სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ჰაერში არსებული გარკვეული ნაწილაკები ადამიანის სპერმის განვითარებას აფერხებენ"
    გვანცა ღვედაშვილი
    07.12.2017

     საქართველო ისევ იმ ქვეყნების სათავეშია, რომელთა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია - ეკოლოგების შეფასებით, ნაადრევად გარდაცვლილი ყოველი მეოთხე ადამიანის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ დაავადებებთანაა დაკავშირებული.

    ამასთან, ახალი კვლევების მიხედვით, დაბინძურებული ატმოსფერო გავლენას ადამიანთა ნაყოფიერების შემცირებაზეც ახდენს.

    ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მაპროვოცირებლად გაუმართავი ავტომობილები და უხარისხო საწვავი სახელდება. ქვეყანაში რეგისტრირებული 1.1 მილიონი ავტომობილის თითქმის ნახევარი თბილისშია თავმოყრილი, ჰაერის შედარებით მაღალი დაბინძურებაც სწორედ ქალაქის იმ ნაწილებშია, სადაც ინტენსიური მოძრაობა და საცობებია.

    "მდგომარეობა თითქმის ყველგან ერთნაირია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დედაქალაქში ვითარებას ავტოტრანსპორტის მაღალი კონცენტრაცია ამძიმებს.

    "ჩვენ უკვე წლებია, გვესმის მხოლოდ საუბარი და არა კონკრეტული გეგმა ან გადაწყვეტილებათა ჯაჭვი, რომელიც მიგვიყვანდა ტექნიკური დათვალიერების ვალდებულებასთან, რომელიც აუცილებელია. თუმცა ერთიანად ვერასდროს ვერ მოხერხდება ამის განხორციელება, გეგმაზომიერი მიდგომა კი ამ მიმართულებით არ ჩანს.

    "კიდევ ერთხელ გავიხსენებ შარშან გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, საქართველო ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზეა.

    "შესაბამისად, თუ ამ მონაცემებს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ ნაადრევად გარდაცვლილი ყოველი მეოთხე ადამიანის სიკვდილი მაინც დაკავშირებულია ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ დაავადებებთან", - აცხადებს "რეზონანსთან" ეკოლოგი და "დემოკრატიის ინსტიტუტის" დირექტორი ლაშა ჩხარტიშვილი.

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ჩინელ მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ჰაერის დაბინძურება უარყოფით გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე. აღნიშნული კვლევა ჟურნალ "ბიემჯი"-ში გამოქვეყნდა.

    როგორც ახალი კვლევა გვიჩვენებს, ბავშვების ჩასახვის მაჩვენებელი აღარაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ჰაერში არსებული გარკვეული ნაწილაკებია, რომლებიც ადამიანის სპერმის განვითარებას აფერხებენ.

    კვლევიდან ჩანს, ჰაერის დაბინძურება, უპირველესად, სწორედ მამაკაცებზე ახდენს უარყოფით გავლენას. სტატისტიკის მიხედვით, უშვილობის პრობლემის მქონე 48 მილიონ წყვილს შორის ამის მიზეზი, უმეტესად, მამაკაცია.

    "ისიც უნდა ითქვას, რომ "ცუდი სპერმა" შეიძლება პირდაპირ არ ასოცირდებოდეს უნაყოფობასთან, შესაბამისად, აღნიშნული კვლევა ყველა შემთხვევაზე ვერ იქნება რეპრეზენტატული.

    ფაქტია ისიც, რომ დედაქალაქში არსებული ჰაერის დაბინძურება უკვე არა მხოლოდ ეკოლოგების, არამედ მოქალაქეების აღელვებასაც იწვევს.

    ამის დასტური სამოქალაქო აქტივისტების მიერ ჩატარებული პერფორმანსია, რომელიც ძეგლებზე პირბადეების აკვრით გამოიხატებოდა და სწორედ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე ყურადღების გამახვილებას ემსახურებოდა.

    აქვე შეგახსენებთ იმ ფაქტსაც, რომ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა რუსთავში არსებული ქარხნები 2017 წელს 4 თვის განმავლობაში ჰაერის დაბინძურებისთვის ადმინისტრაციული სანქციით 59-ჯერ დააჯარიმა.

    ამასთან, უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, წელს ჯარიმების ყველაზე დიდი რაოდენობა, 42 შემთხვევა, ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის მონაცემების წარმოუდგენლობის გამო დაიწერა, თითოეულზე - 150 ლარის ოდენობით. ეს, საერთო ჯამში, 6 300 ლარს შეადგენს.

    როგორც ეკოლოგები აღნიშნავენ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით პირველ ადგილზე არის თბილისი და შემდგომ უკვე ინდუსტრიული ქალაქები, მათ შორის - რუსთავი.

    მათივე თქმით, პრევენციული ჯარიმები არაეფექტურია, რადგან ჯარიმის თანხა საკმაოდ დაბალია, უფრო მკაცრი ზომების გამოყენება კი არ ხდება. შესაბამისად, ეს ჯარიმები კომპანიებისთვის ასატანია და ისინი რეალურად არც ფიქრობენ მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს ეხება როგორც რუსთავს, ისე ზესტაფონს, ჭიათურას, კაჭრეთსა და სხვას.

    აქედან გამომდინარე, ეკოლოგები საუბრობენ, რომ აუცილებელია, ერთი მხრივ, უფრო ადეკვატური და რეალური შედეგის მომცემი სანქციები იყოს გამოყენებული, მეორე მხრივ, აღნიშნული სანქციები და ჯარიმების გამოყენება იყოს თანაბარი ყველა კომპანიის მიმართ და არ იყოს ლობირებისა და სავარაუდო კორუფციის ნიშნები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter