სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "პროკურორმა - თავდებში მე ჩაგიდებითო, მაგრამ დღეს არის და ხვალ რომ არ იყოს, ვის მოვთხოვოთ პასუხი?"
    თიკო ოსმანოვა
    04.12.2017

     სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რაც ოქტომბერში უნდა მომხდარიყო, ჯერ ისევ ვერ ხერხდება. საქმეს "ემ კვადრატთან" დაწყებული მოლაპარაკება აჭიანურებს, რომელსაც კომპანიის აქტივები ჯერ არ შეუძენია, თუმცა მოლაპარაკების პროცესი გრძელდება.

    "ცენტრ-პოინტის" საქმის ადვოკატ მარინა ცუცქირიძის თქმით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი ახალ წელს სახლში შეხვდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მათზე არ არის დამოკიდებული. გაურკვევლობაა თავად დაზარალებულებშიც, ამიტომ ჯერ ციხიდან მათი გათავისუფლების წინააღმდეგი არიან.

    "ემ კვადრტთან" მოლაპარაკება ჯერ არ დაგვისრულებია. დეტალებს გავდივართ, თუმცა ბოლოსკენ ვართ მისული. სანამ "ცენტრ-პოინტი" არ გაიყიდება, მანამდე, ბუნებრივია, საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდება. ჯერ ხელშეკრულება უნდა შედგეს, ხელი უნდა მოეწეროს და მერე უკვე დავიწყებთ მუშაობას საპროცესო შეთანხმებაზე. ჩვენ გვეგონა, რომ ეს პროცესი აქამდე დასრულდებოდა, მაგრამ "ემ კვადრატი" ძალიან ამომწურავად ითხოვს ყველაფერს და ამიტომ გაჭიანურდა ასე.

    "ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალ წელს დაკავებულები სახლში შეხვდნენ. ვნახოთ, სამწუხაროდ, ეს მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას "ცენტრ-პოინტის" საქმის ადვოკატი მარინა ცუცქირიძე. მისივე თქმით, კომპანია თუ შეიძინა "ემ კვადრატმა", დაზარალებულების დიდი ნაწილი საპროცესო შეთანხმების წინააღმდეგი არ იქნება.

    "დაზარალებულთა უმრავლესობა ელოდება, რომ "ემ კვადრატმა" დაასრულოს მათი საცხოვრებელი სახლები. ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი ყველასთვის. ძალიან პატარა ნაწილია საპროცესოს წინააღმდეგი, თუმცა ყველაფერს უმრავლესობა წყვეტს", - გვითხრა ადვოკატმა.

    მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კი ვითარება უცვლელია. ცუცქირიძის თქმით, იგი კვლავ ციხის საავადმყოფოში რჩება და აგრძელებს მედიკამენტოზურ მკურნალობას.

    დაზარალებულებში კი, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ათასს შეადგენს, სრული გაურკვევლობაა, ამიტომ მყარი გარანტიის გარეშე საპროცესო შეთანხმების წინააღმდეგი არიან.

    ერთ-ერთი დაზარალებულის - მაია წულუკიძის თქმით, "ემ კვადრატის" წარმომადგენლებს 2 თვის წინ ესაუბრნენ, თუმცა მათგანაც ვერ მიიღეს გარანტია, რომ კომპანია დაუმთავრებელი კორპუსების აშენებას შეუდგებოდა და სრულად დააკმაყოფილებდა მათ. მისივე თქმით, მართალია, პროკურორი თავდებში უდგება, თუმცა ეს მათ სიმშვიდის უფლებას არ აძლევს.

    "დაახლოებით 2 თვის წინ შევხვდით "ემ კვადრატის" წარმომადგენლებს. შეხვედრას გუკა რჩეულიშვილი და პროკურორიც ესწრებოდნენ. თუმცა რა ხდება, ვერ ვხვდებით, 2 თვე გავიდა და იმის მერე არავინ შეგვხმიანებია. გვითხრეს, რომ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებენ, რაც ძალიან გვაეჭვებს. ისევ ჰაერში ვიქნებით, ისევ გადაგვაგდებენ თუ არა, არაფერი არ ვიცით. გაუგებარ სიტუაციაში ვართ, არავინ არაფერი იცის.

    "რჩეულიშვილების ციხეში ჯდომით არაფერი მემატება და ნამდვილად არ მიხარია. ჩვენ მხოლოდ მშენებლობის დამთავრება გვინდოდა და ამიტომაც დიდხანს იყვნენ გარეთ, თუმცა არაფერი გააკეთეს. ახლა მოხდეს მშენებლობის დასრულება და მერე გამოვიდნენ. არავინ არ არის მომხრე, რომ გამოვიდნენ და მერე ან გაკეთდება, ან - არა.

    "ან კიდევ "ემ კვადრატმა" გაგვიფორმოს ხელშეკრულებები, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ესენიც არ გადაგვაგდებენ. კიდევ ჰაერში ყოფნა აღარ გვინდა, რაღაც საბუთი გვჭირდება. პროკურორმა - თავდებში მე ჩაგიდებითო, მაგრამ დღეს არის და ხვალ რომ არ იყოს, ვის მოვთხოვოთ პასუხი?

    "ასეთი გაუგებრობაა და რა გავაკეთოთ, არ ვიცით. თუ რამე მქონდა, მომპარეს, სახლი, კარი არ მაქვს, აქამდე ქირით ვცხოვრობდი, ახლა ამასაც ვერ ვიხდი და 2 თვეა, დედასთან ვცხოვრობ", - უთხრა "მთელ კვირას" წულუკიძემ.

    კიდევ ერთი დაზარალებული გურანდა მანაგაძე კი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის გარანტიას სახელმწიფოსგან ითხოვს.

    "ემ კვადრატმა" თუ მოინდომა, ნამდვილად შეძლებს დაზარალებულების დაკმაყოფილებას. საკმაოდ სერიოზული აქტივია, ფინანსურ მოგებასაც მოუტანს კომპანიას. შეუძლია თავისუფალი ადგილების გაყიდვა და, რა თქმა უნდა, ამით მოიგებენ. მაგრამ "ცენტრ-პოინტის" მყიდველი არავინ გამოჩნდა. ან მთავრობა მაინც რომ დაინტერესდეს და გარანტია მოგვცეს, კარგი იქნება. რაღაც ვარიანტი უნდა მოიძებნოს, თორემ დაიხოცა ხალხი.

    "საპროცესო შეთანხმებაზე ვართ თანახმა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან გვექნება გარანტია, თორემ ვერც ერთ კერძო კომპანიას მე პირადად ვეღარ ვენდობი. მაგათი ციხეში ყოფნით არაფერი კეთდება და არც მანამდე კეთდებოდა", - გვითხრა გურანდა მანაგაძემ.

    შეგახსენებთ, რომ "ცენტრ-პოინტის" საქმის 4-წლიანი დავა ცოტა ხნის წინ დამფუძნებლებისთვის - მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისათვის 4-წლიანი სასჯელით დასრულდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter