სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    04.12.2017

     მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შემდეგ მისი მცირე რაოდენობით მოხმარებისთვის მოქალაქეებს ციხეში ჩაჯდომა აღარ მოუწევთ, თუმცა ადმინისტრაციული ჯარიმა მაინც დაეკისრებათ. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, მომავალ კვირას პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება. მისი მიღებით ასევე გაუქმდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მუხლი ყველა ნარკოტიკთან მიმართებით და მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი დარჩება.

    საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია. სასამართლომ განიხილა გივი შანიძის სარჩელი, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" უწევდა.

    მოსარჩელე ითხოვდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას მარიხუანას მოხმარებისთვის.

    საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. მოსარჩელის აზრით კი, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა მის ამ უფლებას ზღუდავს.

    "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამასთან, ვინაიდან მარიხუანას მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა, მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და სხვა", - აცხადებს სასამართლო და აღნიშნავს, რომ "მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს".

    ამის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანას მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევების დასჯადობა ვერ იქნება განხილული, როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვარგისი საშუალება. შესაბამისად, 30 ნოემბერს არაკონსტიტუციურად მიიჩნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. თუმცა ის ფაქტი, რომ მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი აღარ იქნება, სამართლებრივად ამ ქმედების ლეგალიზებას არ ნიშნავს, რადგან საკითხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს.

    როგორც იურისტები განმარტავენ, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პირებს, რომლებსაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული, სანქცია უნდა გაუქარწყლდეთ. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ ადამიანს შეუძლია, პირველ რიგში, ნასამართლეობის გაქარწყლება, ასევე, აღიდგინოს ავტომობილის მართვის, იარაღის ტარების, საადვოკატო, საექიმო და სხვა კონკრეტული საქმიანობის ჩამორთმეული უფლება და ა.შ.

    როგორც "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი გიორგი გოცირიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას არ დაასახელა მისი ძალაში შესვლის დრო, ნიშნავს, რომ იგი უკვე აქტიურია.

    "საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში და საერთო სასამართლოები ვალდებულნი არიან, იხელმძღვანელონ ყოველგვარი დამატებითი საკანონმდებლო ცვლილების მიღებისა და ლოდინის გარეშე", - განაცხადა გოცირიძემ.

    მისივე თქმით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება და მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს, რომ მოწევა დასჯადი ქმედება აღარ არის. მცირე რაოდენობით, ანუ დაახლოებით 70 გრამამდე მარიხუანას აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეს აღარ დაიჭერენ, თუმცა მას ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება.

    "ყველა შემთხვევაში ეს იქნება ადმინისტრაციული წესის დარღვევა. საკონსტიტუციო სასამართლოს არ გაუუქმებია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით. ეს მუხლი ისევ ძალაშია. გააუქმა სისხლის სამართლის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც, ერთი წლის განმავლობაში მარიხუანას განმეორებით მოხმარება დაკავებას ითვალისწინებდა.

    "თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და ის არგუმენტაცია, რაც მან წარმოადგინა, მომავალში შესაძლებელს ხდის, თუკი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე შევა სარჩელი, საკონსტიტუციომ ესეც გააუქმოს. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებაა მარიხუანას მოხმარებისთვის", - განაცხადა იურისტმა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წესით განყოფილებაში გადაყვანის წესი ნარჩუნდება.

    "პოლიცია არ აჯარიმებს, ის მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს. პოლიციამ უნდა შეადგინოს ოქმი, ხოლო ჯარიმას სასამართლო აკისრებს. ეს ადმინისტრაციული პროცესები კი მანამდე გაგრძელდება, სანამ მარიხუანას ლეგალიზება არ მოხდება", - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

    აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. "ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არცთუ მართებული ქმედებაა.

    "მე პირადად ვფიქრობ, რომ შეცდომაა დაშვებული. სამართლებრივადაც მგონია, რომ არ არის მთლად გამართული გადაწყვეტილება და საფრთხის შემცველია. კანონი, რასაკვირველია, უნდა შესრულდეს, მაგრამ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს პროპაგანდას ნარკოტიკული თრობის წინააღმდეგ და მე მგონი, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს რიგი შეზღუდვები, მაგალითად, სამსახურში ან ავტომობილის მართვის დროს.

    "საკონსტიტუციომ დააკანონა 70 გრამამდე მარიხუნას ჯიბეში ტარების კანონიერება და ესეც, მგონი, შეუსაბამობაა ჩვენს რეალობასთან. უნდა შემოვიდეს ალბათ რეგულაციები და მეტი ანტინარკოტიკული პროპაგანდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

    თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება მისასალმებელია საპარლამენტო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარისა და "ქართული ოცნების" წევრ აკაკი ზოიძისთვის.

    "მომავალ კვირას საკანონმდებლო პაკეტს განვიხილავთ, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეხება. მარიხუანასთან მიმართებით რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო, პრაქტიკულად, აქამდეც არსებობდა - საპატიმრო სასჯელი არ გამოიყენებოდა, ახლა ნასამართლობაც უქმდება. ეს არის შედეგი, რომელიც ისედაც დადგებოდა, როცა კანონპროექტს მივიღებდით.

    "მეტიც, კანონპროექტის მიღების მერე - ერთი წლის შემდეგ ასევე უქმდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მუხლი ყველა ნარკოტიკთან მიმართებით და მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი რჩება," - განაცხადა აკაკი ზოიძემ და იქვე განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს მარიხუანას ლეგალიზაციას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ...   (04.12.2017)
    პირველ რიგში საიდან ეს ნარკოტიკი, ამას არავინ ამბობს, ვთქვათ და დავთესე და ეხლა 70გრ. მცენარეს როგორ უნდა შევუკვეთო, ეს არის დიდი აბსურდი, რომელიც ქვეყანას უფრო დიდ აბსურდამდე მიიყვანს, მგონი ალბანეთს აქვს მსგავსი კანონი და კი გახდა ნარკოტიკების ბარიგა ქვეყანა და კორუფციის წყარო. თუ რამე კანონს იღებ ის უნდა იყოს ყოველი მხრიდან დახვეწილი და ათასჯერ აწონ-დაწონილი...

    ***   (04.12.2017)
    მანქანაზე რომ დასხდებიან დაბოლილები ვინ აგებს პასუხს მსხვერპლზე?ასე ამერიკაში დეიდამ 2 დისშვილი ამოხოცა მანქანაში და თვითონ კი ცოცხალი გადარჩა 3_4 წლის ბავშვები,ან კი რაში სჭირდებოდა გადარჩენა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter