სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    კიდევ ერთი დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა
    გვანცა ღვედაშვილი
    02.12.2017

     სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა. გუშინ ექიმები მთელი დღის განმავლობაში მის გადასარჩენად იბრძოდნენ. მეორე ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა დასტაბილურდა. გუშინ, გვიან საღამოს მონაცემებით, 16 წლის მოზარდი რეანიმაციაში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენდირექტორმა განაცხადა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. გუშინვე დაიკითხა რამდენიმე ადამიანი. დაკავების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

    არაოფიციალური ინფორმაციით, ერთმანეთს 51-ე და 53-ე სკოლის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ, ჩხუბი კი გოგოს გამო მოხდა, თუმცა 53-ე სკოლაში ამას უარყოფენ.

    როგორც ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლების ნაწილი აცხადებს, ჩხუბში დაახლოებით 15-მდე ბავშვი მონაწილეობდა და მათი ნაწილი, სავარაუდოდ, 51-ე სკოლის მოსწავლეებია.

    ინციდენტის თვითმხილველის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი დაჭრილი, სავარაუდოდ, ადგილობრივია და სწორედ ხორავას ქუჩაზე ცხოვრობს.

    "გარჩევა იყო, ხმაურზე მეზობლებმა გამოვიხედეთ და დავინახეთ, რომ ბევრი ბავშვი იყო შეკრებილი. დავიწყეთ შეძახილები, რომ გაგვეშველებინა, თუმცა უცბად ატყდა ჩოჩქოლი, ჩავედით და დავინახეთ, რომ ბავშვი იყო სისხლიანი. ორი დაჭრილია და მესამეს, როგორც ვიცი, თავი აქვს გატეხილი," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვაჩეიშვილმა.

    ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით კი, მოზარდებმა ერთმანეთი ცივი იარაღით, დანით დაჭრეს.

    "ბავშვებმა იჩხუბეს და დანებით დაჭრეს ერთმანეთი. ბევრი ბავშვი იყო, დაახლოებით 10-15. ორია დაჭრილი. მესამეს თავი ჰქონდა გატეხილი, გარბოდა და ვინ წაიყვანა, არ ვიცი," - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის საქმეზე ნათქვამია: "ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში მიმდინარე წლის 1 დეკემბერს 14:10 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა.

    "მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა," - ნათქვამია განცხადებაში.

    მეორე მოსწავლის ჯანმრთლეობის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გაავრცელა, რომლის თქმითაც, ხორავას ქუჩიდან მიყვანილ მოზარდს სადისტური დაზიანებები აქვს მიყენებული. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს მიყენებული ჰქონდა 14 ჭრილობა.

    "პაციენტი არის 16 წლის. ის შემოვიდა კლინიკაში სადისტური დაზიანებებით გულ-მკერდის და მუცლის არეში. დაზიანებულია მაგისტრალური გულსისხლძარღვები, ბარძაყის არტერია, ვენა - პრაქტიკულად ნული წნევით შევიყვანეთ საოპერაციოში, დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ახლა აღდგენილია.

    "მიმდინარეობს მთელი სამედიცინო პერსონალის ბრძოლა ამ ბავშვის გადასარჩენად. ბოლო მონაცემებით, მინდა გითხრათ, რომ სტაბილიზაციას მივაღწიეთ. წნევა წამოვიდა და იმედი გაგვიჩნდა, რომ გადარჩება. ახლა ძალიან დიდია შანსი, რომ გადარჩეს. სასიცოცხლო მაჩვენებლები სწორდება. ბრძოლაშია ჩართული ყველა განყოფილება, მთელი ქირურგიული ჯგუფი, საოპერაციო უნდა ნახოთ. ჭრილობა არის ბლაგვი საგნით მიყენებული," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ავთანდილ იმედაძემ.

    მომხდარ ტრაგედიას განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ეხმაურება. მისი თქმით, ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში მათი ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს.

    "მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გულის სიღრმემდე შემძრა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. უპირველეს ყოვლისა, ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს. ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ და იმედი გვაქვს, მოხერხდება მძიმედ დაჭრილი მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას. ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს. მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად," - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter