის ასე გადაყენება მარტივი არ არის. ამიტომ ვფიქრობ, მიშა ამ შემთხვევაში გამოყენებულია იმისთვის, რომ პოროშენკომ თანამდებობა დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ არც მიხეილ სააკაშვილისადმი არიან დადებითად განწყობილი, ვინაიდან მისი პოლიტიკური ცხოვრება უკვე დამთავრებულია, ის ამ შემთხვევაში იარაღად არის გამოყენებული.

    "რ": თქვენ ხედავთ უკრაინაში პიროვნებას, რომელიც პოროშენკოს ადგილს დაიკავებს?

    ი.კ: ამ ეტაპზე უკრაინაში არ ჩანს ისეთი პოლიტიკური ძალა ან პიროვნება, რომელიც პოროშენკოს წინ აღუდგება და რომელსაც საზოგადოების ფართო მხარდაჭერა აქვს. ამიტომ ისევ და ისევ ეს ძალა მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, არც მისთვის დამთავრდება ეს ყველაფერი დადებითად. არც ის და არც პოროშენკო უკრაინას არ სჭირდება. სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების სათავეში ვერანაირად ვერ მოვა თუნდაც მისი ქართველობის გამო.

    ახლა მთელი უკრაინის პოლიტიკური სპექტრი დუღილის პროცესშია, თუმცა ვერ გამოჩნდა ისეთი ძალა, რომელიც ხელში აიღებდა სადავეებს და ძალაუფლებას. უკრაინაში ამჟამად არ არის ასეთი პოლიტიკური ძალა და სწორედ მის ძიებაშია ამერიკის შეერთებული შტატები ახლა.

    "რ": თქვენი აზრით, რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ, ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შემდგომ?

    ი.კ: ეს არის ურთულესი საკითხი. ისრაელმა ძალიან კარგად იცის, რომ ამერიკის გარეშე ვერაფერს მიაღწევს, რადგან შემორტყმულია არბული სამყაროთი, რომელიც მას შეჭამს.

    იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება მთელი მაჰმადიანური სამყაროს წინააღმდეგობას გამოიწვევს და კიდევ უფრო მიგვაახლოვებს ცივ ომთან. ჩვენ, პრაქტიკულად, ვდგავართ ცივი ომის დასაწყისში და მე მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს არ უნდა ამ ომის დაწყება, ეს ამერიკა უნდა იყოს, რადგან იგი არასდროს ყოფილა ომის დამწყები, თუმცა იყო წამქეზებელი და შემდგომ პროცესებზე ხელის მომთბობი. ეს ამერიკის ცნობილი პოლიტიკაა. მას ახლა სჭირდება პოლიტიკური ავტორიტეტი მსოფლიოში, რადგან ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ეს სტატუსი შეელახა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter