სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    02.12.2017

     "ამ ცვლილებებით ხელისუფლებამ ოპტიმალური გადაწყვეტილება ვერ შემოგვთავაზა, იქნება თუ არა საბოლოოდ ეკონომია ბიუჯეტისთვის და შემცირდება თუ არა რეალურად აპარატი," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

    "რეზონანსი": მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურული ცვლილებები ხელისუფლებაში უკვე დაიწყო, ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ ამით არაფერი არ შეიცვლება და არც ბიუჯეტს მიემატება რამე. თქვენც ასე ფიქრობთ?

    პეტრე მამრაძე: აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მისი საქმიანობის შესახებ კანონის შეცვლას მოვითხოვდი ჯერ კიდევ 2012 წლის შემოდგომიდან, როცა "ოცნებამ" გამარჯვება მოიპოვა. მაშინ ვამბობდი, რომ 20 მინისტრი საქართველოსთვის იყო ანეკდოტურად დიდი რიცხვი; რომ 12-13 მინისტრი საკმარისი იქნებოდა. გავიდა 5 წელი და ხელისუფლებას თითი თითზე არ დაუკარებია ამ საკითხთან დაკავშირებით. ახლა კი გამოაცხადეს, რომ 13 მინისტრი გვეყოლება და ერთი პრემიერი.

    რა თქმა უნდა, მისასალმებელი უნდა იყოს, მაგრამ იქვე გამოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მომზადებული არ ჰქონიათ და წარმოდგენილი სტრუქტურა ნამდვილად არ არის ოპტიმალური. მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება და მისი ფუნქციების ნაწილის გადაცემა სოფლის მეურნეობის, ნაწილის კი ეკონომიკის სამინისტროსთვის იგივეა, რაც მგელს ცხვრის ფარა ჩააბარო. სამაგიეროდ, დატოვეს ლტოლვილებისა და განსახლების სამინისტრო, რომლის რეალური ფუნქციები ორგანულად შედის სხვა სამინისტროებში. ასევე, დატოვეს სასჯელაღსრულების სამინისტრო, რაც საერთოდ ნონსენსია და არსად მსოფლიოში არ არსებობს სამინისტროს სახით. აქ პიროვნებაზე საუბარი არ არის, სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი მაღალი რანგის პროფესიონალია და მას შეუძლია, იყოს მინისტრიც და მთავარი პროკურორიც. ნამდვილად გასაუქმებელი იყო სახელმწიფო მინისტრის პოსტი ინტეგრაციის საკითხებში, აქაც პიროვნებას არ ეხება და ქალბატონ ციხელაშვილს ნამდვილად შეუძლია, სხვა სტატუსით იღვაწოს.

    მთავარი პრობლემა, რომელიც უკვე გამოჩნდა, არის ის, რომ ხელისუფლებამ ოპტიმალური გადაწყვეტილება ვერ შემოგვთავაზა ამ ცვლილებებით, რაც მრავალ კითხვას აჩენს, იქნება კი საბოლოოდ ეკონომია ბიუჯეტისთვის, ამ მხრივ არავითარი ციფრი არ არის წარმოდგენილი, და შემცირდება კი რეალურად აპარატი? საქართველოში არაერთხელ ყოფილა, რომ მთავრობა როგორც კი გამოაცხადებდა შემცირებას, ამას მოჰყვებოდა ბიუროკრატიის ზრდა. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ახლაც ასე იქნება.

    "რ": "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილების პროექტით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეებს მოვალეობის შესასრულებლად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში ან სხვადასხვა დაწესებულებაში შეიძლება ეკავოთ თანამდებობა. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ამით ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის დაკანონება ხდება.

    პ.მ: ეს კანონი შესადარებელია იმ კანონმდებლობასთან, რაც არსებობს ევროგაერთიანებისა და ნატოს წევრ ქვეყნებში, ვინაიდან რაც დაიწერა, ძალიან გვაგონებს საბჭოურ დროს, იმ განსხვავებით, რომ მაშინ ღიად ამაზე არც ლაპარაკობდნენ და არც წერდნენ. ვისურვებდი, რომ ამ სფეროში, ვგულისხმობ ე.წ. ოდეერების ყბადაღებულ ინსტიტუტს, სიტყვით და საქმით ევროპული სტანდარტები დამყარდეს.

    "რ": საქართველოს უკვე ახალი სახალხო დამცველი ჰყავს, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

    პ.მ: უჩა ნანუაშვილი ნამდვილად დამოუკიდებელი იყო მმართველი ჯგუფისაგან და არაერთხელ წარმოადგინა მასალები, რომლებმაც დიდად გააღიზიანა მმართველი დაჯგუფება, ბოლოს პოლიტიზებასაც კი აბრალებდნენ. მაგრამ ვფიქრობ, რომ შეიძლებოდა, იგი უფრო კატეგორიულიც ყოფილიყო ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარებიდან გამომდინარე. კარგი იქნება, თუ ახალი სახალხო დამცველი არ შეუშინდება ხელისუფლების კრიტიკას. იქნება ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და პირნათლად შეასრულებს თავის მოვალეობას. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, გადადის რა მაღალ თანამდებობაზე, მაშინვე მმართველი დაჯგუფების მორჩილი შემსრულებელი ხდება. ვისურვებდი, ასე არ მოხდეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter