სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებიც წყვეტდნენ მათი ბინისა და კომუნიკაციის საკითხებს
    გვანცა ღვედაშვილი
    05.12.2017

     "საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან იმის გაკეთება, რომ მათ სასათბურე პირობები შეიქმნან რეკლამის განთავსების ან სპონსორებისთვის, არის თავხედობა. ისინი ამით ანგრევენ კერძო ბიზნესს და ამის დაშვება არ შეიძლება, ეს უტიფრობაა. ამასთან, მათ ყველაზე დიდი შემოსავალი აქვთ, რაც აბსოლუტურად არაადეკვატურია ტელევიზიის რეიტინგისა და არც მისი გამოსწორების პერსპექტივა ჩანს", - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "რეზონანსთან" ინტერვიუში.

    ექსპერტი, ასევე, აფასებს მოსწავლეებს შორის მომხდარ ტრაგედიას, სამთავრობო ცვლილებებსა და სპეცოპერაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

    "რეზონანსი": ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა, თქვენი აზრით, უკავშირდება თუ არა განათლების არასწორ პოლიტიკასა და საზოგადოების გულგრილობას?

    გია ხუხაშვილი: ვერ ვიტყვით, რომ ეს ტრაგედია, რაც მოხდა, საქართველოსთვის პირველია. ასეთი გარჩევები და შემთხვევები ყოველთვის ხდებოდა. დღეს ვიღაცისკენ თითის გაშვერა, არ მგონია, კორექტული იყოს. თუმცა ჩვენ მუდმივად უნდა ვფიქრობდეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოებაზე.

    უმთავრესი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა. აქ სერიოზული პრობლემაა დუმილის უფლების გამოყენება მოწმეების მხრიდან. ეს ჩვენი მენტალური პრობლემაა და რაც განათლების სამინისტროს შეუძლია, არის ამის გარღვევა. სამართალდამცავი უწყებებისთვის ჩვენების მიცემა ჩვენს მენტალობაში "არ მოსულა", სინამდვილეში კი ეს ყველას მოქალაქეობრივი ვალია. პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა დავნერგოთ ახალგაზრდებში. თუ ყველას ეცოდინება, რომ დანაშაულის მოწმე იტყვის ყველაფერს და არ დამალავს დანაშულს, ამით თვითონ დანაშაულის რაოდენობაც შემცირდება.

    დღეს ბევრი დამნაშავე ხშირ შემთხვევაში იმის იმედად აშავებს საჯაროდ, რომ დარწმუნებულია, ირგვლივ მყოფები მას არ გათქვამენ და არავინ მოაწერს ხელს მოწმედ ჩვენების მიცემაზე. ეს კრიმინალური მენტალიტეტი უფრო ფართომასშტაბიანი პრობლემაა და ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს ბავშვებს, რომ დანაშაულის არგათქმა დანაშაულში მონაწილეობისა და თანამზრახველობის ტოლფასია.

    "რ": როგორ შეაფასებდით საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ცვლილებებს, მედიაექსპერტთა ნაწილმა იგი უკვე შეაფასა, როგორც ტელევიზიისთვის კორუფციის შესაძლებლობის გაჩენა.

    გ.ხ.: წინასწარ არ მინდა, კორუფციაზე ვისაუბრო, თუმცა თუკი ჩვენ ვსაუბრობთ სარეკლამო ცვლილებებზე, ეს ყოვლად წარმოუდგენელია და ვიტყოდი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ეს უტიფრობაა. ძალიან მძიმე კონკურენტული გარემოა საქართველოში, საზ. მაუწყებელი კი ისედაც მსუყედ არის დაფინანსებული, ყველაზე დიდი შემოსავალი აქვს, რაც აბსოლუტურად არაადეკვატურია მის რეიტინგთან და არც მისი გამოსწორების პერსპექტივა ჩანს.

    ამ ფონზე რომ მათ სასათბურე პირობები შეიქმნან რეკლამის განთავსების ან სპონსორებისთვის, არის თავხედობა. ისინი ამით ანგრევენ კერძო ბიზნესს და ამის დაშვება არ შეიძლება. საზოგადოებრივი მაუწყებელი არც უნდა იყოს რეიტინგზე და რეკლამაზე ორიენტირებული, მან აბსოლუტურად სხვა საქმე უნდა შეასრულოს.

    "რ": რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, თქვენი აზრით, რამდენად სწორად ვითარდება პროცესები?

    გ.ხ.: ძირითადად მისაღებია ყველაფერი. ერთადერთი, კითხვის ნიშნებს ბადებს გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება. ეს არ არის დრამატული საშინელება, მაგრამ ინტერესთა კონფლიქტის ელემენტებს შეიცავს, მით უმეტეს, ეს მსოფლიოში არსებული ტენდენციების საპირისპიროდ კეთდება. მეჩვენება, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს თემაც არ არის კარგად დამუშავებული. არის არგუმენტებიც და კონტრარგუმენტებიც, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა.

    "რ": 22 ნოემბრის სპეცოპერაციაზე რამდენად სწორია ხელისუფლების დუმილი და როგორ ფიქრობთ, გაეცემა თუ არა საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს საბოლოოდ პასუხი?

    გ.ხ.: პირველ ეტაპზე ხელისუფლებამ ვერ ააწყო კომუნიკაცია და ამით ისევ თავად დაზარალდა, რადგან ძალიან ბევრი სპეკულაცია წამოვიდა. შემდგომ თითქოს დაიწყო კომუნიკაცია, მაგრამ ძალიან მწირი ინფორმაცია გასცა, რაც, ფაქტობრივად, ჩვენთვის უკვე ცნობილი იყო. იმედი გაგვიჩნდა, რომ გააგრძელებდნენ, თუმცა შემდგომ მოხდა ეს ტრაგედია და ამ ამბავმა, შეიძლება ითქვას, გადაფარა სპეცოპერაციის თემა.

    მაგრამ ხელისუფლებას თუ იმის იმედი აქვს, რომ ეს საკითხი ამით დასრულდება, ასე არ იქნება და ვურჩევდი, რომ საზოგადოება მუდმივად ჰყავდეს საქმის კურსში, რათა ისევ არ დაიწყოს სპეკულაციები.

    მე მეჩვენება, რომ ეს არის საკმაოდ მძიმე საქმე, რადგან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ სამი ადამიანის ირგვლივ იყო გარკვეული ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, გამოძიება უნდა გაფართოვდეს, მათ შორის გადამოწმებული უნდა იყოს ჩატაევის ყველა კონტაქტი 2013 წლიდან მოყოლებული, როდესაც ის ციხიდან გათავისუფლდა. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ მას უსაფრთხოების გარანტიას ვიღაც აძლევდა. არადამაჯერებელია, რომ მწვანე ზონით შემოვიდა ინვალიდი ადამიანი. რბილად რომ ვთქვათ, ასე არ არის.

    იყვნენ ადამიანები, რომლებიც წყვეტდნენ მათ უსაფრთხოებას, ბინისა და კომუნიკაციის საკითხებს. ვინ არიან ეს ადამიანები? - არ გამოვრიცხავ, ისინი იყვნენ ძალოვანი სისტემის დღევანდელი ან ყოფილი თანამშრომლები, რადგან ამ ტიპის გარანტიის მიცემა მხოლოდ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ. თუ მთელი წრე არ იქნება პასუხისგებაში მიცემული, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ადამიანებმა, შესაძლოა, ხვალ და ზეგ სხვებს შეუქმნან იგივე გარემო.

    ვფიქრობ, ეს არის შსს-სთვის სერიოზული გამოწვევა. ეს საფრთხე არ უნდა ჩაიფარცხოს, რაგან მომავალში არსებულ რისკებს კიდევ უფრო გაამძაფრებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter