სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    51-სკოლასთან სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაპატიმრებულია 5 ადამიანი, შეიძლება ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს
    ეკატერინე ბასილაია
    05.12.2017

     51-ე სკოლასთან მოსწავლეებს შორის 1-ლ დეკემბრის სისხლიანი გარჩევის შემდეგ დაკავებულია 5 ადამიანი. მათგან ორი მე-11 კლასელი მკვლელობის ბრალდებით, რომელთაგან ერთი დააკავეს 2 დეკემბერს, მეორე კი - 4-დღიანი მიმალვის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა გუშინ. მათ 17-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

    ასევე, ბრალდებულია 5 ადამიანი დანაშაულის დაფარვის გამო, მათგან 3 დაპატიმრებულია, რომელთაგან ერთი ჩხუბის თვითმხილველი მოსწავლეების მამა თენგიზ კალანდიაა, რომელმაც მძიმე დანაშაულის შესახებ შვილებისგან შეიტყო, თუმცა დანაშაული დამალა და ორივე შვილი შემთხვევის ადგილიდან საკუთარი მანქანით წაიყვანა. ის შს სამინისტროს თანამშრომელია.

    პროკურატურა აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის, დაკითხულ პირთა სტატუსები შეიცვალოს და რომელიმე მოწმე ბრალდებულიც გახდეს.

    ამ სისხლიანი გარჩევის საქმეზე ერთ-ერთი ძალიან მძიმე ფაქტი ისაა, რომ როგორც შს მინისტრი აცხადებს, 150-მდე დაკითხულიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი თანამშრომლობს გამოძიებასთან.

    ვის შეიძლება შეეცვალოს მოწმის სტატუსი ბრალდებულით, ეს ჯერ უცნობია, თუმცა კითხვა ბევრია. მაგალითად, ისმება კითხვა, ინციდენტის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტს, პროკურატურის უკვე ყოფილი მაღალჩინოსნის - მირზა სუბელიანის შვილს ისევ მოწმის სტატუსი ექნება თუ მას დანაშაულის დაფარვის გამო, შესაძლოა, ბრალიც წარუდგინონ.

    ასევე კითხვაა, ბრალი წაეყენება თუ არა იმ მოსწავლეს, რომელიც 2 პნევმატური იარაღით იყო. ასევე კითხვაა, გარდაცვლილებიდან რომელიმე მოსწავლე იყო თუ არა იმ 6 მოსწავლეს შორის, რომლებიც მე-8 კლასელებს ემუქრებოდნენ.

    პროკურატურა არც ერთ ამ კითხვაზე პასუხს არ სცემს. საქმის პროკურორი აცხადებს, რომ რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ, გამოძიება საუბრისგან თავს შეიკავებს.

    გამოძიების მიხედვით, სწორედ მირზა სუბელიანის შვილსა და თანაკლასელს დაემუქრა პნევმატური იარაღით 51-ე სკოლის უფროსკლასელი, რასაც მოჰყვა პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეების ჩართვა და ეს სისხლიანი გარჩევა. დასახმარებლად დეიდაშვილს სწორედ მე-8 კლასელმა სუბელიანმა დაურეკა.

    პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ 1-ელ დეკემბერს დილის საათებში 51-ე სკოლის მე-8 კლასის 2 მოსწავლეს საპირფარეშოში ექვსი მე-11 კლასელი დახვდა, რომელთაგან ერთ-ერთმა მათ პნევმატური იარაღი მიუშვირა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთმა უფროსკლასელმა მათ უთხრა, რომ გაკვეთილების შემდეგ ორივეს სკოლის გარეთ შეხვდებოდნენ.

    უმცროსკლასელმა ა.ს-მ დახმარებისთვის ნათესავს, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-11 კლასელ მ.კ-ს დაურეკა. იმავე დღეს, დაახლოებით 14 საათზე, ნათესავი მეგობრებთან ერთად 51-ე სკოლასთან მივიდა. ვითარების გასარკვევად მოსწავლეებმა ხორავას ქუჩაზე არსებული კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს. მოზარდებს შორის საუბარი სიტყვიერიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოკლულია 51-ე სკოლის ორი მეთერთმეტეკლასელი - ლევან დადუნაშვილი და დავით სალარიძე. ლევანი მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავითი კი - საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღეს, მას 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

    ცნობილია, რომ მკვლელობაში ბრალდებულებიდან არც ერთი არ არის ის ნათესავი, რომელსაც მე-8 კლასელმა სუბელიანმა დასახმარებლად დაუძახა. ასევე, 51-ე სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე უარყოფს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სკოლაში პნევმატური იარაღი იყო შეტანილი. მისი მტკიცებით, საუბარია სათამაშო თოფზე.

    მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია ორი ცივი იარაღი - დანა. მკვლელობაში ბრალდებული ორივე მოსწავლე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-11 კლასელია. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათგან ერთი - გ.ბ. 2 დეკემბერს დააკავეს. მეორე - გ.ჯ იმალებოდა, თუმცა ორშაბათ საღამოს ადვოკატის მეშვეობით 16 წლის მოზარდი პოლიციას ჩაბარდა.

    მათ ბრალი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობაში ედებათ, რაც 13-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გუშინ ორივეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

    ორშაბათ დილით გაქცეულის დანაშაულის დამალვის გამო ბრალი წარუდგინეს 5 ადამიანს, მათგან 3 დაპატიმრებულია. ერთ-ერთი შს სამინისტროს თანამშრომელი თენგიზ კალანდიაა, რომლის შვილებიც ჩხუბში მონაწილეობდნენ. არსებული ინფორმაციით, მან ჩხუბის შესახებ ორივე შვილისგან შეიტყო, თუმცა დანაშაული დამალა და შვილები შემთხვევის ადგილიდან საკუთარი მანქანით წაიყვანა.

    შს სამინისტროში განმარტავენ, რომ კალანდია უწყებაში ნამდვილად მუშაობდა, მუშაობდა საფინანსო სამსახურში და დაპატიმრების მომენტში კადრების განყოფილების განკარგულებაში იყო.

    "ქრონიკის" ინფორმაციით, კალანდია მირზა სუბელიანის ცოლის დის ქმარია, რომელმაც მტკიცებულებები, მათ შორის სისხლიანი ტანსაცმელი, გაანადგურა. მას 3-წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაპატიმრებული არ არის დანაშაულის დამალვის გამო ბრალდებული კიდევ 2 ადამიანი. პროკურატურის განცხადებით, დანარჩენი ორი არასრულწლოვანია, ერთი 17 წლის, მეორე 21 წლის და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის კანონი არ ითვალისწინებს მათ დაკავებას. პროკურატურის ცნობით, ორივე მათგანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

    გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ამ საზარელ მკვლელობაში ბრალდებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. რადგან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, საქმის განხილვა დახურულად ხდება და დამნაშავეების იდენტიფიცირებაც გამორიცხულია.

    პროკურატურაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და არ გამორიცხავენ, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მისაცემ პირთა რაოდენობა გაიზარდოს, ზოგიერთს კი სტატუსი შეეცვალოს.

    "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, სისხლიანი გარჩევის დროს მოზარდების ნაწილი ჩხუბში უშუალოდ იყო ჩართული, მათ დანის დარტყმის დროს მსხვერპლები ადგილზე გააკავეს და გამოძიება ამ საკითხს სწავლობს.

    გარდა ამისა, ამ ტრაგედიის შემდეგ "ფეისბუქში" გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის მშობელი პროკურატურაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მის შვილს ბრალს ამიტომაც არ უყენებდნენ. რომელიმე ბრალდებულის მშობლის პროკურატურაში მუშაობა უწყებაში უარყვეს.

    შემდეგ განცხადება გაავრცელა პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა სუბელიანმა, რომლის თქმით, მისი შვილი მართალაც არის ერთ-ერთი მონაწილე, მაგრამ ის მხოლოდ მოწმეა და იმავე დღეს ამომწურავი ჩვენება მისცა სამართალდამცველებს.

    მისი შვილი სწორედ ის მე-8 კლასელია, რომელსაც დაემუქრნენ და ამის გამო დეიდაშვილს დაურეკა დასახმარებლად, თუმცა გამოძიება ამბობს, რომ არც სუბელიანი და არც მისი ნათესავი მკვლელობაში ბრალდებულები არ არიან.

    "სპეკულაციებისგან" თავის ასარიდებლად მირზა სუბელიანმა სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა და გუშინ პროკურატურამ მისი განცხადება დააკმაყოფილა.

    1-ელ დეკემბრის საზარელი ტრაგედიის შემდეგ 51-ე სკოლის წინ მოკლული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, ორი დღეა, მდუმარე აქცია "ნუ მომკლავ" მიმდინარეობს.

    ამ საზარელი მკვლელობის შემდეგ საზოგადოებაში დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სკოლებში ძალადობა და ბულინგი ნორმადაა ქცეული და ამას მიხედვა სჭირდება. ტრაგედიის შემდეგ საზოგადოების ნაწილი ნულოვანი ტოლერანტობის პოლტიკის აღდგენას ითხოვს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სწორედ საზოგადოებაში არსებული ძალადობა და შეუწყნარებლობა იწვევს მოზარდებში ძალადობის გაღვივებას. თუმცა ამ სისხლიანი ტრაგედიის შემდეგ გამოჩნდა ისიც, რომ სკოლებში არამარტო ძალადობა და ბულინგია პრობლემა, არამედ ის, რომ საზოგადოებას გამოძიებასთან თანამშრომლობა არ სურს.

    როგორც შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მკვლელობის საქმეზე 150-მდე ადამიანი დაიკითხა, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი მცირე რაოდენობამ გამოთქვა და ეს არის სერიოზული პრობლემა - "საზოგადოებაში დანაშაულის აღქმის პრობლემაა".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter