სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    04.12.2017

     "ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში სკოლაში მოულოდნელი ჩხრეკა ტარდება - ვინმეს ხომ არ აქვს დანა, ნარკოტიკი, რაც არ უნდა აღიქმებოდეს პიროვნების შეურაცხყოფად, ეს არის სასკოლო ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი", - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე, რომელიც ვერაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სკოლებში დისციპლინის გამკაცრების აუცილებლობას ხედავს.

    გუგული მაღრაძე: იმაზე, რაც ქალაქში და, ზოგადად, ქვეყანაში ხდება, ჩვენი საზოგადოება პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე სათანადოდ არ იღებს. ასეთ დროს გარკვეული ზომები ყველამ უნდა მიიღოს. არსებობს პატრული, მას დაურეკე, თუ საჭიროა, შენ ჩაერიე. რატომღაც ყველა ფიქრობს, რომ ეს მისი საქმე არ არის. ცოტა მიჭირს კიდეც ამ ფენომენის ახსნა.

    როდესაც ბიჭები შეკრებილები არიან და ხედავ, რომ კამათია, უნდა გამოხვიდე და ჰკითხო - რა ამბავია, ბიჭებო? დაურეკო პატრულს და რაღაც მოიმოქმედო. მხოლოდ საზოგადოების ჩართულობა არის გზა, რომ მსგავსი შემთხვევები რაც შეიძლება შევამციროთ.

    "მთელი კვირა": ტრაგედია მოხდა დღისით. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ისინი გარკვეულ დაპირისპირებაში უკვე შემჩნეული იყვნენ. აქ სკოლის ადმინისტრაციის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება?

    გ.მ.: როგორც წესი, სკოლის ადმინისტრაცია შენობის ტერიტორიის ფარგლებში აგებს პასუხს. ბავშვები იქიდან გამოვიდნენ და მერე მოხდა, რაც მოხდა. ზოგადად, ყველა სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლის ინტერესებთან უფრო ახლოს უნდა იყოს. იქ მანამდეც იქნებოდა რაღაც საუბარი, გარჩევა, ჩოჩქოლი და ასეთ შემთხვევაში უფრო აქტიურები უნდა იყვნენ მასწავლებლები. თუმცა ხშირად მოსწავლეებსა და მშობლებს ცოტათი შეშინებულიც კი ჰყავთ მასწავლებლები, რომ ეს მოსწავლის უფლებების დარღვევაა და ა.შ. მართალია, მასწავლებელმა უხეშად არ უნდა მიმართოს მოსწავლეს, მაგრამ როდესაც კონფლიქტია, უნდა მივიდეს და მომრიგებლის როლი შეასრულოს.

    რასაკვირველია, ამ მხრივ ზომები უნდა გავამკაცროთ. ჩვენი კომიტეტი სერიოზულად ვფიქრობთ სკოლებში დისციპლინის გამკაცრებაზე. ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში სკოლაში მოულოდნელი ჩხრეკა ტარდება - ვინმეს ხომ არ აქვს დანა, ნარკოტიკი, რაც არ უნდა აღიქმებოდეს პიროვნების შეურაცხყოფად, ეს არის სასკოლო ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი. გარდა ამისა, არის სკოლები, სადაც ალბათ უფრო ხშრად ხდება შელაპარაკება და არაფერი მოხდება, თუ გარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია იქნება. ასევე, ცივი იარაღის ტარება უნდა უტოლდებოდეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას, რაზეც სასჯელია.

    ალბათ სკოლებში უნდა შევიტანოთ კონფლიქტის მოგვარების გზები, ვასწავლოთ ერთმანეთთან კონტაქტი, ურთიერთგაგება. ამის პარალელურად მორალის საკითხები უნდა წამოიწიოს წინ, რომ ანგარიშის გასწორება ცუდი საქციელია და ა.შ. უსაფრთხო სკოლის პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას და ქვეყნები ცდილობენ ამის გადაჭრას. შესაბამისად, ეს პრობლემა ჩვენც უნდა გავისიგრძეგანოთ და ყველა რესურსი ჩავრთოთ, რომ მსგავსი შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ. საერთო ჯამში, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ მოხდეს.

    "მ.კ.": ამ მხრივ პარლამენტში მუშაობა იგეგმება?

    გ.მ.: ჯერჯერობით ჩვენ ალბათ უნდა შევხვდეთ დარგის სპეციალისტებს, მშობლებს, ფსიქოლოგებს და გავაანალიზოთ, რა პრობლემების წინაშე ვართ დღეს. მსოფლიოში უსაფრთხო სკოლის შესახებ მთელი მოძღვრება არსებობს. აქაც ვცდილობთ ამის გამოყენებას, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში რა ჯობია და როგორ, ძალიან კარგად უნდა გავიაზროთ.

    "მ.კ.": სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებები გრძელდება, კიდევ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ?

    გ.მ.: სტრუქტურული ცვლილებები კარგი რამეა. ბევრი მათგანი საჭირო და ახსნადი იყო, მაგრამ პარლამენტში არის ადამიანთა ნაწილი, მათ შორის მეც, ვინც მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებამ, შესაძლოა, შეამციროს გარემოსდაცვითი კონტროლი. ამიტომ კიდევ მიდის მოლაპარაკება და ვნახოთ, ეს საკითხი როგორ გადაწყდება.

    "მ.კ.": თუკი შეთანხმება ვერ მოხდა, პარტიის შიგნით უკმაყოფილება რამდენად დიდი იქნება?

    გ.მ.: ეს არ არის უკმაყოფილება, ეს ხედვაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს თავისი კონცეფცია იმისთვის, რომ მართოს. განსხვავებული აზრი არ ნიშნავს უკმაყოფილებას. ყველა ვცდილობთ, რაც ქვეყნისთვის უკეთესია, არგუმენტირებულად დავასაბუთოთ. ვნახოთ, რა არგუმენტები იქნება წარმოდგენილი და ამის მიხედვით გადაწყდება საკითხი.

    "მ.კ.": ისნის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით როგორია თქვენი ვერსია, ჩატაევი როგორ და რა მიზნით შემოვიდა საქართველოში?

    გ.მ.: არ მგონია, რომ საქართველო ტერორიზმის ობიექტია და ისინი აქ რამეს აპირებდნენ. ალბათ უფრო გარკვეული დროის განმავლობაში თავის შეფარება უნდოდათ, როგორც იტყვიან, გამოზამთრება. ალბათ საკუთარ საქმეებს აქედან უფრო ადვილად აკეთებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში, არ მგონია, რომ აქ ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ.

    "მ.კ.": ის, რომ ჩატაევი საქართველოში შემოვიდა, აქედან რაიმეს გეგმავდა, ან მხოლოდ იზამთრებდა და მას ამის საშუალება მიეცა, ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახურები სათანადოდ ვერ მუშაობენ?

    გ.მ.: ეს არ ვიცი. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა და როგორ მოხდა. საქართველოში კი არა, უფრო დაცული საზღვრების მქონე ქვეყნებშიც კი ახერხებენ შესვლას. ჩვენ თუნდაც რუსეთთან საზღვარი არ გვაქვს სათანადოდ დადგენილი და დაცული, თუმცა არ მიყვარს მარჩიელობა და ვფიქრობ, რომ სათანადო ორგანოები დაადგენენ ყველაფერს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ტატოო   (04.12.2017)
    კი მაგრამ მანდატურის ინსტიტუტი რომ მოშალეთ მაშინ არ გახსოვდათთ და ახლა გაგახსენდათთთ...


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter