სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    04.12.2017

     ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი პანკისის ხეობის სახელით ხელისუფლებას მიმართავს, 22 ნოემბერს სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირების ცხედრები, რომელთა შორის ახმედ ჩატაევიცაა, პანკისში მცხოვრებ ქისტებს გადაეცეთ, რათა მათი დაკრძალვა ჩეჩნური წესით მოხდეს. მისი თქმით, ეს ჯგუფი საქართველოში ცუდი მიზნით არ შემოსულა, ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელად გამოიყენეს საქართველო სატრანზიტო გზად, თუმცა ერთ-ერთი მათგანის ავადმყოფობის გამო შეყოვნდნენ.

    "მთელი კვირა": თქვენ ხელისუფლებას მიმართავთ, ცხედრები პანკისში ჩეჩნური წესით დაიკრძალოს. რაიმე გამოხმაურება თუ მოჰყვა ამ თხოვნას?

    მექა ხანგოშვილი: ეს იყო ჩემი თხოვნა. ჩვენთვის ცხედრის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რაც წინა ხელისუფლების დროს ლოპოტას სპეცოპერაციის შემდეგ მოხდა, არ განმეორდება. ეს ჩვენი, ხეობის მცხოვრებლების, თხოვნაა, რომ პატივი სცენ ჩვენს ტრადიციას და შესაძლებლობის ფარგლებში მათი ისლამური წესით დაკრძალვა მოხდეს, რადგან 2012-ში ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ცხედრებს შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც უპატრონოთა სასაფლაოზე ტრაქტორით თხრილი გაავლეს და ისე ჩაყარეს. ამის გახსენებაც კი ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. უბრალოდ, ვთხოვთ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და ცხედრები ისლამური წესით დაიკრძალოს.

    ვფიქრობ, ოფიციალური მიმართვა საჭირო არ არის. უბრალოდ, მინდოდა, ჩვენი ხეობის სურვილი სცოდნოდათ და ამიტომაც ვთქვი.

    "მ.კ.": სოფელ დუისში ცხოვრობენ ახმედ ჩატაევის ცოლი და შვილი. აქ არიან ისინი და სამძიმარს უკვე იღებენ?

    მ.ხ.: არ ვარ პანკისში და არ ვიცი, რა ხდება. არც ის ვიცი, მისი ცოლ-შვილი ახლა დუისში იმყოფებიან თუ არა.

    "მ.კ.": სპეცოპერაციის შემდეგ რა ხდება პანკისში, რა განწყობაა ხეობაში?

    მ.ხ.: ჩემს განწყობაზე შემიძლია ვისაუბრო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინმე ჩვენი მოქალაქე, პანკისელი ქისტი არ ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ, დარწმუნებული ვარ, არც ერთი პანკისელი, რომც შემოსულიყო საქართველოში, ცუდი მიზნით არ შემოვიდოდა, მაინც ძალიან რთული იქნებოდა ჩვენთვის, ვინმე ჩვენიანის გვარი ეთქვათ. ამ ტრაგედიის დროს ორცეცხლშუა ვიყავით და კარგია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ.

    ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ტერაქტის დაგეგმვა გამორიცხულია, ისინი გამოსაზამთრებლად იყვნენ. მათ შემოსვლას წინ უძღოდა ახმედ უმაროვის განცხადება, რომელიც მსოფლიოს ყველა ჩეჩენ მებრძოლს მოუწოდებდა, ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნებულიყვნენ და, ჩემი ვარაუდით, ამის გამო შემოვიდა ეს ჯგუფი საქართველოში.

    "მ.კ": "კავკასიის იმარატის" აღდგენა უნდა მომხდარიყო და მათ უნდა შეერთებოდნენ?

    მ.ხ.: რამდენადაა აღდგენის მცდელობა, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ უნდა შეერთებოდნენ.

    "მ.კ.": ეს თქვენი სურვილია, რომ ამ მიზნით ყოფილიყო ეს ჯგუფი თბილისში და არა ტერორისტული გეგმით, თუ რაიმე ინფორმაციის საფუძველზე ამბობთ ამას?

    მ.ხ.: კი, ნამდვილად სანდო წყაროდან ვიცი, რომ არაფერს გეგმავდნენ და ამ წყაროს გახმაურებას არ ვაპირებ. მანამდეც ვიცოდი, სანამ პარასკევს სუს-ის ბრიფინგი იქნებოდა, რომ ადამ გუმაშვილი იქ არ იყო. ისიც ვიცოდი, რომ უკეთილშობილესი მიზნით იყო ჯგუფი შემოსული და ცოტა ხნით აპირებდნენ დარჩენას. ჯანმრთელობის პრობლემის გამო შეყოვნდნენ და ცოტა ხნით აპირებდნენ დარჩენას. ტრანზიტის მიზნით იყვნენ შემოსული. ელემენტარულად, ხომ ჰქონდათ საშუალება, მძევლები აეყვანათ, ან სხვა რაღაც გაეკეთებინათ.

    "მ.კ.": ამბობთ, რომ ადამ გუმაშვილი სპეცოპერაციისას საქართველოში არ იყო და მოკლული არ არის. რა იცით მასზე?

    მ.ხ.: მაქვს ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის შედეგ, 24-ში ის გამოვიდა თავის ოჯახთან კავშირზე. ის ჩემი ნათესავიც გახლავთ, ჩემ თვალწინ გაზრდილი, საუკეთესო ოჯახის შვილია. მისი მამა საქართველოს ერთ-ერთი დიდი პატრიოტია. ამდენად, წარმოუდგენელიც კია... ეს იდეოლოგია ისეთი ძლიერია, რომ მოხდა ამ ახალგაზრდების მოწამვლა, მაგრამ ფაქტია, რომ ის საქართველოში არ შემოსულა.

    "მ.კ.": თქვენი აზრით, როგორ შემოვიდა ჩატაევი საზღვარზე? არის ვერსია, რომ სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა შემოაპარეს და ეს თქვენთვის დამაჯერებელია?

    დასასრული

    მ.ხ.: არა, გამორიცხულია. ესეც დანამდვილებით ვიცი, რომ ლეგალურად არ შემოსულან.

    "მ.კ.": ამბობთ, კარგია, რომ ამ სპეცოპერაციაში პანკისელი არაა გარეული, თუმცა სპეცოპერაცია პანკისს მაინც დაუკავშირდა. საუბარია, რომ ბინა პანკისელისაა და ამ ბინით სამართალდამცველები ადრეც დაინტერესებულან.

    მ.ხ.: სიმართლე გითხრათ, პირველად გავიგე, რომ ამ ბინის ირგვლივ ასეთი აურზაური ყოფილა. მე ვიცი, რომ ამ ბინაში ცხოვრობდა ძალიან განათლებული, კარგი ოჯახი, მერაბ ცათიაშვილი თავისი ოჯახით (ცათიაშვილი თარხან ბათირაშვილის ბიძაშვილია, ასევე ტერორიზმის მუხლით მსჯავრდებული აიუფ ბორჩაშვილის ახლო მეგობარიც. რედ.). რაც ბინის პატრონი თინა გაურგაშვილი საქართველოდან ავსტრიაში წავიდა, მას შემდეგ ვიცოდი, რომ ქირავდებოდა. ახლა გავიგე, რომ სხვა დროსაც ყოფილა ბინის ჩხრეკა. მიუხედავად იმისა, რომ მეც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ვცხოვრობ, ოღონდ სხვა ნომერში, არასდროს გამიგია ამ ბინაზე საეჭვო რამ.

    "მ.კ.": ჩატაევის გარდა, ის ორი მოკლულიც, შესაძლოა, პანკისთან რაიმე ფორმით იყვნენ დაკავშირებულები?

    მ.ხ.: არა.

    "მ.კ.": რა იცით დაპატიმრებულ საედ დუდაევზე?

    მ.ხ.: მასზე არაფერი ვიცი. ამ ჯგუფს არანაირი კავშირი პანკისთან არ აქვს გარდა იმისა, რომ ჩატაევის მეუღლეა პანკისიდან.

    "მ.კ.": ჩატაევის მეუღლეზე რა იცით, ერთი თვის წინ იყოს იგი პანკისში?

    მ.ხ.: არ ვიცი. ადრე მიკავშირდებოდა. როგორც ყველა ქისტს, საზღვარზე პრობლემა ჰქონდა. 2 წლის წინ დამიკავშირდა, არ უშვებდნენ და დახმარება მთხოვა. ამბობდა, რომ მამა ჰყავდა ძალიან მძიმედ თურქეთში. მაშინ შს სამინისტროსთვის სარჩელი დავუწერე. რადგან შემდეგ არ შემეხმიანა, ალბათ მაშინ გაუშვეს. შემდეგ ურთიერთობა არ მქონია.

    "მ.კ.": ახლა რა ხდება პანკისში, ახალგაზრდები ისევ მიდიან სირიაში საომრად?

    მ.ხ.: საბედნიეროდ, ბოლო 1 წელია, ასეთი ფაქტი არ მომხდარა და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი საერთოდ შეწყდება.

    "მ.კ.": დაბრუნება რამდენად ხდება?

    მ.ხ.: სამწუხაროდ, არა. ჩვენთან ახალი კანონია. გახსოვთ ალბათ, 2015 წელს დაჭრილი დავით ბორჩაშვილი დაბრუნდა და დააკავეს. ის სირიაშია ნამყოფი და ვინც საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა, ჩვენს ქვეყანაში ვერ დაბრუნდება, კანონი მათ მაშინვე დააკავებს.

    "მ.კ.": ამ სპეცოპერაციის შემდეგ არსებობს ალბათობა, რომ კიდევ შემოვიდნენ მსგავსი ჯგუფები?

    მ.ხ.: რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება. ნებისმიერ დროს მოსალოდნელია პროვოკაცია. მშვიდად არსად არ ვართ და დღეს ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არ არის დაცული. ვფიქრობ, რომ რუსული სპეცსამსახურებიდან პროვოკაციების მცდელობა იქნება, თუმცა თავად ჩეჩენი ხალხისგან მსგავსი არაფერია მოსალოდნელი.

    "მ.კ.": თუმცა თავად აღნიშნეთ, რომ საქართველოში სატრანზიტოდ შემოვიდნენ, ჩრდილო კავკასიაში გადასასვლელად და ხომ შესაძლებელია, სატრანზიტოდ სხვა ჯგუფებმაც გამოიყენონ საქართველო?

    მ.ხ.: არ ვიცი, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ, არ მგონია, ვინმემ საქართველო სატრანზიტოდ გამოიყენოს.

    "მ.კ.": არსებობს საფრთხე, რომ შურისძიების მიზნით მომავალში რაიმე მოხდეს?

    მ.ხ.: არა. ლაფანყურის დროს უფრო მეტად შეეძლოთ, მაშინ ღალატით ჩახოცეს და შურისძიებაზე საუბარიც იყო. ახლა ღალატით არავინ ჩაუხოცავთ. ამდენად, ამაზე საუბარი არც გამიგია. მაშინაც შურისძიება რომ ყოფილიყო, იქნებოდა კონკრეტული პიროვნების მიმართ, ვინც ღალატი ჩაიდინა, უდანაშაულო ხალხი და ქვეყანა - გამორიცხულია.

    "რ": რამდენი იქნება პანკისიდან დღეს სირიაში წასული?

    მ.ხ.: ზუსტი რიცხვი ძნელი სათქმელია, ათეულობით. სადაც ოფიციალურად 24 გარდაცვლილია, შეიძლება 100-მდეც იყოს წასული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter