სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "მათ ყველა იცნობდა როგორც ბედნიერ და მომღიმარ ბიჭებს"
    თიკო ოსმანოვა
    05.12.2017

     51-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გუშინ უჩვეულოდ განახლდა. მობილიზებული საპატრულო პოლიცია, შეკრებილი მოქალაქეები, დანთებული სანთლები და თაიგულების ზღვა - ასე გამოიყურება ტრაგედიიდან მესამე დღეს 51-ე საჯარო სკოლა.

    პატრულის მობილიზება მხოლოდ ამ სკოლაში არ შეინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეკიპაჟები ყველა სკოლასთან დადგებიან. განცხადებით გამოვიდა განათლების მინისტრიც და აღნიშნა, რომ სკოლებში მანდატურის სამსახურის როლი გაძლიერდება.

    ხალხმრავლობა იყო გუშინ 51-ე სკოლასთან. ეზოში შეკრებილიყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, მოსწავლეები და მშობლები. მომხდართან დაკავშირებით მათი ნაწილი პასუხისმგებლობას სკოლას აკისრებდა, ნაწილი კი - აღზრდას.

    პარასკევს განსაკუთრებული სისასტიკით მოკლულ ლევან დადუნაშვილსა და დავით სარალიძეს მეგობრები დადებითად ახასიათებენ. ბავშვები მომხდარის შესახებ საუბრობენ, მსჯელობენ, თუმცა მათთვისაც ბევრი რამ დღემდე ბურუსით მოცული რჩება. ირწმუნებიან, რომ ეს დაპირისპირება სკოლაში არ დაწყებულა და ვერც დაიწყებოდა, რადგან მათ სკოლაში დისციპლინას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

    ერთ-ერთი მოსწავლის თქმით, სკოლაში არანაირი იარაღი და არც რაიმე დაპირისპირება ყოფილა.

    "ძალიან წყნარი ბავშვები იყვნენ, არავისთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ. სიტყვები არ მყოფნის მათ დასახასიათებლად, იმდენად კარგი და მეგობრული ბავშვები იყვნენ. სკოლაში არანაირი თოფი და დაპირისპირება არ ყოფილა, უდანაშაულო ბავშვები დაიღუპნენ ვიღაცა მოძალადე ადამიანების ხელით. ახლა გამოდიან პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები და ამბობენ, ამას მეორე მხარე აქვსო. მკვლელობას, როგორ შეიძლება, მეორე მხარე ჰქონდეს?!

    "ლევანი ყველასთვის სამაგალითო იყო. თან ოქროს მედალოსანი ბავშვი ამ ასაკში ბევრი არ არის. საიდან მოიტანეს, რომ ქურდული მენტალიტეტის იყო, არ მესმის, ამით ხომ მის ოჯახს შეურაცხყოფას აყენებენ. ვინც ეს დაწერა, ის არ იყო ჩვენი სკოლის მოსწავლე", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას 51-ე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე.

    გარდაცვლილის კიდევ ერთი მეგობარი ამბობს, რომ ლევანი სახლში მიდიოდა, მაგრამ როდესაც ნახა, რომ მისი სკოლელები ჩხუბობდნენ, გასაშველებლად მივიდა. მისივე თქმით, ლევანი და დათო პარალელური კლასელები იყვნენ.

    "ეს ბიჭები სულ ბედნიერი სახით დადიოდნენ. პარასკევს სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, დასვენებაზე დათო სიმღერით დადიოდა, ლევანი ბუფეტში ჩამოვიდა, ბავშვებს ეთამაშებოდა. რა დაჩაგვრაზე ან მუქარაზეა საუბარი?! მსგავსი არაფერი ყოფილა, ეს არის სრული აბსურდი.

    "ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩვენი მე-11 კლასელები დაემუქრნენ მე-9 კლასელებს და ამას მოჰყვა ამხელა აჟიოტაჟი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, საპირფარეშოსთან იდგნენ და ჩვეულებრივ საუბრობდნენ", - გვითხრა კიდევ ერთმა მოსწავლემ.

    მისივე თქმით, სკოლის არც ერთი მოსწავლე არ იტყვის, რომ ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე ქურდული მენტალიტეტის ბავშვები იყვნენ.

    "ვერავინ ვერ იტყვის ვერც ლევანზე და ვერც დათოზე, რომ ისინი ქურდული მენტალიტეტის ბიჭები იყვნენ. დაკითხეთ ყველა ბავშვი და მსგავს რაღაცას არავინ არ იტყვის. მათ აბსოლუტურად ყველა იცნობდა როგორც ბედნიერ და მომღიმარ ბიჭებს.

    "მე-12 კლასელი ვარ, დილიდან საღამომდე აქ მიწევს ყოფნა და მსგავსი რამ არასდროს არ მომხდარა. პირიქით, როდესაც პატარას რაღაც უჭირს, დიდები მის დახმარებას მაქსიმალურად ცდილობენ. სკოლის დირექცია ყველა ბავშვს კუდში დასდევდა, რომ სახლში მისულიყო. რომელ იარაღზეა საუბარი, სანთებელა რომ სანთებელაა, მაგას არ ატანინებენ სკოლაში.

    "პირველი სკოლის ბავშვებს კი დანები ჰქონდათ შეტანილი, ზარის დარეკვიდან 15 წუთში სკოლასთან დახვდნენ და ასეთი სისასტიკით გაუსწორდნენ ჩვენს ბიჭებს. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი დაკავებული 3-ჯერ ყოფილა ნასამართლევი. 17 წლის ასაკში სად მოასწრო ამდენი დანაშაულის ჩადენა?!", - გვითხრა მე-12 კლასელმა.

    იყო თუ არა მართლაც ერთ-ერთი დაკავებული ადრე ნასამართლევი, ამის გასარკვევად "რეზონანსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურასაც დაუკავშირდა, თუმცა არც ერთი უწყება ამ საკითხზე დამატებით კომენტარს არ იძლევა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter