სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    04.12.2017

     "ჩვენს სამართალდამცავეს ევალებათ, რომ გამოძიება მაღალ დონეზე ჩატარდეს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დადგინდეს, როგორ შემოვიდნენ ეს ადამიანები საქართველოში, ჰყავდათ თუ არა დამხმარე პირები, ვინ იყვნენ ისინი, თუ ჰყავდათ და როგორი იყო მათი გეგმები", - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "მთელი კვირა" თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით ესაუბრა.

    "მთელი კვირა": სუს-ის ოფიციალური განცხადებით, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია. მთავარ კითხვად რჩება, როგორ შემოვიდა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ჩეჩნური ფრთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა საქართველოში.

    პეტრე მამრაძე: ალბათ ამ კითხვაზე პასუხი ლაფანყურის ოპერაციიდან უნდა დავიწყოთ, რადგან ჩატაევი მაშინ გამოჩნდა. როგორც გაირკვა, ის თანამშრომლობდა სააკაშვილის სპეცსამსახურებთან, ხელფასსაც იღებდა, მოლაპარაკებაშიც მონაწილეობდა, შემდეგ კი დააკავეს. "ოცნების" დროს კი სასამართლომ დარბაზიდან გაუშვა და გადახდილი გირაოც კი დაუბრუნა.

    შემდეგ კი "ოცნების" მთავრობამ, პრაქტიკულად, უარი თქვა ლაფანყურის სისხლიანი დანაშაულის გამოძიებაზე - საქართველოს იმიჯისთვის ცუდიაო, ანუ საქართველო გაუტოლეს სააკაშვილს, მერაბიშვილს და სხვებს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ სისხლიან დანაშაულში. "ოცნებამ" დანაშაული ჩაიდინა, რადგან არ ჰქონდა უფლება, არ გამოეძიებინა ეს დანაშაული, დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია. ახლა ვიმკით ამის შედეგს.

    "მ.კ.": თავად ჩატარებული ოპერაციაც გარკვეულ კითხვებს ბედებსო, ამბობენ თქვენი კოლეგები.

    პ.მ.: ამ სიურეალისტურმა ოპერაციამ, ასე უწოდეს მას ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა, მართლაც კითხვები გააჩინა. პირველი, როგორ შემოვიდა ადამიანი, რომლის სახესაც კარგად იცნობდნენ არა მარტო საქართველოს სპეცსამსახურის თანამშრომლები, არამედ ჩვენი ბევრი მოქალაქე - ჩატაევს ხომ სასამართლო პროცესების დროს ტელევიზიით ხშირად აჩვენებდნენ. შემოიყვანა ვინმე გავლენიანმა ის და მისი ჯგუფის წევრები, თუ მართლა არალეგალურად თავად გადმოკვეთეს საზღვარი, მაშინ კონკრეტულად როგორ? როგორ შემოიტანეს ამდენი იარაღი ბინაში და რას აპირებდნენ.

    პირადად მე ვფიქრობ, რომ ან ჩაწოლა უნდოდათ ფსკერზე, საქართველოს დედაქალაქში ეგულებოდათ უსაფრთხო, სანდო ადგილი, ან უნდოდათ, საქართველო და თბილისი ტრანზიტად გამოეყენებინათ, რომ ხელსაყრელი მომენტის დადგომის შემდეგ ჩეჩნეთში გადასულიყვნენ. არ მგონია, რომ აქ ტერაქტს ამზადებდნენ, თუმცა დანამდვილებით და დასაბუთებით ვერაფერს ვიტყვი.

    რაც შეეხება ოპერაციას, აშკარაა, ჩატაევსა და სხვებს დანებება და ჩაბარება სამართალდამცავებისადმი ისე შესთავაზეს, საერთოდ მზად არ იყვნენ იმისთვის, რომ ამის პასუხად ისინი სროლას და ყუმბარების ტყორცნას დაიწყებდნენ. ამის შემდეგ 20-22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ნამდვილი ბრძოლა. არადა, შტურმი რომ წინასწარ მოემზადებინათ, ყველაფერი წუთებში დასრულდებოდა და, დიდი ალბათობით, მსხვერპლი არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან. ასე დარწმუნებით არ ვისაუბრებდი, მაგრამ ველაპარაკე ორ პროფესიონალს, ორივე ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდამჭერია და ორივე ხელებს ასავსავებდა, მმართველ რგოლში ყველა გასაყრელიაო. მითხრეს, უბრალოდ, ხალხი და ტექნიკა მიაყარეს, ყოველგვარი გეგმის გარეშეო.

    ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების წინაშე, განსაკუთრებით მის წინაშე, ვინც დაიღუპა. იმას მაინც მიაღწიეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობიდან არავინ დაშავებულა, მაგრამ მმართველი რგოლის ყბადაღებული შეცდომები აშკარაა. ისიც ანეკდოტად დარჩება, მთავრობის წარმომადგენელი რომ აცხადებდა დამნაშავეების ლიკვიდაციის შემდეგ - არის ეჭვი, რომ მათ შორის ჩატაევიაო.

    "მ.კ.": ხელისუფლების განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მსგავსი შემთხვევა საქართველოში აღარ განმეორდეს და ჩვენი უსაფრთხოება დაცული იყოს.

    პ.მ.: საფრთხე ნათელია და დადასტურდა ჩვენი დაუცველობა იმით, რომ დედაქალაქში, მჭიდროდ დასახლებულ რაიონში, აღმოჩნდა ასეთი ჯგუფი, ასეთი შეიარაღებით. მეორე ფაქტი ის არის, რომ მთელ მსოფლიოში, ევროპაშიც, ამერიკაშიც, ექსპერტები აცხადებენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები აღმოჩნდნენ ცუდი ჯარისკაცები და დამარცხდნენ, მაგრამ სამაგიეროდ არიან ძლიერი ტერორისტები და ახლა რევანშის აღებას მოინდომებენ ევროპაში, ამერიკასა და სხვაგან ტერაქტების გახშირებით, აფეთქებით, ავტომატური იარაღით ჩაცხრილვით, მანქანების საშუალებით ხალხის ჭყლეტით და ა.შ. ამიტომ ყველა ამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს.

    რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებასაც ევალება ეს და ამ პროცესში მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ჩვენს დასავლელ პარნიორებთან. პირველ რიგში კი, ეს საქმე უნდა გამოიძიონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს, როგორ შემოვიდნენ, ჰყავდათ თუ არა დამხმარე პირები და ვინ იყვნენ ისინი, თუ ჰყადათ, როგორი იყო მათი გეგმები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter