სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    05.12.2017

     საჯარო სკოლებში ძალადობის შემთხვევები მომატებულია - უფლებადამცველები ამის ერთ-ერთ მიზეზად საკუთარი უფლებების დასაცავად მოსწავლეების აქტივობას ასახელებენ.

    სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, ომბუდსმენის აპარატმა 30 საჯარო სკოლაში ჩაატარა მონიტორინგი სკოლებში ძალადობის საკითხებზე, რის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გავრცელებულია მასწავლებლების მხრიდან ძალადობრივი და დამამცირებელი დამოკიდებულება მოსწავლეთა მიმართ. ამასთან, თვალსაჩინოა მოსწავლეთა შორის არსებული ბულინგის ფართო მასშტაბები.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2008 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული ბავშვების 80%-მა თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა.

    "მოსწავლეთა მიმართ ძალადობის ფაქტებს ავლენს და ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში გადაამისამართებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. რეფერირების პროცედურაზე პასუხისმგებელი სუბიექტი არის სწორედ მანდატური, ხოლო იმ სკოლებში, სადაც მანდატურის სამსახური არ ფუნქციონირებს - დირექტორი ან დირექტორის მოადგილე.

    უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, მცირეა იმ სკოლების რიცხვი, სადაც მოვალეობას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ასრულებს.

    2016 წლის მონიტორინგის მიხედვით, საქართველოში 2083 საჯარო სკოლაა, თუმცა იმ სკოლების რიცხვი, სადაც მანდატურები არიან, მხოლოდ 444-ია.

    მონიტორინგმა გამოავლინა მოსწავლეთა შორის ბულინგი, რაც არასრულწლოვანთა ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა. ფოკუსჯგუფებისა და შევსებული კითხვარების მიხედვით ირკვევა, რომ სკოლაში ხშირია მოსწავლის დამცირება, მეტსახელის დარქმევა, დაცინვა, ჭორების გავრცელება, გარიყვა, ფიზიკური შეურაცხყოფა, პირადი ნივთების გადამალვა ან დაზიანება, კიბერბულინგი.

    მონიტორინგის შედეგებიდან ირკვევა, რომ სკოლის დირექციის, ისევე, როგორც პედაგოგებისა და რიგ შემთხვევაში მანდატურებისთვისაც გამოწვევად რჩება სავარაუდო ბულინგისა და ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება. ისინი მოსწავლეთა შორის ბულინგის შემთხვევებს ბავშვურ ხუმრობად და ერთჯერად შელაპარაკებად აღიქვამენ", - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

    არასამთავრობო ორგანიზაციის - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში ბავშვის აქტიურობა არ არის მხარდაჭერილი. ის მოზარდები, რომლებიც საკუთარი უფელებების დაცვას ცდილობენ, ხშირად არ მოსწონთ სკოლის მასწავლებლებს. ამ ფაქტმა გარკვეულ შემთხვევებში სიტუაციის გამწვავება გამოიწვია.

    "სკოლებში ძალადობის შემთხვევები ნამდვილად არ არის შესუსტებული, პირიქით, შემიძლია გითხრათ, რომ მომატებულიც კია. ამას არაერთი მიზეზი აქვს, მათ შორის, ერთ-ერთი ის არის, რომ ბავშვები, რომლებმაც გაიგეს საკუთარი უფლებების შესახებ და გარკვეულ სიტუაციებში პროტესტი უჩნდებათ, თავიანთი აქტიურობის გამო ხშირად გამხდარან მეორადი ძალადობის მსხვერპლნი.

    "ის მოსწავლეები, რომლებსაც ესმით საკუთარი უფლებების შესახებ მედიიდან, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებიდან და გარკვეული აქტივობებით ამ უფლებების დაცვას ცდილობენ, ხშირად უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენილან, ვინაიდან ეს მათი დასჯის ან კიდევ უფრო მეტი ძალადობის მიზეზი გამხდარა", - აცხადებს ანა არგანაშვილი და აღნიშნავს, რომ ბულინგის მიზეზი ხშირად მასწავლებლის მოსწავლისადმი დამოკიდებულება ხდება.

    "რაც შეეხებ ბულინგს, ამის ზუსტი მონაცემები არ გვაქვს, ვინაიდან განათლების სამინისტროს თავისი ინიციატივით დღემდე არც ერთი კვლევა არ ჩაუტარებია, ხოლო ყველა სხვა კვლევა არის ფრაგმენტული. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ბულინგის სტატისტიკა, მაგრამ ვიცით, რომ საგანგაშოდ მაღალია.

    "ამასთან, მასწავლებლის მოსწავლისადმი დამოკიდებულება ხშირად გამხდარა იმის მიზეზი, რომ ამ მოსწავლეს შემდგომ სხვა მოსწავლის მიმართ გასჩენოდა აგრესია. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მასწავლებლები ვერ აცნობიერებენ თავიანთ დამოკიდებულებას მოსწავლისადმი, რაც შემდგომ მისი ჩაგვრის მიზეზი ხდება.

    "მაგალითად, ძალიან დიდი ხანია, ვცდილობთ, ავხსნათ, რომ პედაგოგის მიერ რომელიმე მოსწავლის ფავორიტად დასახელება აუცილებლად გამოიწვევს მის სხვა მოსწავლეებთან უთანხმოებას და დიდია ალბათობა, იგი ჩაგვრის მსხვერპლი გახდეს. ასევე, უამრავი შემთხვევაა, როცა მასწავლებელი გაუცნობიერებლად აძლევს მოსწავლეს ისეთ შენიშვნას, რის შემდგომაც ის ავტომატურად ხდება ბულინგის მსხვერპლი. ეს შეიძლება იყოს შენიშვნა მოსწავლის გარეგნობაზე, ვარცხნილობაზე, ოჯახზე და ა.შ", - აღნიშნავს არგანაშვილი.

    აღსანიშნავია ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ორგანიზებით 2016 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტი "ხელისუფლების კომპრომისი ბავშვთა ძალადობის მიმართ", სადაც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ბავშვთა სხეულებრივი დასჯის გამოყენების პრობლემური პრაქტიკაა მიმოხილული.

    ბავშვთა სხეულებრივი დასჯა გულისხმობს იმგვარი სხეულებრივი ან ფიზიკური სასჯელის გამოყენებას, რომელიც ბავშვს აყენებს ტკივილს ან უქმნის დისკომფორტს, თუმცა ინტენსივობით არის ფიზიკურ ძალადობაზე უფრო მსუბუქი ხასიათის.

    "სხეულებრივი დასჯა დღესდღეობით საქართველოში ბავშვთა აღზრდისა და დისციპლინის სწავლების ბუნებრივ ნაწილად მიიჩნევა. ზრდასრულები მას მიიჩნევენ აღზრდის ტრადიციულ მეთოდად, ვინაიდან სახელმწიფოს არც ერთი უწყება არ უზრუნველყოფს ბავშვთა პოზიტიური აღზრდის მეთოდების სწავლებას.

    ბავშვების წამორტყმა, ხელისკვრა, შეჯანჯღარება, იძულებით კვება და დასჯის სხვა ფორმები დანაშაულად არ განიხილება, შესაბამისად, არც შედეგების რეაბილიტაცია ხდება. შედეგები აისახება ბავშვების, როგორც ადამიანის უფლებების სუბიექტების, უგულებელყოფასა და საზოგადოებაში ძალადობის კვლავწარმოებაში.

    შესაბამისად, ბავშვთა სხეულებრივი დასჯა ჯერაც მოუგვარებელი საკითხია საქართველოში. სამწუხაროდ, ჯერ არ მომხდარა ამ მოვლენის, როგორც ადამიანის უფლების დარღვევის, იდენტიფიცირება და არც მის აღმოსაფხვრელად არ დაწყებულა მუშაობა არც ერთი მიმართულებით", - ნათქვამია კვლევაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter